ას-68-65-10 6 სექტემბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
კასატორი _ საქართველოს ავტორთა საზოგადოება (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ტ.” (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
დავის საგანი – საავტორო უფლებების დაცვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 30 მარტს საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ტ.-ს“ მიმართ მუსიკალური ნაწარმოების სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე კაბელით გადაცემისათვის 439710 ლარის დაკისრებისა და გადაცემის აკრძალვის მოთხოვნით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2006 წლის 17 თებერვლის ¹585 გადაწყვეტილებით საქართველოს ავტორთა საზოგადოება “შAშ” რეგისტრირებულ იქნა ხელახლა და მას მიენიჭა ქონებრივი უფლებების სპეციალური სტატუსი – ქონებრივი უფლებების სპეციალურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ¹1. საქართველოს ავტორთა საზოგადოება წარმოადგენს ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოების საერთაშორისო კონფედერაციის “ჩIშAჩ”-ის მუდმივ წევრს.
საქართველოს ავტორთა საზოგადოება გასცემს ლიცენზიებს მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრუკლებაზე, რეპროდუცირებაზე, საჯარო გადაცემაზე, კაბელით გადაცემაზე და სხვა, აგროვებს და ანაწილებს საავტორო ჰონორარებს შესაბამისი უფლების მფლობელებზე.
“საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველა მოსარგებლეს, მათ შორის საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაციას ევალებოდა ქონებრივი უფლების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის მოთხოვნისთანავე წარმოედგინა ყველა დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის. ამ მიზნით საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ ორჯერ მიმართა შპს “ტ.-ს”, მაგრამ ამაოდ.
შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობა და ჰონორარის თანხების გადაუხდელობა იწვევს საავტორო უფლებების დარღვევას და ზიანი ადგებათ მუსიკალური ნაწარმოების ავტორებს, მემკვიდრეებს, გამომცემლებს, როგორც ადგილობრივს, ისე უცხოელებს.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე წარმოადგენს მოსარგებლეს და იგი ვალდებულია, ავტორთა საზოგადოებას გადაუხადოს ჰონორარი. ნაწარმოების კაბელით გადაცემის შემთხვევაში საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დგინდება მხოლოდ ორგანიზაციისა და მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. საქართველოს ავტორთა საზოგადოების მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადასახდელი საავტორო ჰონორარი უნდა შეადგენდეს თვეში 5%-ს, ვინაიდან მოპასუხის მიერ წარდგენილი ¹01-03 წერილის თანახმად, მოპასუხის შემოსავალი 2007 წლის 1 იანვრიდან 31 ივნისის ჩათვლით თვეში შეადგენს 31408,27 ლარს, ხოლო წელიწადში -219857,9 ლარს, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემის აკრძალვა და 43 710 ლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ავტორთა საზოგადოების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ტ.-ს“ აეკრძალა მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემა (კაბელით ხელახალი გადაცემა) მოსარჩელესთან სალიცენზიო შეთანხმების გარეშე; არ დაკმაყოფილდა სარჩელი მოპასუხისათვის ფულადი კომპენსაციის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ტ.-მ“, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ კერძოდ, შპს „ტ.-სათვის“ მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემის აკრძალვის, მოსარჩელესთან სალიცენზიო შეთანხმების დადების აკრძალვისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს “ტ.-ს” სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ტ.-მ”. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით შპს “ტ.-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალტას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “ტ.-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს “ტ.”-სათვის მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემის აკრძალვის ნაწილში.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: შპს „ტ.-ს“ 2006 წლის 26 ოქტომბრისა და 2006 წლი 26 დეკემბრის მიმართვებით დადგენილია, რომ შპს-მ ორჯერ მიმართა ავტორთა საზოგადოებას “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ანუ მოსარჩელეს მოთხოვნისთანავე წარუდგინა ყველა დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს რაც აუცილებელია, ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის.
პალატამ მიიჩნია, რომ არ მტკიცდება შპს “ტ.-ს” მიერ საჭირო დოკუმენტაციის წარუდგენლობა. შესაბამისად უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხემ არ წარმოადგინა დოკუმენტები და საავტორო ჰონორარების გადაუხდელობა იწვევს საავტორო უფლების დარღვევას, რითაც ზიანი ადგებათ მუსიკალურ ნაწარმოებების ავტორებს, მემკვიდრეებს, მუსიკალურ გამომცემლობებს, როგორც ადგილობრივს, ისე უცხოელებს.
გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვერ დგინდება საავტორო საზოგადოების მიერ შპს “ტ.”-სათვის იმ მუსიკალური ნაწარმოებების (ტექსტით თუ ტექსტის გარეშე) ჩამონათვალის წარდგენა გადაცემის დროისა და ხანგრძლივობის მითითებით, რომელსაც იგი ხელახლა გადასცემს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
კასატორის აზრით სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რადგან საქართველოს ავტორთა საზოგადოება არ არის და არც შეიძლება იყოს მოსარგებლე. იგი არ იყენებს მუსიკალურ ნაწარმოებებს და შესაბამისად არ იღებს სარგებელს. საქართველოს ავტორთა საზოგადოება არის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, შესაბამისად, აბსურდულია მოსარგებლის ვალდებულების დაკისრება კოლექტიური მართვის ორგანიზაცისათვის, რომელსაც ამ ნორმის თანახმად უფლება აქვს ნაწარმოებების გამოყენების შესახებ დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვოს მოსარგებლეს, ანუ შპს „ტ.-ს“.
კასატორის განმარტებით, შპს „ტ.-ს“ ეკისრებოდა დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულებასთან ერთად ეწარმოებინა აღნიშნული დოკუმენტაცია. იგი გათავისუფლებული არ ყოფილა ამ ვალდებულებისაგან, რაც დასტურდება ასეთი სახის შეთანხმების არ არსებობით საქართველოს ავტორთა საზოგადოებასა და მოწინააღმდეგე მხარე შპს „ტ.-ს“ შორის. შესაბამისად ნაწარმოების გამოყენების შესახებ დოკუმენტაციის წარმოების ტვირთი ისევ და ისევ ეკისრებოდა მოსარგებლეს შპს „ტ.-ს” და არა საქართველოს ავტორთა საზოგადოებას.
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან მის თანახმად „საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზძოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს“, ვინაიდან საქართველოს ავტორთა საზოგადოება მოსარგებლე არ არის, შეუძლებელია საწინააღმდეგოს წარმოდგენის მტკიცების ტვირთის მასზე დაკისრება, რადგან მოცემულ ნორმაში გარკვევით წერია თუ ვის ეკისრება იგი.
კასატორის აზრით, ვინაიდან დადასტურებულია, რომ შპს „ტ.-მ“, როგორც საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობის განმხორციელებელმა ორგანიზაციამ, ვერ წარმოადგინა საავტორო ჰონორარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კაბელით ხელახალი გადაცემისათვის, დაირღვა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გადაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის სასამართლო განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ავტორთა საზოგადოების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს ,,ტ.-სათვის’’ სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემის აკრძალვა. საკასაციო ინსტანციაში სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ შპს ,,ტ. ’’ახდენს გადაცემებს კაბელით. მას ნებართვები აღებული აქვს მაუწყებლობის ორგანიზაციებიდან. მოწინააღმდეგე მხარე კი ავტორთა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციაა, რომელსაც ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის 64-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის შესაბამისი ფორმით გამოყენებისათვის მოსარგებლეებზე გასცეს ლიცენზია. ამავე კანონის 65-ე მუხლის თანახმად, სწორედ ეს ორგანიზაცია Aათანხმებს მოსარგებლესთან ჰონორარის ოდენობას და ლიცენზიის სხვა პირობებს და უფლებამოსილია შეაგროვოს ჰონორარი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სარჩელი ჰონორარის ანაზღაურების თაობაზე არ არის დაკმაყოფილებული და სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული. ამ თვალსაზრისით სრულიად გაუგებარია, როგორც მხარეთა, ასევე სასამართლოს აპელირება საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტითGGGგამოყენების შესახებ ზუსტი ცნობების წარდგენა-წარუდგენლობაზე. მოცემულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს თუ რამდენად აუცილებელია მოპასუხის მიერ სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმება მოპასუხესთან ანუ უნდა აეკრძალოს თუ არა მას მუსიკალური ნაწარმოებების გადაცემა. პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა შეესაბამება მოქმედი სამართლის ნორმებს და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც სხვა Uუფლებებთან ერთად მოიაზრებს ნაწარმოების საჯარო გადაცემას, პირველი ან\და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემას სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). ამავე კანონის მე-4 მუხლის “ი1” და “ჟ” ქვეპუნქტები განმარტავენ “კაბელით ხელახალი გადაცემისა” და “საჯარო გადაცემის” ტერმინებს. “საჯარო გადაცემა” გულისხმობს ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემას ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე, რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე, მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ხოლო “კაბელით ხელახალი გადაცემა” განსაზღვრულია, როგორც სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისათვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში კაბელით გადაცემა არ გულისხმობს ცალკე დამოუკიდებელი პროგრამის შექმნას მომზადებას და გადაცემას, არამედ უკვე მომზადებული და ეთერში მიმდინარე პროგრამის შეუწყვეტლად, შეუკვეცავად დაEერთდროულად გადაცემას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კაბელით გადაცემაში იგულისხმება არა როგორც ცალკე დამოუკიდებელი სამაუწყებლო ტელევიზიის გადაცემებში ჩართული გადაცემა, არამედ ტელე-რადიო გადაცემების ყოველგვარი სახეცვლილების გარეშე მაყურებლისათვი მიწოდება გადაცემის სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა გადაცემები სადენით, საჰაერო (სატელიტური კავშირის) გზით. ბუნებრივია, სატელიტური კავშირით ან კაბელით ტელე თუ რადიო პროგრამების გადაცემისას იზრდება საჯარო გადაცემის არეალი, გადაცემები მიეწოდება უფრო მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ხდება უფრო მეტი მომხმარებლისათვის. პალატა თვლის, რომ მითითებული ტექნიკური საშუალებების მეშვეობით გადაცემაც წარმოადგენს ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტის მე-18 მუხლით დაცულ უფლებას და იგი საჭიროებს ავტორის თანხმობას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე შპს “ტ.” ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეუცვლელად ახორციელებს მიღებული გადაცემების ტრანზიტს, რითაც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, რაც არ გამორიცხავს ნაწარმოებების გამოყენების ფაქტს., რომლის დაცვის უფლება გააჩნია მოსარჩელეს, როგორც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ მაუწყებლობის გადაცემების, კერძოდ, მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით ტრანზიტი წარმოადგენს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით დაცვის ობიექტს..
