Facebook Twitter

საქმე # 010142219700094122

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №42აგ-19 28 აპრილი, 2020 წელი

მ. გ., 42აგ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით გ. მ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია), სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით; სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, საბოლოოდ გ. მ-ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ გ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 1998 წლის 8 აპრილიდან.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ.ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, მსჯავრდებულ გ. მ-ს, შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს პრეზიდენტის 20.. წლის .. ოქტომბრის №... განკარგულების საფუძველზე გ. მ. გათავისუფლდება საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან 2033 წლის 8 აპრილს.

6. 2019 წლის 23 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. მ-მ,. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა შემდეგი საფუძვლით: საქართველოს პრეზიდენტის 20.. წლის .. ოქტომბრის №.. განკარგულების საფუძველზე განისაზღვრა მისი გათავისუფლების ვადა, რის შესაბამისადაც, მის მიმართ სწორედ ახლა უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, რომელიც გამოყენებულ იქნა მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით, რაც ვერ აღსრულდა, ვინაიდან იმ მომენტისთვის მას სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჰქონდა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. კასატორი - მსჯავრდებული გ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. აქვე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი უკვე გავრცელებულია მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ, ხოლო რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის 20.. წლის .. ოქტომბრის №.. განკარგულებას, იგი ვერ გახდება ამნისტიის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გ. მ-ს არ შეცვლია სასჯელის სახე და ზომა, არამედ - პრეზიდენტმა აღნიშნული აქტით გამოხატა ნება, რომ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული გ. მ. გათავისუფლდეს კონკრეტული თარიღის მიხედვით.

5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. მ.ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი