Facebook Twitter

ას-67-64-2010 19 აპრილი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ც. კ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ს-ი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “ს-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. კ-შვილისა და ი. დ-ძის უფლებამონაცვლე ც. კ-ძის მიმართ მოპასუხეთა შორის 2007 წლის 27 თებერვალს დადებული ქ. ბათუმში, ... ქ.¹78/88-ში მდებარე 24,4 კვ.მ-ს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1997 წლის 27 თებერვლის ¹83 დადგენილებით, ქ. ბათუმში, ... 78/88 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის მთლიანი ფართი _ 1200 კვ.მ გამოეყო ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკურ, ს-იურ და ბავშვთა პოლიკლინიკას, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სს “ს-ი”. აღნიშნული ფართის სადავო ნაწილი უკანონოდ მიითვისა დ.კ-შვილმა, რაზეც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო დავა. 2007 წლის 27 თებერვალს დ.კ-შვილმა თვალთმაქცურად მიჰყიდა სადავო ფართი სს “ს-ის” ყოფილ თანამშრომელ ი.დ-ძეს, რომლისთვისაც ცნობილი იყო აღნიშნულ უძრავ ნივთთან დაკავშირებული სასამართლო დავის თაობაზე, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლების შესაბამისად, გარიგება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დ. კ-შვილსა და აწ გარდაცვლილ ი. დ-ძეს შორის 2007 წლის 27 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებიდან ამოირიცხა ქ. ბათუმში, ... ქ¹78/88-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 24,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და ამ ფართზე აღიარებულ იქნა სს “ს-ის” საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლებით.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ც. კ-ძემ, რაც ამავე სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2009 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

მოპასუხე ც. კ-ძემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი დ. კ-შვილსა და აწ გარდაცვლილ ი. დ-ძეს შორის 2007 წლის 27 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებიდან ამოირიცხა ქ. ბათუმში, ... ქ¹78/88-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 24,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და ამ ფართზე აღიარებულ იქნა სს “ს-ის” საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლებით.

საქალაქო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება ც. კ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქალაქო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2009 წლის 25 მაისს მოპასუხე ც. კ-ძის მიერ სს „ს-ის“ სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამავე სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განჩინებით ც. კ-ძის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2009 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა. სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2009 წლის 21 ივლისს 16.00 საათისათვის. მხარეები სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებულ იქნენ ხელწერილით და განემარტათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარეების გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით, რის გამოც სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

დამატებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის სხდომის დღის შესახებ მხარეები (მოსარჩელე, მისი წარმომადგენელი, მოპასუხე ც. კ-ძე, მისი წარმომადგენელი დ. ჭ-ძე, დ. კ-შვილის წარმომადგენელი მ. მ-ძე) ხელწერილით გაფრთხილებულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 72-ე მუხლის „ზ“ პუნქტის დაცვით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე, 241-ე მუხლებით და არ გაიზიარა აპელანტ ც. კ-ძის წარმომადგენელ დ. ჭ-ძის განმარტება, რომ იგი 2009 წლის 21 ივლისს საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა ამავე დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხვა პროცესში მონაწილეობის გამო. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად აპელანტმა წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გ. ჩ-ძის სახელზე ამოწერილი უწყება 2009 წლის 21 ივლისის სასამართლო მთავარი სხდომის შესახებ და ამავე სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი მიმართვა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 21 ივლისს 13.00 საათზე დანიშნული იყო ნ. ჩ-ბას სააპელაციო საჩივრის განხილვა ნ. ლ-ძისა და გ. ჩ-ბას წინააღმდეგ, აღნიშნული საქმის განხილვა დაიწყო 14.15 საათზე, ხოლო დასრულდა 14.50 საათზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის ზემოხსენებული არგუმენტი და ბათუმის საქალაქო სასამართლოში მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ არ ჩათვალა, რადგან აპელანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ თავად დ. ჭ-ძე მონაწილეობას იღებდა 2009 წლის 21 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაში, გარდა ამისა მას გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსათვის წინასწარ არ უცნობებია. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ წარმომადგენლის მიერ საქმის განხილვაზე გამოცხადების შეუძლებლობისას თავად ც. კ-ძე ვალდებული იყო, გამოცხადებულიყო პირველი ინსტანციის სასამართლოში და მიეღო მონაწილეობა მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის განხილვაში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ც. კ-ძის წარმომადგენლებმა _ გ. კახიანმა და დ. ჭ-ძემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება არასწორად იქნა მიჩნეული განმეორებითად იმის გამო, რომ ამავე საქმეზე 2009 წლის 25 მაისს უკვე იქნა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო. სასამართლომ უგულებელყო ის გარემოება, რომ აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, გაუქმდა, რადგან დადგინდა, რომ მოპასუხეს შესაგებელი კანონით დადგენილ ვადაში ჰქონდა წარდგენილი და სასამართლოს იგი კაცელარიის მოხელეთა დაუდევრობის გამო არ გადაეცა. ამდენად, 2009 წლის 21 ივლისს მიღებულ უნდა ყოფილიყო პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრდებოდა არა სააპელაციო წესით, არამედ იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.