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მითითებული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციაც. მითითებული ნორმატიული აქტის მე-11ბის(1)(იი) მუხლის თანახმად, ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორებს განსაკუთრებული უფლება აქვთ, გასცენ ნებართვა, რომ სადენებით და უსადენოდ კავშირგაბმულობის საშუალებებით, ეთერში განმეორებით გადაიცეს ყოველგვარი საჯარო გადაცემა, თუ ამას აკეთებს სხვა და არა თავდაპირველი ორგანიზაცია. მითითებული ნორმა მოიცავს უფლებას ეთერით გადაცემული ნაწარმოების ნებისმიერ საჯარო გადაცემაზე სადენით, ან ეთერით ხელახალ გადაცემაზე. აღნიშნული ნორმით ყურადღება გამახვილებულია, ერთი მხრივ, საჯარო გადაცემაზე, როგორც დაცვის აუცილებელ ელემენტზე, მეორე მხრივ, სადენით ან ეთერით ხელახალ გადაცემაზე, როგორც ავტორის დამოუკიდებელ უფლებებზე, ასევე, იმაზე, რომ ავტორის აღნიშნული განსაკუთრებული უფლება ვრცელდება არა პირვანდელ, არამედ სხვა ორგანიზაციაზე, რომელიც ახორციელებს ნაწარმოების საჯარო გადაცემას.
ბერნის კონვენციის აღნიშნულ რეგულირებას სრულად შეესაბამება “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მიერ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლებას. პალატა თვლის, რომ კაბელით გადაცემა წარმოადგენს ნაწარმოების გამოყენების ერთ-ერთ სახეს და ასეთი სახით ნაწარმოების გამოყენებისათვის აუცილებელია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის ნებართვა.
ამასთან, გასათვალისწინებელია “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. მოცემული ნორმა ადგენს იმის პრეზუმფციას, რომ კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უფლებამოსილია დაიცვას ნებისმიერი საჯაროდ შესრულებული, კაბელით ეთერით ან სხვა საშუალებით გადაცემული ნაწარმოებების ავტორთა და მომიჯნავე უფლებების მფლობელებთა უფლებები. აღნიშნული პრეზუმფცია მოქმედებს, ვიდრე მოსარგებლე არ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს, ე.ი. მიუთითებს ფაქტებზე, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტული ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლებების ობიექტი არ შედის კოლექტიური მართვის ორგანიზაციაში. კანონის თანახმად, დაცვის ობიექტია რეპერტუარში შემავალი ყველა ნაწარმოები, ხოლო სალიცენზიო ხელშეკრულებები, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-40-ე მუხლის თანახმად იდება რეპერტუარში შემავალ კონკრეტულ ნაწარმოებებზე.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზეც, რომლის თანახმად, კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უფლებამოსილია წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, შედის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში.
კონკრეტულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე _ მოსარგებლე ვერ ადასტურებს, არ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებმაც შეიძლება გამორიცხოს მოსარჩელის უფლება მის რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების დაცვაზე.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონის თანახმად განსაზღვრულია დაცვის ობიექტი _ მოსარჩელის რეპერტუარში შემავალი ნაწარმოებები და, ამდენად, არსებობს მოსარჩელის უფლების განსახორციელებლად საკმარისი პირობა. აღნიშნულის გათვალისწინებით ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შპს “ტ.” აეკრძალოს საქართველოს ავტორთა საზოგადოების რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემა საქართველოს ავტორთა საზოგადოებასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე.
ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ სარეზოლუციო ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ან უარყოფის თაობაზე არაფერი არ მიუთითებია, რაც სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბუნდოვანსა და გაუგებარს ხდის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
საქართველოს ავტორთა საზოგადოების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
საქართველოს ავტორთა საზოგადოების სარჩელი დაკმაყოფილდეს.
შპს ,,ტ.-ს’’ აეკრძალოს საქართველოს ავტორთა საზოგადოების რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემა საქართველოს ავტორთა საზოგადოებასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.