¹ას-69-402-09 1 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ჯ. შ-ძის უფლებამონაცვლე გ. ხ-აში,
მოწინააღმდეგე მხარეები – ქ. ბ-შვილი, თ. ქ-შვილი
კასატორი-- ქ. ბ-შვილი, თ. ქ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე---- ჯ. შ-ძის უფლებამონაცვლე გ. ხ-აში
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჯ. შ-ძემ აღძრა სარჩელი ქ. ბ-შვილისა და თ. ქ-შვილის მიმართ და მოითხოვა მათი გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ ბათუმში, ... ქ.¹36-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/4 ნაწილი მისი საკუთრებაა, კერძოდ, „ლიტერ-ა-ში“ საცხოვრებელი ოთახები 38 კვ.მ. 32 კვ.მ და 38 კვ.მ. ეს ოთახები დაკავებული აქვთ მოპასუხეებს როგორც მდგმურებს, რომლებიც 1990 წლიდან ბინის ქირას – 6 რუსულ მანეთს აღარ იხდიდნენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეები ქ. ბ-შვილი და თ. ქ-შვილი გამოსახლებულ იქნენ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სადგომიდან, მდებარე, ქ.ბათუმში ... ქ. ¹36, ლიტერ „ა“-ს პირველი სართულის ¹32, ¹36 და ¹37 ოთახებში.
ქ. ბ-შვილმა და თ. ქ-შვილმა შეიტანეს სარჩელი ჯ. შ-ძის მიმართ და აღნიშნეს, რომ ბათუმში, ... ქ. ¹36-ში ისინი სახელმწიფოს მიერ იქნენ შესახლებულნი 1937 წელს 18 კვ.მ. ფართში თანახმად 1937 წლის 15 ივნისის ნებართვისა.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს 1991 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე პრივატიზაციის უფლები მიცემა, რადგან თავად ფლობენ ამ ფართს 1937 წლიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს ქ. ბ-შვილმა და თ. ქ-შვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ორივე საქმე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. ბ-შვილისა და თ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა აპელანტების საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებაზე და გაუქმდა აღნიშნული გადაწყვეტილება.
ჯ. შ-ძის სარჩელი ქ. ბ-შვილისა და თ. ქ-შვილის გამოსახლების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ისინი გამოსახლებულ იქნენ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹36-ში მდებარე 30 კვ.მ. ფართიდან.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია გარიგების დადებისას კანონის დარღვევა, კერძოდ ის ფაქტი, რომ გ. ხ-აშმა გაასხვისა კომუნალური ქონება, რადგან არ დადგინდა, რომ ... ქ. ¹32 და ¹34-ში მდებარე უძრავი ქონება კომუნალური ფართია.
პალატამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს უძრავი ქონების მესაკუთრე არ იყო ნ. ქ-ოღლი, ქ. ქ-ოღლი და ს. ხ-ოვა. საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹36-ში მდებარე ლიტერი “ა” ¹23-2182 სამკვიდრო მოწმობისა ეკუთვნოდა ნ. ქ-ოღლის, ქ. ქ-ოღლისა და ს. ხ-ოვას, რომელთაგანაც სანოტარო წესით დადებული ხელშეკრულებით შეიძინა ლ. შ-ძემ, კ. შ-ძემ და ა. ი-ძემ.
პალატის განმარტებით, 1991 წლის 27 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ნ. ქ-ოღლის, ქ. ქ-ოღლისა და ს. ხ-ოვას მინდობილ პირს გულშან ხ-აშსა და ლ.შ-ძეს, კ.შ-ძეს და ა.ი-ძეს შორის. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოადგენენ ნ. ქ-ოღლი, ქ. ქ-ოღლი, ს. ხ-ოვა, ლ.შ-ძე, კ.შ-ძე და ა.ი-ძე. გასაჩივრებულ ხელშეკრულებაში ჯ.შ-ძე არ მონაწილეობს და შესაბამისად იგი ვერ იქნება სათანადო მოპასუხე. არასათანადო მოპასუხის მიმართ დაყენებული მოთხოვნა უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება ჯ. შ-ძის სარჩელს, აპელაციამ დაადგინა, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით ჯ.დ შ-ძეს ბ-შვილისა და ქ-შვილის 18 კვ.მ. ფართზე მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნის საფუძველი ექნება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც სახელმწიფო ბ-შვილსა და ქ-შვილს აუნაზღაურებს მათ მიერ დაკავებულ 18 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებას.
