Facebook Twitter

ას-685-641-2010 30 ნოემბერი, 2010 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. გ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ლ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრისა და 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინებები

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველა დაბრუნება

დავის საგანი _ ნივთის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, სასაზღვრო მიჯნის აღმართვის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ლ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-შვილის მიმართ საკანალიზაციო მილის აღდგენისა და სასაზღვრე მიჯნის აშენების დავალდებულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთები და მათზე მდებარე შენობები ერთმანეთის მეზობლადაა. მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთზე წლების განმავლობაში გაყვანილი იყო მოსარჩელის სახლიდან გამომავალი საკანალიზაციო მილი, რაც თ.გ-შვილმა უკანონოდ მოშალა. აღნიშნულ ნიადაგზე მათ წარმოეშვათ კონფლიქტი. თ.გ-შვილმა შესთავაზა მოსარჩელეს მათი ნაკვეთების გამყოფი ძველი ქვის ღობის მონგრევა და საერთო ძალებით ახალი მიჯნის აღმართვა, რის შემდეგ დაჰპირდა, რომ აღადგენდა საკანალიზაციო მილსაც. გ.ლ-ძე დაეთანხმა, მაგრამ მიჯნის დანგრევის შემდეგ თ.გ-შვილმა ახალი ღობის აღმართვასა და მილების აღდგენაზე უარი განუცხადა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: სადავო მიწის ნაკვეთის შეძენისას თ.გ-შვილისათვის არ იყო ცნობილი, რომ მის კუთვნილ ნაკვეთზე გადიოდა მეზობლის საკანალიზაციო მილი, რაც მან აღნიშნული მილის დაზიანების შედეგად შეიტყო. მითითებული მილი მეზობელ ნაკვეთზე გაყვანილ იქნა უძრავი ნივთის წინა მესაკუთრის ნებართვის გარეშე, რადგან ასეთი ნებართვა მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა. სადავო მილის დაზიანების შემდეგ მოპასუხემ არაერთხელ მოსთხოვა მოსარჩელეს მისი აღდგენა და შემდეგ ჩაჭრა და დახურა იგი. აღსანიშნავია, რომ საკანალიზაციო სისტემის მოწყობა გ.ლ-ძეს შეუძლია, თ.გ-შვილის ნაკვეთის გვერდის ავლითაც.

რაც შეეხება მიჯნის აღმართვას, თავად მოსარჩელემ განაცხადა უარი ახალი ღობის აშენებაზე, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით გ. ლ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. გ-შვილს დაევალა მის საკუთრებაში არსებულ ქ.თბილისში, ... ქ.¹6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე გამავალი საკანალიზაციო ქსელის აღდგენა, გ. ლ-ძეს უარი ეთქვა თ. გ-შვილისათვის საკადასტრო ნახაზის მიხედვით სამეზობლო მიწის ნაკვეთების გამყოფი სასაზღვრო მიჯნის აშენების დავალდებულებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. გ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინებით თ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოსარჩელის კუთვნილი საკანალიზაციო მილის მოპასუხის მიერ საკუთარ ეზოში სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს დაზიანების ფაქტი საქმიდან არ დასტურდება. პირიქით, მოპასუხე ამტკიცებდა, რომ საკანალიზაციო მილი დაზიანდა სიძველითა და მოუვლელობით. პალატის განმარტებით, მოპასუხე საკანალიზაციო მილის დაზიანების მიზეზად მილის სიძველესა და მოუვლელობაზე არსად უთითებს, ამასთან, შესაგებელში მოპასუხე არ უარყოფს, რომ მან ჩაჭრა და დახურა საკანალიზაციო მილი. გარდა ამისა, სადავო გარემოება დასტურდება დაბა წყნეთში, ... ქუჩის ¹21-ში მცხოვრები რ. თ-იას სანოტარო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტებით, რომელიც სასამართლომ თავისი განჩინებით მტკიცებულების სახით დაურთო საქმეს და მოწმე ლ. ს-ურის ჩვენებით.

სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას, რომ მოსარჩელეს გააჩნია მისი კუთვნილი საკანალიზაციო მილის ცენტრალური ქუჩის საკანალიზაციო ქსელთან მიერთების ალტერნატიული საშუალება და, შესაბამისად, აუცილებელი არ არის, რომ ამ მილმა მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გაიაროს. აპელანტს მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს “თ...ის” წერილით დასტურდება, რომ მოსარჩელის საკანალიზაციო ქსელის ცენტრალური ქუჩის ქსელზე მიერთების სხვა ტექნიკურ-ეკონომიკურად გამართლებული საშუალება არ არსებობს, ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის საკანალიზაციო ქსელი უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო საკანალიზაციო მილი მოპასუხის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე გადიოდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში და ცენტრალურ საკანალიზაციო ქსელთან მისი მიერთების კანონიერება სადავო არასოდეს გამხდარა არც ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის და არც წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემებით სარგებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების მხრიდან. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ შპს “ თ...ის” წერილით, მართალია, არაპირდაპირ, მაგრამ მაინც დასტურდება ის გარემოება, რომ თავის დროზე მოსარჩელის კუთვნილი საკანალიზაციო მილი ცენტრალური ქუჩის საკანალიზაციო ქსელთან კანონიერად იყო მიერთებული. ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო საკანალიზაციო მილის ცენტრალურ საკანალიზაციო ქსელთან მიერთების კანონიერების მტკიცების ტვირთი აწევს მოპასუხეს და არა მოსარჩელეს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი არ შეიცავს მითითებას საკანალიზაციო ქსელებზე, ამიტომ მათზე ამ ნორმის დანაწესი არ ვრცელდება. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის კანონისმიერი შებოჭვა განპირობებულია ზოგადად სამეზობლო თმენის ვალდებულებით, რათა თითოეულ მესაკუთრეს მიეცეს თავისი მიწის ნაკვეთით ჯეროვანი სარგებლობის საშუალება. შესაძლოა მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთებიდან რაიმე ურთიერთზემოქმედება მომდინარეობდეს, მაგრამ ამ ნაკვეთის მესაკუთრენი ვალდებული არიან, ითმინონ ეს ზემოქმედებანი. სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საკანალიზაციო ქსელი აუცილებელია მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის და მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს თმენის ვალდებულებას აკისრებს, შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით მინიჭებული მოთხოვნის უფლება საკანალიზაციო ქსელსაც მოიცავს, თუმცა ამ ნორმით გათვალისწინებული თმენის ვალდებულება აუცილებელი კავშირით უნდა იყოს გამოწვეული, რასაც ძირითადად სამეურნეო საჭიროება იწვევს.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საკანალიზაციო ქსელით სარგებლობის სამეურნეო საჭიროება განაპირობებს ამგვარ ქსელთან კავშირის უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომელიც არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ნებაზე, კერძოდ, თუ საკანალიზაციო ქსელთან კავშირისათვის აუცილებელია მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენება, მაშინ ამ ნაკვეთის მესაკუთრე ვალდებულია, ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული საჭიროება არ არსებობს და მესაკუთრეს მაინც სურს მეზობელი მიწის ნაკვეთით ისარგებლოს, მაშინ სამეზობლო თმენის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას სახელშეკრულებო საფუძველზე, რაც, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილი სანივთო უფლებისაგან განსხვავებით, მესაკუთრის სახელშეკრულებო უფლება იქნება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის სამეზობლო თმენის ვალდებულება სწორედ 180-ე მუხლით გათვალისწინებული სანივთო უფლებისაგან გამომდინარეობს, რის გამოც დაუსაბუთებელია აპელანტის მოსაზრება, რომ მოსარჩელეს თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად მხარეებს შორის არსებული შეთანხმება უნდა წარმოედგინა.

პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ვერ იმსჯელებდა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის მოპასუხისათვის მიცემის საკითხზე, ვინაიდან ასეთი მოთხოვნა მოპასუხეს არ განუცხადებია. პირიქით, მოპასუხის წარმომადგენელმა თავად განმარტა, რომ მის მარწმუნებელს ზემოხსენებული კომპენსაცია არ მოუთხოვია. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, მოსარჩელესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მოითხოვოს კომპენსაცია საერთო სასარჩელო წესით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ასევე ვერ გახდება აპელანტის მითითება, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართი არასწორადაა მითითებული გადაწყვეტილებაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრისა და ამავე სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინებები თ. გ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეთა ახსნა-განმარტება და პროცესუალური დარღვევების შედეგად არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო საკანალიზაციო მილი დაზიანდა კასატორის მიერ მის ეზოში წარმოებული სამუშაოების შედეგად და გ.ლ-ძეს საკანალიზაციო მილის გასატარებლად სხვა ალტერნატიული საშუალება არ გააჩნია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეების – რ. თ-იასა და ლ. ს-ურის ჩვენებები და არ გაიზიარა მოპასუხის და მისი წარმომადგენლის განმარტება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ „თ...ის“ წერილს და მას მტკიცებულების ძალას მიანიჭა, თუმცა დაუსაბუთებლად უგულებელყო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იმავე ორგანიზაციის მიერ გაცემული წერილი, რომელიც ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით სრულიად საწინააღმდეგოს ადასტურებს. დასახელებული მტკიცებულება სასამართლომ საქმესაც არ დაურთო.

