ას-669-627-2010 10 სექტემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. მ-ძე, ჯ. ქ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ-ა, გ. გ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ საზოგადოების კრების ოქმისა და სანოტარო აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. კ-ძემ, ნ. მ-ძემ და ჯ. ქ-იამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს კოოპერატივების ცენტრალური კავშირის – ეროვნული ალიანსი “ც-ის” სააქციო საზოგადოება “თ-ის” მიმართ აქციონერთა 2005 წლის 8 ივლისის რიგგარეშე საერთო კრების ოქმისა და ქ.თბილისის ნოტარიუს გ. გ-შვილის 2005 წლის 8 ივლისის სანოტარო აქტი ¹2022-ის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ქ-იას, ე. კ-ძისა და ნ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კოოპერატივების ცენტრალური კავშირის – ეროვნული ალიანსი “ც-ის” სააქციო საზოგადოება “თ-ის” აქციონერთა 2005 წლის 8 ივლისის რიგგარეშე საერთო კრების ოქმი და ქ. თბილისის ნოტარიუს გ. გ-შვილის 2005 წლის 8 ივლისის სანოტარო აქტი ¹2022.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “თ-ამ”.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სს “თ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ქ-იას, ე. კ-ძის, ნ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-ძემ და ჯ. ქ-იამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინებით ნ. მ-ძისა და ჯ. ქ-ია საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის _ 30 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კასატორ ჯ. ქ-იას ჩაბარდა 2010 წლის 27 ივლისს, ხოლო ნ.მ-ძისათვის გაგზავნილი შეტყობინებების პასუხად სასამართლოს ეცნობა, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.მ-ძისა და ჯ.ქ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული მუხლიდან გამომდინარეობს, რომ მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, ნ. მ-ძისა და ჯ. ქ-იას საკასაციო საჩივარს 2010 წლის 20 ივლისის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, მის ავტორებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაიგზავნა და ჩაბარდა კასატორ ჯ.ქ-იას მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე 2010 წლის 27 ივლისს (იხ. ტ.III, ს.ფ.196), ხოლო ნ. მ-ძისათვის ორჯერ გაგზავნილი შეტყობინებების პასუხად საკასაციო სასამართლოს ორჯერვე ეცნობა, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს (იხ. თ.III, ს.ფ.198-207).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 28 ივლისს და საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა ამოიწურა ამავე წლის 30 ივლისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
რაც შეეხება ნ. მ-ძის საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აღნიშნულ ნაწილშიც განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კასატორისათვის შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ადრესატს არ ჩაბარდა, თუმცა გაიგზავნა ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. 73-ე მუხლის 11 ნაწილი ადგენს სასამართლოს ვალდებულებას განმეორებით გაუგზავნოს ადრესატს შეტყობინება იმავე ან სხვა მისამართზე თუ პირველად გაგზავნილი შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება. დასახელებული კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი თუ მოსარჩელის (კასატორის) მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება ნ.მ-ძეს გაეგზავნა ორჯერ მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე _ ქ.თბილისი, ... ქ¹8, ბინა 57. სასამართლოსათვის დაბრუნებული შეტყობინებით კი დასტურდება, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კასატორი თავადვეა ვალდებული სასამართლოს აცნობოს როგორც თავისი, ისე მოწინააღმდეგე მხარის სწორი მისამართი, ასევე საქმის წარმოებისას მისამართის შეცლის შემთხვევაში, დროულად შეატყობინოს სასამართლო აღნიშნულის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონმდებელი სანქციის სახით ითვალისწინებს სამართალწარმოების მხარისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარებულად მიჩნევისა თუ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორ ნ.მ-ძეს მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე სასამართლო შეტყობინება ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ ადრესატი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ.მ-ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. მ-ძისა და ჯ. ქ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.