Facebook Twitter

ას-670-628-2010 14 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პ. ქათამაძე

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “გამომცემლობა პალიტრა-L-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღიარებულ იქნა მოსარჩელის საავტორო უფლება კრებულზე - “ათამდე დათვლა, ფერები და ფიგურები.” მოპასუხე შპს “გ-ს” აეკრძალა ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არღვევს მოსარჩელის საავტორო უფლებას ანუ ზემომითითებული კრებულის ეგზემპლარების შემდგომი დამზადება და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა, მათ შორის ინტერნეტში და სხვა ციფრულ ქსელებში მისი განთავსება. მოსარჩელეს გადაეცა მოპასუხის მიერ კრებულის რეალიზაციით მირებული შემოსავალი სულ 4157,2 ლარი, ასევე მოსარჩელეს გადაეცა მოპასუხის საწყობში არსებული საბავშვო კრებულის “ათამდე დათვლა, ფერები და ფიგურები” 127 ეგზემპლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “გ-მა” და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “გ-მა” და მოითხოვა მისი გაუქმება.

სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი შპს “გ-ს” ჩაბარდა მის მიერ მითითებულ მისამართზე 2010 წლის 8 მაისს (ტომი 2, ს.ფ. 77), ხოლო საკასაციო საჩივარი კი კასატორმა შეიტანა 2010 წლის 10 ივნისს (ტომი 2, ს.ფ. 85), ე.ი. გასაჩივრების ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “გ-ის” საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “გ-ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.