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ წარმომადგენლის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული განმარტება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რადგან მის მიერ მიცემული განმარტება მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში პალატას ერთმანეთისაგან უნდა გაემიჯნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 208-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი პრინციპები, კერძოდ, სარჩელის ცნობა შეუძლია როგორც მხარეს, ასევე მის წარმომადგენელს, ხოლო აღიარება შეუძლია მხოლოდ მხარეს და არა მის წარმომადგენელს.

თ.გ-შვილის მიერ ეზოში წარმოებული სამუშაოების შედეგად საკანალიზაციო მილის დაზიანების ფაქტი არ დასტურდება არც სასამართლოს მიერ მითითებული მოწმე რ. თ-იასა და ლ. ს-ურის ჩვენებებით. რ.თ-იას განმარტებაში მითითებული გარემოება, რომ იგი შეესწრო ფაქტს, „როდესაც მიწა გათხარეს და ამოყარეს საკანალიზაციო მილები“, არ ადასტურებს, რომ საკანალიზაციო მილები მაშინ დაზიანდა, ხოლო ლ. ს-ურმა განმარტა, შემდეგი: „მან იცოდა, რომ საკანალიზაციო მილი ჩახსნილი იყო”; „მიწა რომ მოჭრეს შეიძლება მაშინ დაზიანდა”.

შპს „თ...ის“ 2008 წლის 26 დეკემბრის წერილის საფუძველზე სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია სხვა ალტერნატიული გზა საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად, გარდა იმისა, რომ საკანალიზაციო სისტემამ გ-როს თ.გ-შვილის ეზოზე. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი აუცილებელი გზის მიცემის მოთხოვნის საფუძველს იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილით კი ირკვევა, რომ მის საკანალიზაციო ქსელს, სადავო ნაკვეთზე გავლის გარდა, ცენტრალური ქუჩის ქსელზე მიერთების სხვა ტექნიკურ-ეკონომიურად გამართლებული საშუალება არ გააჩნია. ამდენად, არსებობს სადავო მილების გაყვანის სხვა ალტერნატიული გზაც, რომელიც არაეკონომიურია ან ნაკლებად ეკონომიურია. ასეთ შემთხვევაში მხარეს აუცილებელი კავშირის მიცემის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.

სააპელაციო პალატას უნდა გამოეკვლია კასატორის მიერ წარდგენილი შპს „თ...ის“ წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ აუცილებელი კავშირის სხვა ალტერნატიული გზები არსებობს, კერძოდ, მოსარჩელის საკანალიზაციო სისტემამ შეიძლება გაიაროს მეზობლების ეზოზე ანდა მოსარჩელეს შეუძლია, გადაქაჩოს ... გამზირზე არსებულ საკანალიზაციო ქსელში შესაბამისი ტურბოაგრეგატის მოწყობით. არ მიიღო რა აღნიშნული დოკუმენტი, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება და ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი. თავისთავად დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის აღდგენა ნიშნავს კასატორის მიერ მოსარჩელისათვის აუცილებელი გზის მიცემას, რაც მხარეს არ მოუთხოვია. აღსანიშნავია, რომ საკანალიზაციო მილი სატრანსპორტო საშუალების ერთ-ერთი სახეა და კასატორის ნაკვეთზე მის გასაყვანად უნდა არსებობდეს სათანადო სამშენებლო ნებართვა, პროექტი, კასატორის ნებართვა ანდა სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებელი გზის მიღების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ჩამოთვლილიდან არც ერთი პირობა არ არსებობს.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. თ. გ-შვილი თანახმაა, გაატაროს დაბა წყნეთში, ... ქ.¹6-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ღობის გასწვრივ, დაბა წყნეთში ... ქ.¹5-ში მდებარე გ. ლ-ძის საკუთრებაში არსებული სახლის საკანალიზაციო მილი, ხოლო გ. ლ-ძე საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მილის გატარებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოებას და მის შემდგომ მოვლა- პატრონობას;

2. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ მიწის ნაკვეთებს შორის სასაზღვრო გამყოფი მიჯნის აღმართვის სამუშაოების ორგანიზებას განახორციელებს ნ. ყ-შვილი მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული პირობებით (შეთანხმებული ზოლი, რომელზეც ღობე გაივლის; ღობის სიმაღლე, სიგანე და ა.შ.) სასაზღვრო გამყოფი მიჯნის აღმართვის ხარჯებს მხარეები გადაიხდიან თანაბარპროპორციულად წინამდებარე მორიგების აქტზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით;

