ას-677-633-2010 05 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. რ-ავა
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. რ-ავა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. რ-ავას სარჩელი მოპასუხე ი. რ-ავას მიმართ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე. რ-ავა ცნობილ იქნა ქ.ზუგდიდში, ... ქუჩის ¹24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/4 წილის მესაკუთრედ, მოსარჩელის მოთხოვნა ავტომანქანა “შევროლეტ ავეოს” (სახელმწიფო ნომრით _ ...) გაყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. რ-ავამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილი იყო დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინებით ი. რ-ავას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ე. რ-ავა ცნობილ იქნა, ქ.ზუგდიდში, ... ქ.¹24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის¼1/4 წილის მესაკუთრედ და ე. რ-ავას სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო, ვინაიდან არსებობდა ზუგდიდის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976 წლის 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინება მორიგების დამტკიცების თაობაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. რ-ავამ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, ვინაიდან ზუგდიდის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976 წლის 26 ნოემბრის განჩინების დავის საგანი იყო განქორწინება და ი. რ-ავას მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულება, ამჟამად კი დავის საგანი სხვაა - მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა. გარდა ამისა, მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებით სასამართლო ვერ იმსჯელებდა სადავო ქონების გაყოფაზე, ვინაიდან იმ დროისათვის არცერთი მხარე ამ ქონების მესაკუთრეს არ წარმოადგენდა და, შესაბამისად, იგი მხარეთა შორის დავის საგანი ვერ იქნებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ე. რ-ავას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დადასტურებულად იქნა ცნობილი მხარეთა მორიგება და მოპასუხე ი. რ-ავას მოსარჩელე ე. ხ-იას (რ-ავას) სასარგებლოდ დაეკისრა 3000 მანეთის გადახდა მათ შორის სადაო წილი ქონების ანგარიშში. ამავე განჩინებით ირკვევა, რომ ზუგდიდის რაიონის სახალხო სასამართლოს 1975 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. ხ-იას (რ-ავას) საკუთრების უფლებით მიეკუთვნა ქ.ზუგდიდში, ... ქ.¹24-ში მდებარე სადავო საცხოვრებელი სახლიდან, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებიდან, მეორე სართულზე მდებარე ორი ოთახი და პირველ სართულზე მდებარე ერთი ოთახი, დანარჩენი ოთახები დარჩა მოპასუხე ი. რ-ავას. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების დროს გამოირკვა, რომ სასამართლოს მიერ განაწილებული ოთახების მიხედვით მეუღლეთა ცხოვრება შეუძლებელი იყო მათ შორის მტრული დამოკიდებულების გამო, ამიტომ ე. ხ-იამ (რ-ავამ) მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა და მისთვის სამი ოთახის მიკუთვნება სახლის პირველ სართულზე. საქმის განხილვის პროცესში მოპასუხე ი. რ-ავამ მორიგება შესთავაზა მოსარჩელე ე. ხ-იას (რ-ავას), კერძოდ, მოპასუხემ თანხმობა განაცხადა, რომ მოსარჩელისათვის გადაეხადა სამი ათასი მანეთი მისთვის მიკუთვნებული ოთახების ანგარიშში. მოსარჩელემ აღნიშნული წინადადება მიიღო და განაცხადა, რომ მას მოპასუხის მიმართ ქონებრივი დავა აღარ ექნებოდა. მხარეთა მორიგების პირობები შეტანილ იქნა სხდომის ოქმში, რასაც ორივე მხარემ მოაწერა ხელი. ზუგდიდის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976 წლის 26 ნოემბრის განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცების თაობაზე შესულია კანონიერ ძალაში (იხ. ს.ფ. 147-149). საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ 2009 წლის 07 სექტემბერს ე. რ-ავამ სარჩელი აღძრა მოპასუხე ი. რ-ავას მიმართ და მოითხოვა მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების – ავტომანქანის და ქ.ზუგდიდში, ... ქ.¹24-ში მდებარე სადავო საცხოვრებელი სახლის 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობა (იხ. ს.ფ. 3-16). ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. რ-ავას სარჩელი მოპასუხე ი. რ-ავას მიმართ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე. რ-ავა ცნობილ იქნა ქ.ზუგდიდში, ... ქუჩის ¹24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/4 წილის მესაკუთრედ, მოსარჩელის მოთხოვნა ავტომანქანა “შევროლეტ ავეოს” (სახელმწიფო ნომრით _ ...) გაყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 123-128). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინებით ი. რ-ავას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ე. რ-ავა ცნობილ იქნა, ქ.ზუგდიდში, ... ქ.¹24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის¼1/4 წილის მესაკუთრედ და ე. რ-ავას სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება (ს.ფ. 199-205).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იგივე სარჩელზე. სარჩელი იგივეა, თუ იგივეა სასარჩელო მოთხოვნა (სარჩელის საგანი), სარჩელის საფუძველი და სარჩელი აღძრულია იმავე მხარეებს შორის.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს იგივე სარჩელი. კერძოდ: ა) იგივეა სასარჩელო მოთხოვნა (სარჩელის საგანი) – ქ.ზუგდიდში, ... ქ.¹24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ ცნობა; ბ) იგივეა სარჩელის საფუძველი, ანუ გარემოებები, რომლებსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, სარჩელის მიხედვით, სადავო უძრავი ქონება შეძენილია მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში და იგი მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს; გ) სარჩელი აღძრულია იმავე მხარეებს შორის (მოსარჩელე ე. რ-ავა, მოპასუხე ი. რ-ავა).
აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის არასწორად გამოყენების თაობაზე.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაყრდნობოდა ზუგდიდის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976 წლის 26 ნოემბრის განჩინებას, ვინაიდან იგი დაგვიანებით იქნა წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში. საქმის მასალებით ირკვევა, რომ, მართალია, ხსენებული განჩინება წარდგენილ იქნა სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ აღნიშნულ განჩინებაზე და ამ განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებაში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინებაში, რომლებიც ი. რ-ავამ თან დაურთო თავის შესაგებელს და წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა ი. რ-ავას სარჩელი და მოპასუხე ე. რ-ავა გამოსახლებულ იქნა სადავო საცხოვრებელი სახლიდან – მდებარე ქ.ზუგდიდში, ... ქ.¹24-ში. ამ გადაწყვეტილებებით არ იქნა გაზიარებული მოპასუხე ე. რ-ავას მოსაზრება სადავო უძრავ ნივთზე მისი თანამესაკუთრედ მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან ზუგდიდის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დგინდებოდა, რომ მოპასუხე ი. რ-ავას მოსარჩელე ე. ხ-იას (რ-ავას) სასარგებლოდ დაეკისრა 3000 მანეთის გადახდა მათ შორის სადაო წილი ქონების ანგარიშში. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ნიშნავდა, რომ ე. რ-ავამ დათმო სადავო ქონებაში თავისი წილი 3000 მანეთის გადახდის სანაცვლოდ. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. რ-ავას სადავო სახლის ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა (იხ. ს.ფ. 57-76). ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით დადგენილ ფაქტებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გააჩნიათ პრეიუდიციული მნიშვნელობა განსახილველი დავის მიმართ. აქედან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976 წლის 26 ნოემბრის განჩინების სააპელაციო სასამართლოში წარუდგენლობის შემთხვევაშიც, მოცემულ საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული.
დაუსაბუთებელია ასევე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ საქმეში წარმოდგენილია ზუგდიდის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976 წლის 26 ნოემბრის განჩინების ერთმანეთისაგან განსხვავებული ასლები. ს.ფ. 115-ზე წარმოდგენილი ზუგდიდის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ე. ხ-იას (რ-ავას) სარჩელი ი. რ-ავას მიმართ მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ავტომანქანის და საოჯახო ნივთების გაყოფის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. რ-ავას ე. ხ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 2000 მანეთის გადახდა. ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილების დავის საგანი იყო ავტომანქანა და საოჯახო ნივთები, ხოლო ამავე სასამართლოს, ამავე თარიღის მეორე გადაწყვეტილების (მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების) დავის საგანი კი იყო ქ.ზუგდიდში, ... ქ.¹24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. შესაბამისად, სახეზეა სასამართლოს ორი სხვადასხვა გადაწყვეტილება და არა ერთი გადაწყვეტილების განსხვავებული ასლები.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ ზუგდიდის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების საგანი ვერ იქნებოდა ქ.ზუგდიდში, ... ქ.¹24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, ვინაიდან იმ დროისათვის ი. რ-ავა ამ უძრავი ქონების მესაკუთრე არ იყო და მეუღლეებს ქ.ზუგდიდში, ... ქ.¹24-ში მდებარე სახლზე საკუთრების უფლება წარმოეშვათ მხოლოდ 1986 წლის 29 ოქტომბერს, როდესაც ეს სახლი საკუთრების უფლებით აღირიცხა ი. რ-ავას სახელზე. საკასაციო პალატა აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვევა, რომ უძრავი ქონება - მდებარე ქ.ზუგდიდში, ... ქ.¹24-ში, როგორც თვითნებურად აგებული საცხოვრებელი სახლი, 1967 წლიდან ირიცხებოდა ი. და ნ. რ-ავების (ი. რ-ავას და) სახელზე. ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 29 ოქტომბრის ¹342 გადაწყვეტილებით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის ¹805 დადგენილების საფუძველზე, ი. და ნ. რ-ავების სახელზე სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარდა 1974 წლის 1 სექტემბრამდე თვითნებურად აშენებული საცხოვრებელი სახლი – მდებარე ქ.ზუგდიდში, ... ქ.¹24-ში (იხ. ს.ფ. 27). საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ი. რ-ავას და ე. ხ-იას (რ-ავას) შორის დავის საგანი უკვე იყო ზემოაღნიშნული თვითნებურად აგებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც ზუგდიდის რაიონის სახალხო სასამართლოს 1975 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით გაიყო მეუღლეთა შორის, ხოლო ამავე სასამართლოს 1976 წლის 26 ნოემბრის განჩინებით კი მხარეები მორიგდნენ, კერძოდ, ე. რ-ავამ, მის სასარგებლოდ 3000 მანეთის გადახდის სანაცვლოდ, უარი განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის მიკუთვნებულ უძრავ ქონებაზე, ანუ მან დათმო თავისი უფლება ამ ნივთზე. აქედან გამომდინარე, მართალია, ხსენებული უძრავი ნივთი, მხარეთა მორიგების დამტკიცების შემდეგ, საკუთრების უფლებით აღირიცხა ი. რ-ავას სახელზე, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ე. რ-ავას ხელახლა წარმოეშვა ამ უძრავ ნივთზე დავის უფლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. რ-ავას კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. რ-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.