Facebook Twitter

¹ას-678-639-2011 24 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე –Mბ. ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. და გ-ა მ-შვილების საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე _ სს «... ბანკის» სარჩელის გამო მოპასუხეების: გ. და გ-ა მ-შვილების მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის განჩინებით, გ. და გ-ა მ-შვილებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 345.03 შშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება კასატორებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების თანახმად, მაგრამ არ ჩაბარდათ შენახვის ვადის გასვლის გამო (ტ.II, ს.ფ.85-87).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორების სხვა მისამართი საქმის მასალებით არ დგინდება, ამიტომ სასამართლომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გ-ა და გ. მ-შვილებს გაუგზავნა განმეორებით იმავე მისამართზე, მაგრამ არც მეორედ ჩაბარდათ შენახვის ვადის გასვლის გამო (ტ.II, ს.ფ.93-97).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. და გ-ა მ-შვილებს ხარვეზის განჩინება ჩაბარდათ 2011 წლის 8 ივნისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 9 ივნისს და დასრულდა 2011 წლის 15 ივნისს. ამ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. და გ-ა მ-შვილებს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. და გ-ა მ-შვილების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.