3. მხარეები თანხმდებიან, რომ სასაზღვრო-გამყოფი მიჯნის მშენებლობისათვის 20000 (ოცი ათასი) ლარს თანაბარპროპორციულად ნ. ყ-შვილს გადასცემენ მორიგების აქტის ხელმოწერის (გაფორმების) დღეს, რათა მიჯნის აღმართვის სამუშაოების წარმოება დაიწყოს დაუყოვნებლივ, ხოლო ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ დარჩენილ თანხას გადაიხდიან მშენებლობის დასრულებამდე;

4. იმ შემთხვევაში, თუ სასაზღვრო-გამყოფი მიჯნის მშენებლობის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ მშენებლობისათვის წინასწარ გადახდილი თანხა ვერ ფარავს მშენებლობის ხარჯებს, მხარეები თანხმდებიან, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოფენ დამატებითი თანხის გადახდას თანაბარპროპორციულად;

5. მხარეები თანხმდებიან, რომ გ. ლ-ძე თ. გ-შვილის სასარგებლოდ უარს აცხადებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თ. გ-შვილისათვის დაკისრებული თანხების - 16510 (თექვმეტი ათას ხუთას ათი) ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 1155 (ერთი ათას ას ორმოცდათხუთმეტი) ლარის მოთხოვნაზე;

6. მხარეები აღიარებენ და ადასტურებენ, რომ არც ამჟამად და არც მომავალში არ ექნებათ რაიმე პრეტენზია, სარჩელი თუ სხვა სახის მოთხოვნა ამ მორიგების აქტით დარეგულირებულ სათითხებთან დაკავშირებით;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. გ-შვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 5 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 284-ე, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება თ. გ-შვილსა და გ. ლ-ძეს შორის შემდეგი პირობებით:

1. თ. გ-შვილი თანახმაა, გაატაროს დაბა წყნეთში ... ქ.¹6-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ღობის გასწვრივ, დაბა წყნეთში, ... ქ.¹5-ში მდებარე გ. ლ-ძის საკუთრებაში არსებული სახლის საკანალიზაციო მილი, ხოლო გ. ლ-ძე საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მილის გატარებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოებას და მის შემდგომ მოვლა პატრონობას;

2. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ მიწის ნაკვეთებს შორის სასაზღვრო გამყოფი მიჯნის აღმართვის სამუშაოების ორგანიზებას განახორციელებს ნ. ყ-შვილი მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული პირობებით (შეთანხმებული ზოლი, რომელზეც ღობე გაივლის; ღობის სიმაღლე, სიგანე და ა.შ.) სასაზღვრო გამყოფი მიჯნის აღმართვის ხარჯებს მხარეები გადაიხდიან თანაბარპროპორციულად მორიგების აქტზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით;

3. მხარეები თანხმდებიან, რომ სასაზღვრო-გამყოფი მიჯნის მშენებლობისათვის 20000 (ოცი ათასი) ლარს თანაბარპროპორციულად ნ. ყ-შვილს გადასცემენ მორიგების აქტის ხელმოწერის (გაფორმების) დღეს, რათა მიჯნის აღმართვის სამუშაოების წარმოება დაიწყოს დაუყოვნებლივ, ხოლო ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ დარჩენილ თანხას გადაიხდიან მშენებლობის დასრულებამდე;

4. იმ შემთხვევაში, თუ სასაზღვრო-გამყოფი მიჯნის მშენებლობის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ მშენებლობისათვის წინასწარ გადახდილი თანხა ვერ ფარავს მშენებლობის ხარჯებს, მხარეები თანხმდებიან, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოფენ დამატებითი თანხის გადახდას თანაბარპროპორციულად;

5. მხარეები თანხმდებიან, რომ გ. ლ-ძე თ. გ-შვილის სასარგებლოდ უარს აცხადებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თ. გ-შვილისათვის დაკისრებული თანხების - 16510 (თექვმეტი ათას ხუთას ათი) ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 1155 (ერთი ათას ას ორმოცდათხუთმეტი) ლარის მოთხოვნაზე;

6. მხარეები აღიარებენ და ადასტურებენ, რომ არც ამჟამად და არც მომავალში არ ექნებათ რაიმე პრეტენზია, სარჩელი თუ სხვა სახის მოთხოვნა ამ მორიგების აქტით დარეგულირებულ სათითხებთან დაკავშირებით;

შეწყდეს საქმის წარმოება გ. ლ-ძის სარჩელის გამო თ. გ-შვილის მიმართ საკანალიზაციო მილის აღდგენისა და სასაზღვრე მიჯნის აშენების დავალდებულების შესახებ;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები;

განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

თ. გ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 5 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.