Facebook Twitter

საქმე # 160100118002617252

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№841აპ-19 ქ. თბილისი

პ. ი., 841აპ-19 17 აპრილი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზაზა ცქვიტარია საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ი. პ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ”, ,,ე“ ქვეპუნქტებით (20.. წლის .. აგვისტოს, 20.. წლის .. აგვისტოს ეპიზოდები), შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის - მოწმე ე. ი-ს ჩვენება და ფარული ჩანაწერი, რომლებითაც დასტურდება, რომ მან ი. პ-საგან ნარკოტიკული საშუალებები შეიძინა 20.. წლის .. აგვისტოსა და იმავე წლის .. აგვისტოს.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. პ-ს ბრალი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებაში, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (2 ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვაში.

ი. პ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ი. პ. ცნობილია დამნაშავედ: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1 ნაწილით; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბერის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რომლითაც მას სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, 260-ე და 273-ე მუხლებით; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, 260-ე და 273-ე მუხლებით.

- აღნიშნული განაჩენებით ნასამართლევმა ი. პ-მ გასაღების მიზნით, არაერთგზის, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა საერთო წონით - 0,0249 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომელიც 20.. წლის .. აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, ..., 100 ლარად არაერთგზის გაასაღა მოქალაქე ე. ი-ზე.

- აღნიშნული განაჩენებით ნასამართლევმა ი. პ-მ გასაღების მიზნით, არაერთგზის, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა საერთო წონით - 0,0204 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომელიც 20.. წლის .. აგვისტოს, დაახლოებით 11:20 საათზე, .. 100 ლარად არაერთგზის გაასაღა მოქალაქე ე. ი-ზე.

- აღნიშნული განაჩენებით ნასამართლევმა ი. პ-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა საერთო წონით - 0,00003 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომელიც ამოიღეს შსს მ-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 20.. წლის .. აგვისტოს, 06:00 საათზე, ... ჩატარებული ი. პ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

- აღნიშნული განაჩენებით ნასამართლევმა ი. პ-მ კვლავ მოიხმარა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, რაც გამოავლინეს მ-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 20.. წლის .. აგვისტოს ჩატარებული ი. პ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად.

- ი. პ-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა საბრძოლო მასალას, კერძოდ: ექვს ცალ ვაზნას, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არის ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრიანი, სპეციალური დანიშნულების (მგეზავი) ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრიანი „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისათვის „AK-47", „AKM", „AKMC"; კარაბინისათვის „CKC" და სხვა. აღნიშნული ვაზნები ამოიღეს შსს მ-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 20.. წლის ... აგვისტოს, 06.00 საათზე, ... ჩატარებული ი. პ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით:

ი. პ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ”, ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში (20.. წლის .. აგვისტოსა და 20.. წლის ..აგვისტოს ეპიზოდები).

ი. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (20.. წლის .. აგვისტოს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან 3 (სამი) თვე, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 9 (ცხრა) თვე და დანაშაულთა ერთობლიობით ი. პ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. პ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი. პ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

გაუქმდა ი. პ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ი. პ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 აგვისტოდან.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. პ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ე. გ-მ და ო. მ-მ, ასევე - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ.

- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ ი. პ-სთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ ი. პ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (20.. წლის .. აგვისტოსა და .. აგვისტოს ეპიზოდები).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენით მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულ ი. პ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ე. გ-სა და ო. მ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ი. პ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ” და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში (20.. წლის .. აგვისტოსა და 20.. წლის .. აგვისტოს ეპიზოდები).

ი. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (20.. წლის .. აგვისტოს ეპიზოდი) – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“, ,,დ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან დაემატა 9 (ცხრა) თვე და დანაშაულთა ერთობლიობით ი. პ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. პ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ი. პ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

ი. პ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 აგვისტოდან.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარეს ი. პ-ს ბრალდების 20.. წლის .. აგვისტოსა და იმავე წლის ..აგვისტოს ეპიზოდებთან მიმართებით არ აქვს წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელ განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოში გამოკვლეულ იქნა მოწმე ე. ი-ს მხოლოდ გამოკითხვის ოქმები, ვინაიდან მისი მოწმის სახით დაკითხვა სასამართლოში ვერ მოხერხდა, მოწმის საზღვარგარეთ ყოფნის გამო. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ჩანაწერების დათვალიერებით, არ ჩანს, თუ ვის ესაუბრება ე. ი. და ასევე, არ ჩანს ი. პ-სათვის ფულის გადაცემისა და ნარკოტიკული ნივთიერების გამორთმევის ფაქტიც. შესაბამისად, ე. ი-ს გამოკითხვის ოქმების გარდა, სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურება მითითებულ ეპიზოდებში ი. პ-ს ბრალეულობას, საქმეში არ მოიპოვება.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი