ას-678-634-2010 14 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პ. ქათამაძე
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. ჭ-ავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით დ. ჭ-ავას სარჩელი მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჭ-ავამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჭ-ავამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი დ. ჭ-ავას პირადად ჩაბარდა 2010 წლის 24 მაისს (ტომი 2, ს.ფ. 183), ხოლო საკასაციო საჩივარი კი კასატორმა ფოსტაში ჩააბარა 2010 წლის 28 ივნისს (ტომი 2, ს.ფ.198), ე.ი. გასაჩივრების ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. ჭ-ავას საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ჭ-ავას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.