Facebook Twitter

¹ ას-665-626-2011 16 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ჯ. გ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. გ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ჯ. გ-შვილის მიმართ 6 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 25 მარტს გ. გ-შვილმა მოპასუხის მამას _ ე. გ-შვილს გადასცა 6 000 აშშ დოლარი ამ უკანასკნელის კუთვნილი, ქ.თბილისში, ... ... მე-7 ქუჩის მეორე ჩიხში მდებარე ¹31ა სახლის შესაძენად. ნასყიდობის გარიგების დადების შემდგომ გაირკვა, რომ საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული, თავის დროზე იგი არც ტექბიუროში ყოფილა აღრიცხული. 2006 წლის 24 მაისს ე. გ-შვილი გარდაიცვალა. მხარეთა შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა ე. გ-შვილის ხელწერილზე, რომლის სინამდვილესაც ასაბუთებდა მოწმეთა ხელწერილებით. ჯ. გ-შვილი ე. გ-შვილის პირველი რიგის მემკვიდრეა, შესაბამისად, სადავო თანხის გადახდა მას უნდა დაეკისროს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით გ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ჯ. გ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

2006 წლის 25 მარტის ხელწერილის თანახმად, ე. გ-შვილმა მისი კუთვნილი უძრავი ქონება მიჰყიდა გ. გ-შვილს 6000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხა მიიღო ხელზე, სახლი და მიწის ნაკვეთი გადავიდა მის საკუთრებაში. ხელწერილს ხელს აწერენ გ. გ-შვილი და ე. გ-შვილი. მის ნამდვილობას ადასტურებენ მოწმეები. ამდენად, საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის გარიგების საფუძველზე გ. გ-შვილმა ე. გ-შვილს გადაუხადა 6000 აშშ დოლარი.

ე. გ-შვილი გარდაიცვალა 2006 წლის 24 მაისს და მას დარჩა პირველი რიგის ორი მემკვიდრე _ შვილები, ჯ. და ა. გ-შვილები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე წერილობითი შესაგებლით ადასტურებდა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებას აგრძელებდა ქ.თბილისში, ... ... მე-7 ქუჩის მე-2 ჩიხის ¹31ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს და ჩათვალა, რომ საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას სწორად იქნა გამოყენებული და განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 183-ე, 59-ე, 976-ე, 453-ე, 1336-ე და 1328-ე მუხლები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია გ. გ-შვილს და ე. გ-შვილს (ჯ. გ-შვლის მამას) შორის ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულების დადება ქ.თბილისში, ...... მე-7 ქუჩის მე-2 ჩიხში მდებარე ¹31ª სახლზე. უძრავი ნივთის შეძენის მიზნით გ. გ-შვილმა გადაიხადა 6 000 აშშ დოლარი. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, მაგრამ მასზე (როგორც დაუკანონებელ უძრავ ნივთზე) არსებული უფლება, რაც გააჩნდა ე. გ-შვილს, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, მემკვიდრეობით მიიღო გარდაცვლილი ე. გ-შვილის შვილმა _ ჯ. გ-შვილმა. ამასთან, სააპელაციო სასამართლო საქმის სხვა გარემოებებთან ერთად ითვალისწინებს მოპასუხის შესაგებელს, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ მშობლების გარდაცვალებამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე სახლში, თუმცა ხშირად დადიოდა და მათთან ერთად განკარგავდა ამ ქონებას. მათი გარდაცვალების შემდეგ კი მუდმივად ცხოვრობს აღნიშნულ სახლში და განკარგავს მშობლების დანატოვარ ქონებას.

სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ე. გ-შვილის შესაგებელი, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა განქორწინების საქმეზე. ე. გ-შვილი აღნიშნავს, რომ მითითებულ მისამართზე მდებარე ბინა მან იყიდა. აგრეთვე აღსანიშნავია ამ მისამართზე მდებარე სახლში ჯ. გ-შვილის რეგიტრაცია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯ. გ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჯ. გ-შვილს მამის სამკვიდროდან რაიმე აქტივი არ მიუღია. ასეთს ვერც მიიღებდა, რადგან მამკვიდრებელს რაიმე მოძრავი ან უძრავი ქონება არ გააჩნდა, ხოლო სახლი, სადაც ის ცხოვრობდა, შეიძინა თავად კასატორმა. აღნიშნულ ფაქტს მოწინააღმდეგე მხარეც ადასტურებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ივნისის განჩინებით ჯ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ჯ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ჯ. გ-შვილს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 23 მაისს გადახდილი 503,19 ლარის 70% _ 352,23 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ჯ. გ-შვილის (პირადი...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 352,23 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.