პალატამ საქმის განხილვის თაობაზე დ. კ-შვილს არ აცნობა მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი საქმეში მხარე იყო. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა და არ გამოარკვია, თუ რომელ კონკრეტულ გარიგებას ფარავდა სადავო ხელშეკრულება და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს არარსებულ სამართლებრივ დასაბუთებას. ამდენად, დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილით არ უნდა ეხელმძღვანელა. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სარჩელში მითითებული, დადასტურებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ამდენად, არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი, რაც ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კასაციის საფუძველს წარმოადგენს. სადავო ფართის მესაკუთრე ი. დ-ძე გარდაიცვალა რა სარჩელის აღძრამდე, უნდა შეემოწმებინა, იყო თუ არა დადგენილი საქმეზე უფლებამონაცვლეობა ც. კ-ძის მიმართ და ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე შეეჩერებინა საქმის წარმოება მის დადგენამდე. პალატას უნდა ემსჯელა იმაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 2009 წლის 21 ივლისს, 16 საათზე მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ კანონით დადგენილი წესით მოპასუხეებს არ აცნობა, კერძოდ, არ გამოიტანა განჩინება მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, არ მიუთითა სასამართლოს დასახელება, რომელ საქმეზე იყვნენ ისინი მოწვეულნი, დრო და ადგილი, აგრეთვე, ვალდებულება გამოუცხადებლობის მიზეზებზე სასამართლოსათვის შეტყობინების შესახებ. ასეთ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო, ხოლო სააპელაციო სასამართლოს იგი უნდა გაეუქმებინა. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა რა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მან გადაწყვეტილება ფაქტობრივად გამოიტანა საქმეში სავალდებულო წესით ჩაბმულ მეორე მოპასუხის _ დ. კ-შვილის მიმართაც, მაშინ, როდესაც იგი საქმეში მხარედ არ ჩაუბამს. აღნიშნულით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 376-ე მუხლის მოთხოვნა. პირველი ინსტანციის სასამართლომ 2009 წლის 6 ივლისის სხდომაზე გააუქმა რა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაუსაბუთებლად გადადო საქმის განხილვა სხვა დროისათვის, რასაც კასატორისათვის საზიანო გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. კ-ძის წარმომადგენლების _ გ. კ-სა და დ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებასა თუ განჩინებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის საფუძვლით გააუქმებს მხოლოდ მაშინ, როცა საპროცესო ნორმების დარღვევას არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, ხოლო მხარის მიერ ისეთი სახის საპროცესო დარღვევებზე მითითებისას, რომლებიც დავის გადაწყვეტის სამართლებრივ შედეგზე გავლენას ვერ ახდენს, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩება უცვლელად.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება არასწორად ჩათვალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებად მხოლოდ იმის გამო, რომ მას წინ უსწრებდა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 25 მაისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული საკითხის შეფასებისას სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ 2009 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, მოპასუხემ შესაგებელი სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში დროულად შეიტანა, ხოლო სასამართლოს იგი სასამართლო კანცელარიის მხრიდან შეფერხების გამო დროულად არ გადაეცა.

ამდენად, დასაბუთებულია კასატორის მოსაზრება, რომ მოპასუხე ც.კ-ძის გამოუცხადებლობის მოტივით მიღებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრებულიყო იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, რაც სააპელაციო პალატას არ შეუფასებია. თუმცა აღნიშნული გარემოება 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებულ საპროცესო დარღვევას სააპელაციო პალატის მიერ უკანონო გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია და დავის განხილვის სამართლებრივ შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, კერძოდ:

სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება, როდესაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, უცვლელად დატოვა იგი იმ მოტივით, რომ მოპასუხე ც.კ-ძე და მისი წარმომადგენელი დ. ჭ-ძე საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ და არც აღნიშნულის შესახებ სასამართლოს არ აცნობეს. მითითებული ნორმის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

კანონის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო საქმის განხილვაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თუ მოპასუხე სარწმუნოდ დაადასტურებს, რომ სასამართლო პროცესზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა და ობიექტურად არ შეეძლო, სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის თაობაზე შეეტყობინებინა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი, მათ შორის, მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოს შეუტყობინებლობის საპატიო გარემოებების არსებობა ც. კ-ძემ ვერ დაადასტურა.

საფუძველს მოკლებულია კასატორის არგუმენტი, რომ მოპასუხე მხარე 2009 წლის 21 ივლისის სასამართლო სხდომის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფრთხილებული არ ყოფილა, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის შესაბამისად, მხარეებს, მათ შორის, მოპასუხე ც. კ-ძესა და მის წარმომადგენელ დ. ჭ-ძეს წერილობით ეცნობათ სასამართლო სხდომის 2009 წლის 6 ივლისიდან 21 ივლისის 16.00 საათისათვის გადადების თაობაზე და განემარტათ სასამართლოში მათი გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს კასატორის არგუმენტი, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას არ გამორკვეულა, იურიდიულად ამართლებდა თუ არა შპს “ს-ის” სარჩელში დასახელებული გარემოებანი მის სასარჩელო მოთხოვნას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარეს სურვილი არ გააჩნია, უარყოს მოსარჩელის პრეტენზიები მის მიმართ და თანახმაა, სასამართლომ გაიზიაროს მისი მოთხოვნები. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების იურიდიულ შეფასებას.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა რა მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი, დადასტურებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი და კანონიერად მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტები, სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, იურიდიულად ამართლებენ ც.კ-ძის სასარჩელო მოთხოვნას 2007 წლის 27 თებერვალს დ.კ-შვილსა და სს “ს-ის” ყოფილ თანამშრომელ ი. დ-ძეს შორის თვალთმაქცურად დადებული გარიგების ბათილად ცნობის შესახებ.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი სააპელაციო პალატის მიერ თანამოპასუხე დ. კ-შვილს საპროცესო უფლებების დარღვევის შესახებ, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიების წარდგენის უფლება გააჩნია არა კასატორ ც.კ-ძეს, არამედ თავად დ.კ-შვილს, რაც ამ უკანასკნელს არ განუხორციელებია.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოერკვია, იყო თუ არა ც. კ-ძე თავისი გარდაცვლილი მეუღლის _ ი. დ-ძის უფლებამონაცვლე, რადგან აღნიშნული საკითხი არც ერთი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გამხდარა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც. კ-ძის წარმომადგენლების _ გ. კ-სა და დ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.