Facebook Twitter

¹ ას-670-631-2011 16 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ რ. ს-ვის წარმომადგენელი ტ. ს-ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. ს-ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფ. ს-ვმა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ს-ვას მიმართ საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმებისა და აღნიშნულის შედეგად მიღებული თანხის განაწილების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საზიარო უფლება ქ.თბილისში, ... II კვარტლის მე-19 კორპუსში მდებარე ¹29 ბინაზე (საკადასტრო კოდი ...), დადგინდა ბინის აუქციონზე იძულებითი რეალიზაცია და ამონაგები თანხა მოსარჩელე ფ. ს-ვსა და მოპასუხე რ. ს-ვს შორის განაწილება საზიარო საგანზე მათი კუთვნილი წილების, თითოეულისათვის 1/2-ის გათვალისწინებით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ს-ვმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინებით რ. ს-ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

ქ.თბილისში, ... II კვარტლის მე-19 კორპუსში მდებარე ¹29 ბინა საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ფ. ს-ვისა და რ. ს-ვის სახელზე. აღნიშნულ ბინაში ამჟამად ცხოვრობს მოპასუხე რ. ს-ვი.

მხარეთა საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა მდებარეობს მრავალბინიან სახლში, მისი ფართობია 44.11 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის ორ იზოლირებულ ნაწილად გაყოფა შეუძლებელია.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ სადავო ბინას ჰყავს არა ორი, არამედ ოთხი თანამესაკუთრე, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტს ამავე მისამართზე სხვა მესაკუთრეთა რეგისტრაციის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით არ დაუდასტურებია.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 953-ე, 954-ე, 961-ე მუხლების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ საზიარო უფლების გაუქმებისათვის საკმარისია ერთ-ერთი მოწილის მოთხოვნა. ამდენად, კანონმდებელი იცავს მესაკუთრის კონსტიტუციით გარანტირებულ ინტერესებს და უპირობოდ ანიჭებს მას საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლებას.Mმოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული უფლებით ისარგებლა მოსარჩელემ და სარჩელით მიმართა სასამართლოს. სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელი ადგენს ქონების ნატურით გაყოფისათვის ორ წინაპირობას: ნივთი უნდა დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად მისი ღირებულების შემცირების გარეშე. ნივთის ღირებულებაში იგულისხმება ნივთის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულება, ანუ ნივთმა გაყოფის შემთხვევაში არ უნდა დაკარგოს ის სამომხმარებლო ღირებულება, რაც მას გაყოფამდე გააჩნდა.

პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით ვერ ხერხდება, რადგან მხარეთა საზიარო უფლება ვრცელდება საცხოვრებელი კორპუსის (მრავალბინიანი სახლის) ბინაზე, რომლის ნატურით გაყოფაც ორ ერთგვაროვან ნაწილად მათი ღირებულების შემცირების გარეშე ისე, რომ შენარჩუნებულ იქნეს ნივთის სამეურნეო დანიშნულებაც, შეუძლებელია.

სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ. ს-ვის წარმომადგენელმა ტ. ს-ვმა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა კასატორის არგუმენტი, რომ სადავო უძრავი ნივთის თანამესაკუთრეები არიან არა მხოლოდ რ. და ფ. ს-ვები, არამედ ხ. და ხნ. ს-ვებიც. შესაბამისად, სადავო ბინა უნდა გაიყოს ოთხივე თანამესაკუთრეს შორის.

2011 წლის 9 მარტს დადგინდა ხ. და ხნ. ს-ვების, როგორც დაინტერესებულ პირთა იდენტურობა ორდერში მითითებულ პირებთან, თუმცა აღნიშნული დოკუმენტის სასამართლოსათვის წარდგენა ვერ მოესწრო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით რ. ს-ვის წარმომადგენელ ტ. ს-ვის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა რ. ს-ვის წარმომადგენელ ტ. ს-ვის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ს-ვის წარმომადგენელ ტ. ს-ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.