ას-694-650-2010 22 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები: 1. შპს “ს. რ.” (მოპასუხე)
2. მ. კ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (შპს “ს. რ.-ს მოთხოვნა); 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (მ. კ-ძის მოთხოვნა)
დავის საგანი _ მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება, სარჩოს გადაანგარიშება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სარჩელი შპს “ს. რ.-ს” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ს. რ.-ს” მ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 9943 ლარის გადახდა, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მისაღებ ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის სახით 2009 წლის 7 ნოემბრიდან ყოველთვიურად 347 ლარისა და 72 თეთრის გადახდა.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 1989 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ამიერკავკასიის რ.-ს სამტრედიის განყოფილებას 1989 წლის სექტემბრიდან 1990 წლის პირველ აგვისტომდე ანუ მდგომარეობის შეცვლამდე მ. კ-ძის სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისრა 174 მანეთი _ სხვაობა ხელფასსა და პენსიას შორის. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, მ. კ-ძეს პროფესიული შრომის უნარი დაკარგული აქვს 100%-ით.
მ. კ-ძე სამსახურიდან გათავისუფლებამდე მუშაობდა სს “ჭიათურმანგანუმის” კალინინის სახელობის მაღაროთა სამმართველოში ელექტრო-ზეინკლის თანამდებობაზე.
სს “ჭიათურმანგანუმში” 1999 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში ელექტრო-ზეინკლის საშუალო ხელფასი შეადგენდა თვეში 110,29 ლარს, 2005-2006 წლებში _ ყოველთვიურად 154,37 ლარს, 2007 წელს _ 282,04 ლარს, 2008 წელს _ 341,12 ლარს, ხოლო 2009 წლის იანვარ-თებერვალში _ 412,72 ლარს.
მ. კ-ძეს 1995 წლის პირველი აგვისტოდან მიენიჭა მეორე ჯგუფის ინვალიდობა უვადოდ.
მ. კ-ძის პენსია, რომელსაც იგი იღებს სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეორე ჯგუფის ინვალიდობის გამო, შეადგენს თვეში 65 ლარს.
შპს “ს. რ.” მოსარჩელეს სარჩოს სახით უნაზღაურებდა 12 ლარს. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა მასზედ, რომ მ. კ-ძე ვერ ადასტურებდა, რომ შპს “ს. რ.-საგან” ყოველთვიურად იღებდა 12 ლარს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი შპს “ს. რ.-ს” ზესტაფონის სადგურის დირექტორის ცნობით დასტურდება, რომ მ. კ-ძეს ზიანის ანაზღაურების სახით 2005 წლის პირველი აპრილიდან ეძლევა 12 ლარი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა ელემენტი, ქონებრივი პასუხისმგებლობისა და ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ითხოვდა შპს “ს. რ.-საგან” მისაღებ სარჩოზე ყოველთვიურად დაკლებული თანხის ანაზღაურებას 1999 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 მარტამდე, რაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, ხოლო სარჩელი წარდგენილია 2009 წლის 6 აპრილს, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ მ. კ-ძის მოთხოვნა 2006 წლის 6 აპრილამდე ხანდაზმულად მიიჩნია და, შესაბამისად, მოპასუხეს მ. კ-ძის სასარგებლოდ ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის სახით ერთდროულად დააკისრა 9943 ლარის გადახდა (2006 წლის _ 618,96 ლარი, 2007 წლის _ 2460,48 ლარი, 2008 წლის _ 3170,64 ლარი, 2009 წლის _ 3692,92 ლარი). ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ ელ.ზეინკლის ხელფასს (2009 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით) - 412,72 ლარს გამოაკლო პენსია 65 ლარი, რომელსაც მოსარჩელე იღებს სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეორე ჯგუფის ინვალიდობის გამო, და 2009 წლის 7 ნოემბრიდან მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად სარჩოს სახით დააკისრა 347,72 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
შპს “ს. რ.-მ” სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მ. კ-ძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ძისა და შპს “ს. რ.-ს” სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს “ს. რ.-ს” მ. კ-ძის სასარგებლოდ ერთდროულად გადასახდელად დაეკისრა 9989 ლარი და 53 თეთრი, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
შპს “ს. რ.-ს” მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობდა მტკიცებულებები შპს “ს. რ.-ს” მიერ მოსარჩელისათვის სარჩოს სახით ყოველთვიურად 12 ლარის ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნა, რომ საქმეში არსებობდა შპს “ს. რ.-ს” ზესტაფონის სადგურის დირექტორის ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მ. კ-ძეს ზიანის ანაზღაურების სახით 2005 წლის პირველი აპრილიდან ეძლეოდა 12 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს “ს. რ.-ს” მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დელიქტის თაობაზე ერთხელ უკვე იმსჯელა ჭიათურის რაიონის სასამართლომ და გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება მოპასუხისათვის სარჩოს (ზიანის ანაზღაურების) დაკისრების შესახებ, შესაბამისად, აღარ არსებობდა სკ-ის 1008-ე მუხლის გამოყენების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტ მ. კ-ძის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი და, რომ მას უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 142-ე მუხლი, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი, მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და, შესაბამისად, მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობად მიიჩნია ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს “ს. რ.-ს” მ. კ-ძის სასარგებლოდ არასწორად დააკისრა გადასახდელად 2006 წლის 8 თვის თანხა, ნაცვლად 9 თვისა, ვინაიდან 2006 წლის აპრილიდან 2007 წლის იანვრამდე არის 9 და არა 8 თვე. აღნიშნულის გათვალისწინებით, დამატებით გადასახდელი თანხა შეადგენს 46 ლარს და 53 თეთრს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ შპს “ს. რ.-ს” მ. კ-ძის სასარგებლოდ ერთდროულად უნდა დაკისრებოდა 9989,53 ლარი, ნაცვლად 9943 ლარისა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
შპს “ს. რ.-მ” საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი და უარი უნდა ეთქვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გასვლის გამო, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ჯერ კიდევ 1989 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ და, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგანაც სარჩელი აღძრულია 2009 წელს. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც უთითებს, რომ მოსარჩელეს შრომის უნარი 100%-ით აქვს დაკარგული, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
რაც შეეხება კასატორ მ. კ-ძეს, მან საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. ასევე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც მას უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღების შესახებ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 142-ე მუხლი, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 10 წელს.
კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მის მიერ მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ასანაზღაურებელ თანხას არ უნდა გამოკლებოდა მის მიერ მიღებული პენსია 65 ლარი, რადგან პენსიის ოდენობა 2006 წლის პირველი მარტიდან ცვალებადი იყო, ახალი გარემოების მითითება გამოწვეული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილების გამო და, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უარი ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღებასთან დაკავშირებით არაკანონიერია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს. რ.-სა” და მ. კ-ძის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “ს. რ.-სა” და მ. კ-ძის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შპს “ს. რ.-ს” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 5.1 მუხლის “მ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი მ. კ-ძე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ს. რ.-ს” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
3. შპს “ს. რ.-ს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.