ჯ. შ-ძეს, ბ-შვილსა და ქ-შვილს სახელმწიფოსაგან დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. ჯ.შ-ძეს დაკავებული ფართის კომპენსაცია ბ-შვილისა და ქ-შვილისათვის არ გადაუხდია.
პალატამ დაადგინა, რომ 18 კვ.მ. ფართის ზემოთ არსებულ 320 კვ.მ. ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი ბ-შვილსა და ქ-შვილს არ გააჩნდათ. ჯ.შ-ძემ 1999 წელს მოითხოვა ქირის გაზრდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ხელშეკრულებას შეწყვეტდა, ხოლო სარჩელი აღძრა 2002 წლის 3 იანვარს ქირის გადაუხდელობის გამო.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჯ.შ-ძის სარჩელი ბ-შვილისა და ქ-შვილის გამოსახლების შესახებ 30 კვ.მ. ფართის ნაწილში საფუძვლიანად ცნო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. შ-ძემ.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება აშკარად უკანონო და უსაფუძვლოა. საქმეში არ არსებობს არცერთი კანონიერი საბუთი, რომელიც მას ართმევს საკუთრების განკარგვისა და მფლობელობის უფლებას.
კასატორის განმარტებით, ეს საკუთრება რომელიც ირიცხებოდა და დღესაც მის სახელზე ირიცხება საჯარო რეესტრში, არასდროს არ იყო ჩამორთმეული და არც გასხვისებული. იგი მიუთითებს, რომ ამ საკითხზე იმსჯელა აჭარის უმაღლესმა სასამართლომ და დაადგინა, რომ ქ.ბათუმში ... ¹36 მდებარე სახლთმფლობელობის ლიტერ „ა“ პირველ სართულზე განლაგებული ¹36, ¹37, ¹38 ოთახები საჯარო რეესტრის მიხედვით რეგისტრირებულია მის სახელზე. ასევე დადგენილია და არც მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს რომ ისინი სახლის მეპატრონეს ქორმეხმედოღლის ბინის ქირის სახით უხდიდნენ 6 მანეთს თვეში, რაც ადასტურებს რომ ისინი დამქირავებლის უფლებებით ცხოვრობდნენ, ხოლო მას შემდეგ რაც კასატორი გახდა აღნიშნული ქონების მესაკუთრე, მათ უარი განაცხადეს ქირის გადახდაზე. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით მოითხოვა მან მისი კუთვნილი ქონებიდან მათი გამოსახლება.
კასატორის განმარტებით, ქ.ბათუმის მერიის ტექ. აღრიცხვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ქ-ძის მიერ წარმოდგენილი სახლთმფლობელობის აღრიცხვის ნუსხის წიგნიდან და მის მიერ წარმოდგენილი ტიტულიანი ბეჭდით დამოწმებული ცნობიდან ირკვევა, რომ აღნიშნული საკუთრება კომუნალურ ფონდში არასდროს არ ირიცხებოდა.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ასევე საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბ-შვილმა და თ. ქ-შვილმა.
კასატორების აზრით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სახლთმფლობეოლობა ისე გაიყიდა, რომ სახელმწიფოს როგორც უფლებამოსილ პირს და ქონების მესაკუთრეს თანხმობა არ განუცხადებია. ასევე სასამართლო პროცესზე საერთოდ არ დამდგარა სათანადო მოპასუხის საკითხი და გაუგებარია სასამართლო უარს რატომ ამბობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ისე, რომ არ შეუცვლია მოპასუხე თუ იგი მართლაც არასათანადო არის. წარმოდგენილი საარქივო მასალებით სრულად დასტურდება სადაო ფართზე სახელმწიფოს საკუთრება.
სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული სახლის ნახაზები კერძოდ: 18 კვ.მ. ოთახის რომელზედაც ისინი მიიჩნია მოსარგებლედ ანუ ისინი დატოვა ოთახში შესასვლელის და სანიტარული კვანძების გარეშე, მაშინ როცა ჯ. შ-ძემ დაადასტურა, რომ კასატორების აზრით ისინი ფლობენ 48 კვ.მ. ფართს, რეგისტრირებულები არიან ამ მისამართზე და იხდიდიდნენ და იხდიან კომუნალურ გადასახადებს. რასაც სასამართლო არ უარყოფს თუმცა გადაწყვეტილებაში მიიჩნია 18 კვ.მ. მოსარგებლედ და 30 კვ.მ. ფართის დამქირავებლად მაშინ როცა ისინი არანაირ ქირას არავის არ უხდიან და 30 კვ.მ. ფართშიც სახელმწიფოს თანხმობით ვართ შესახლებული რაც კარგად ჩანს საქმეში წარმოდგენილი სახლთმფლობელობის ნახაზით სადაც სადაო 30 კვ.მ. ფართის ოთახები მესაკუთრედ სახელმწიფოა მითითებული.
კასატორებმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით კასატორ ჯ. შ-ძის გარდაცვალების გამო საქმეში მის უფლენამონაცვლედ ჩაბმული იქნა გ. ხ-აში
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრების საფუძვლებს და თვლის, რომ ქ. ბ-შვილისა და თ. ქ-შვილის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ჯ. შ-ძის უფლებამონაცვლის გ. ხ-აშის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან მიმართებაში და შესაბამისად უსაფუძვლოდ მიიჩნევს ქ. ბ-შვილისა და თ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტების ამ საკითხთან მიმართებაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სადავო ფართი ირიცხებოდა კომუნალურ ფონდში, არ ნიშნავს იმას, რომ გასხვისების მომენტისათვისაც სახლთმფლობელობა არსებობდა ამ მდგომარეობაში. კასატორი ვერ უთითებს მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებს, რომ გასხვისების მომენტისათვის გამსხვისებლები არ იყვნენ ამ ბინის მესაკუთრეები ან სხვა პირს ეკუთვნოდა ბინა. ხეშეკრულების ბათილობის საკითხი შეუძლებელია დადგეს იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეს არ მოუთხოვია იმ საფუძვლის ბათილად ცნობა, რომლითაც კომუნალური ფონდის ფართი აღირიცხა კერძო პირთა საკუთრებად. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მითითებაც არასათანადო მხარის თაობაზეც და ასევე სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად გარიგების ბათილობის თაობაზე.
რაც შეეხება კასატორის არგუმენტაციას, 30 კვ.მ სახოვრებელი ფართიდან მათი გამოსახლების თაობაზე, სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს. ის, რომ კასატორები ადმინისტძრაციული აქტის საფუძველზე შესახლებულნი არიან 18 კვ.მ. ფართში დავას არ იწვევს, მაგრამ დღეისათვის კასატორები ფლობენ უფრო მეტ ფართს. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ფართს კასატორები არამართლზომიერად ფლობენ. საკასაციო პალატა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას არასრულად მიიჩნევს და თვლის, რომ აღნიშნული საკითხი ხელახლა განხლვას მოითხოვს. სასამართლოს უნდა დაედგინა თუ რა პერიოდიდან ფლობენ მითითებული პირები სადავო 30 კვ.მ. და რა ურთიერთობა არსებობდა აღნიშნული 30 კვ.მ. ფართის მესაკუთრეს და კასატორებს შორის, აღნიშნულ ფართზე ვინ იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და ხომ არ წარმოადგენდნენ ეს პირები აღნიშნულ ფართზე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ კანონის“ თანახმად მოსარგებლეებს. ის გარემოება, რომ კასატორებმა ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე დაიკავეს სახლის გარკვეული ნაწილი, არ გამორიცხავს სახლის მესაკუთრესთან შეთანხმებით სახლის სხვა ნაწილის დაკავებას. ასეთ შემთხვევაში კი მხარეთა ურთიერთობა დანარჩენ ფართზე უნდა რეგულირდეს ზემოთ მითითებული კანონის შესაბამისად. უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ურთიერთობა დანარჩენ 30 კვ.მ. საცხოვრებელ ფართზე. ვინაიდან, ამ ურთიერთობის მონაწილეები ხდებოდნენ არა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, დანარჩენ ფართთან მიმართებაში სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ზემოთ მითითებული გარემოებები.
პალატა ვერ გაიზიარებს ჯ. შ-ძის საკასაციო საჩივარში მითთებულ არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან სახლის მეპატრონეს მოწინააღმდეგე მხარე ქირის სახით 6 მანეთს უხდიდა თვეში, ისინი წარმოადგენენ დამქირავებლებს. ქირვნობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით მოსარგებლეები, როგორც წესი, ათეულობით წლების განმავლობაში ფლობდნენ საცხოვრებელ ფართებს. ისინი იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს და რეგისტრირებული იყვნენ საცხოვრებელ ფართში. მითითებული ფაქტორები არ ახასიათებს ქირავნობის ხელშეკრულებას და პალატის მოსაზრებით დამქირავებლებად ბ-შვილისა და ქ-შვილის მიჩნევა არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებათა ანალიზიდან
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. შ-ძის უფლებამონაცვლის გ. ხ-აშის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქ. ბ-შვილისა და თ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. შ-ძის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ქ. ბ-შვილისა და თ. ქ-შვილის ბათუმში ... ქ.¹36-ში მდებარე 30 კვ.მ. ფართიდან გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება