¹ას-670-975-09 6 იანვარი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. მ-იანი
მოწინააღმდეგე მხარე – ი. შ-ინა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინის ქირის დაკისრება, სამკვიდრო მიღების ვადის გაგრძელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 3 იანვარს ი. მ-იანმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი. შ-ინას მიმართ და მოითხოვა 2004 წლის 8 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა თავისი სამართლებრივი შედეგებით და მოსარჩელისათვის კ. მ-იანის სამკვიდრო უძრავ ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. მ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაონული სასამართლოს 2005 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ი. მ-იანსა და კ. მ-იანს შორის ნათესაური კავშირის შესახებ, კერძოდ, დადგენილ იქნა, რომ ი. მ-იანი არის აწ გარდაცვლილი კ. მ-იანის მეხუთე რიგის მემკვიდრე _ ბიძაშვილის შვილი;
2004 წლის 8 ნოემბერს კ. მ-იანსა და ი. შ-ინას შორის ქართულ ენაზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კ. მ-იანის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹18-ში, შეიძინა ი. შ-ინამ. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 20 000 ლარით.
კ. მ-იანი გარდაიცვალა 2004 წლის 20 ნოემბერს 84 წლის ასაკში დიაგნოზით _ მარცხენა ქვემო კიდურის განგრენა, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა;
2004 წლის 8 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2004 წლის 16 ნოემბერს, თბილისში, ... ქ. ¹18-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ი. შ-ინას სახელზე;
2004 წლის 8 ნოემბერს სანოტარო ბიუროში წარსადგენად გაცემული იქნა ამონაწერი შპს “თ.-ის” ექიმის შ-ძის მიერ, რომლის თანახმად, გაკეთდა დასკვნა, რომ კ. მ-იანი ქმედუნარიანი იყო;
2008 წლის 25 ივნისს საქმეზე სსიპ ლ. ს-აულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, რუსულ ენაზე ხელმოწერა კ. მ-იანის სახელით გრაფაში “სანოტარო აქტის მიმღების ხელმოწერა” შესრულებული იყო კ. მ-იანის მიერ, ხოლო იმის გამო, რომ ქართულ ენაზე ხელმოწერის შედარებითი კვლევა არ ჩატარებულა კ. მ-იანის ხელმოწერის ნიმუშებთან, რადგან ისინი არ შეიცავენ ერთნაირ წერით ნიშნებს საიდენტიფიკაციოდ (ვინაიდან გამოსაკვლევი ხელმოწერები შესრულებული იყო ქართულ ენაზე, ხოლო შედარებითი კვლევისათვის წარმოდგენილი იყო მხოლოდ რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერის ნიმუშები) ექსპერტებმა უარი თქვეს დასკვნის გაცემაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა ერთ შემთხვევაში დაემტკიცებინა ხელშეკრულებაზე კ. მ-იანის ხელმოწერის არარსებობა და მეორე შემთხვევაში გარიგების დადების დროისთვის კ. მ-იანის მიერ რეალური ვითარების სწორად აღქმის უნარის დაკარგვა, ვინაიდან ი. მ-იანი თავის მოთხოვნას ამყარებდა ამ ორ გარემოებაზე.
მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში არსებული მასალების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ ეკუთვნოდა კ. მ-იანს. ხოლო ის გარემოება, რომ კ. მ-იანი ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდებოდა ნოტარიუსთან, არ იძლეოდა ისეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ გარიგება არ იყო დადებული კ. მ-იანის მიერ. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ კ. მ-იანი ყოველთვის წერდა რუსულად და, საუბრობდა რუსულ ენაზე, არ იძლეოდა უტყუარი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მან არ იცოდა ქართული წერა-კითხვა. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ექსპერტიზამაც უარი განაცხადა კვლევაზე და, შესაბამისად, დასკვნის გაცემაზე _ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ქართულად შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნოდა თუ არა კ. მ-იანს, შესაბამისად, არ არსებობდა უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე კ. მ-იანის ხელმოწერის არარსებობა.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება მასზედ, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის კ. მ-იანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო რეალური ვითარების სწორად აღქმა, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები საქმეში არ მოიპოვებოდა.
სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების გაანალიზების შედეგად, დადასტურებულად ვერ ჩათვალა, რომ სადავო ხელშერკულებაზე ხელმოწერა არ ეკუთვნოდა კ. მ-იანს და ასევე ის, რომ 2004 წლის 8 ნოემბერს ხელშეკრულების დადების მომენტისათვის კ. მ-იანი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ იქნებოდა მიჩნეული ქმედუნარიანად.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე და 58-ე მუხლები.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ი. მ-იანს დარღვეული ჰქონდა სამკვიდროს მიღების ვადა და ის გარემოება, რომ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებული იყო ი. შ-ინა, ვერ გახდებოდა სამკვიდროს მიღების დადგენილი ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს მიღებად ითვლება არა მარტო ქონების ფაქტობრივად დაუფლება, არამედ სამკვიდროს მიღების თაობაზე ნების გამოვლენა ნოტარიუსთან განცხადების წარდგენის ფორმით, რაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ გაუკეთებია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით ი. მ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართYმის მიერ გაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე და 58-ე მუხლები და სწორად დაასკვნა, რომ არ არსებობდა სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინდა და არასწორად განმარტა იგი.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. კერძოდ, ხელშემკვრელი მხარის ქმედუნარიანობის დადგენისას უხეშად იქნა დარღვეული შესაბამისი სამედიცინო ხასიათის წესები და ასევე ის, რომ ხელშეკრულების მხარეთა ქართული ენის ან მისი დამწერლობის არცოდნის პირობებში არ იქნა მოწვეული თარჯიმანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს საპროცესო ნორმათა დარღვევა, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედაგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორი საკასაციო პრეტენზიას აფუძნებს იმ გარემოებას¸რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. კასატორი არ უთითებს თუ რომელი საპროცესო ნორმები დაარღვია სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების თუ ფაქტობრივი გარემოებების დარღვევის დროს. კასატორი ასევე არ მიუთითებს სხვა რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული და რომელიც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ექიმ-ნერვოპათოლოგის მიერ გაცემულ ცნობაში გაკეთებული დასკვნა სადავო გარიგების დადების მომენტისათვის კ. მ-იანის ქმედუნარიანობის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კასატორის მიერ ამ გარემოების უარმყოფელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება. ცნობაში მითითებული ფაქტები ექიმმა მ.შ.-მ დაადასტურა პირველი ინსტანცის სასამართლოში მოწმის სახით მიცემულ ჩვენებაშიც.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ კ. მ-იანმა არ იცოდა ქართული წერა-კითხვა. თვით მოსარჩელე მხარის ინიციატივით დაკითხული მოწმე მ. ი-ძის ჩვენებით დასტურდება, რომ კ.მ-იანმა იცოდა ქართულ ენაზე წერა-კითხვა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კ. მ-იანი არ იყო ეროვნებით ქართველი, ჰქონდა მიღებული რუსული განათლება და წერდა რუსულად, არ იძლევა უტყუარი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მან არ იცოდა ქართულად წერა-კითხვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად განიხილა და შეაფასა მტკიცებულებები.
რაც შეეხება სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას, კასატორი არ უთითებს, თუ რაში გამოიხატება ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა. ამასთან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს სანოტარო ბიუროსათვის მიუმართავს კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში, შესაბამისად, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნა უსაფუძვლოა (ს.ფ. ტ.I 404).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. მ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.