Facebook Twitter

ას-69-60-2011 17 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «ს-ი» (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ჯ. ფ-ი» (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ გადასახადის დაკისრების შესახებ აქტების ბათილად ცნობა, უსაფუძვლოდ დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ს-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «თ-ს» მიმართ და მოითხოვა შპს «თ-ს» 2007 წლის 12 თებერვლის ¹19/1 და 2008 წლის 16 ოქტომბრის ¹0000300 აქტების ბათილად ცნობა, ამ აქტების საფუძველზე დარიცხული 15456,80 ლარისა და 7711,20 ლარის შპს «ჯ. ფ-ის» სასარგებლოდ გადახდისაგან გათავისუფლება შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 12 თებერვალს მოპასუხემ მოსარჩელეს ქსელზე უნებართვოდ მიერთებისა და წყალმზომის დაზიანებისათვის დაარიცხა 15456, 80 ლარის გადახდა, რაც უკანონოა, ვინაიდან შპს «ს-ი» წლების განმავლობაში ირიცხებოდა შპს «თ-ს» აბონენტად.

1996 წლიდან მხარეთა შორის დადებული გარიგების თანახმად, მოსარჩელე აწვდიდა ელექტროენერგიას შპს «...» მესამე ზონის წყლის რეზერვუარის სატუმბო სადგურს, ხოლო შპს «...», თავის მხრივ, წყალსაქაჩის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს საკონტროლო მრიცხველის ჩვენებისა და ურთიერთშედარების აქტების საფუძველზე რიცხავდა სს «თ-ის» ანგარიშზე. ამასთან, ხდებოდა ურთიერთჩათვლა შპს «ს-ის» მიერ მოხმარებული წყლის საფასურის სანაცვლოდ.

2007 წლის 12 თებერვლის ¹19/1 აქტში არასწორად არის მითითებული მილის დიამეტრი. შპს «ს-ს» წყალი მიეწოდებოდა არა 40 მმ, არამედ 15 მმ დიამეტრის მილით.

2008 წლის 16 ოქტომბერს ¹0000300 აქტით შპს «ს-ს» წყალმომარაგების თვითნებური აღდგენისათვის გადასახდელად უკანონოდ დაერიცხა 7711 ლარი და 20 თეთრი, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან თვითნებური აღდგენა არ მომხდარა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი დაკმაყოფილების არანაირი წინაპირობა არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,თ-ს» 2008 წლის 16 ოქტომბრის ¹0000300 აქტი, შპს ,,ს-ი» გათავისუფლდა შპს ,,ჯ. ფ-ის» სასარგებლოდ 2008 წლის 16 ოქტომბრის ¹0000300 აქტით დარიცხული 7711 ლარის და 20 თეთრის გადახდის ვალდებულებისაგან, შპს «ს-ი» არ გათავისუფლდა შპს ,,ჯ. ფ-ის» სასარგებლოდ 2007 წლის 12 თებერვლის აქტით დარიცხული 15456 ლარისა და 80 თეთრის გადახდის ვალდებულებისაგან, შპს ,,ჯ. ფ-ს» შპს «ს-ის» სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 231 ლარისა და 33 თეთრის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შპს «ჯ. ფ-მა» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ. ფ-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტიელბა გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც: ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,თ-ს» 2008 წლის 16 ოქტომბრის ¹0000300 აქტი; შპს ,,ს-ი» გათავისუფლდა შპს ,,ჯ. ფ-ის» სასარგებლოდ 2008 წლის 16 ოქტომბრის ¹0000300 აქტით დარიცხული 7711 ლარისა და 20 თეთრის გადახდის ვალდებულებისაგან; შპს ,,ჯ. ფ-ს» შპს «ს-ის» სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 231 ლარისა და 33 თეთრის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ს-ის» სარჩელი შპს ,,თ-ს» 2008 წლის 16 ოქტომბრის ¹0000300 აქტის ბათილად ცნობისა და ამ აქტით დარიცხული 7711 ლარისა და 20 თეთრის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შპს ,,ს-ს» შპს ,,ჯ. ფ-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 309 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ შპს ,,თ-ს» 2008 წლის 16 ოქტომბრის ¹0000300 აქტით არ დასტურდება შპს «ს-ის» მხრიდან წყალმომარაგების თვითნებურად აღდგენის ფაქტი, ვინაიდან ამ აქტის შედგენას არ ესწრებოდა შპს «ს-ის» წარმომადგენელი. პალატის მოსაზრებით, შპს «ს-ის» დირექტორმა გ. ზ-შვილმა სასამართლოსათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში დაადასტურა, რომ იგი ესწრებოდა სადავო აქტის შედგენას, მაგრამ ხელი არ მოაწერა აქტზე, ვინაიდან აქტში მითითებული დარღვევა არ არსებობდა. ეს ფაქტი დაადასტურა ასევე მოწმედ დაკითხულმა შპს «ს-ის» თანამშრომელმა გ. ლ-ძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა სადავო აქტის შედგენას.

შპს ,,თ-ს» 2008 წლის 16 ოქტომბრის სადავო ¹0000300 აქტით დადგენილია, რომ შპს «ს-ის» წყალმომარაგების მილი დალუქული იყო დავალიანების არსებობის გამო, შემოწმების შედეგად აღმოჩნდა წყალმომარაგების თვითნებური აღდგენა. ამდენად, შპს «ს-ის» მიერ წყალმომარაგების თვითნებური აღდგენის ფაქტი დასტურდება ზემოაღნიშნული სადავო აქტით, რომლის შედგენასაც ესწრებოდა საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი. პალატა თვლის, რომ ხსენებული აქტით დადგენილი ფაქტების გასაქარწყლებლად ვერ გამოდგება მარტო იმ გარემოებაზე მითითება, რომ საწარმოს წარმომადგენელმა ხელი არ მოაწერა აქტს, ვინაიდან მას არ ეთანხმებოდა.

სასამართლომ იხელმძღვანელა ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 1 მარტის ¹3-3 გადაწყვეტილებით დამტკიცებული «ქ.თბილისის რეგიონში წყალსადენის და კანალიზაციის სისტემებით სარგებლობის წესების» 141-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს «თ-ს» 2007 წლის 17 აპრილის ¹4/-10 აქტით დადგენილია, რომ დავალიანების არსებობის გამო შპს «ს-ს» შეუწყდა წყალმომარაგება და წყლის მილს დაედო დამღა. შპს ,,თ-ს» 2008 წლის 16 ოქტომბრის ¹0000300 აქტით კი ირკვევა, რომ შპს «ს-მა» თვითნებურად აღადგინა წყალმომარაგება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ შპს «თ-ი» უფლებამოსილი იყო, შეედგინა სადავო აქტი და შპს «ს-ისათვის» დაერიცხა ამ აქტში მითითებული თანხა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «ს-მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. ქ.თბილისის საკრებულოს 2000 წლის 1 თებერვლის ¹3-3 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქალაქო წყალსადენით სარგებლობის წესების 126-ე და 117-ე მუხლების შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის მიერ შედეგნილი სადავო ოქმი არ უნდა ჩაითვალოს კასატორის არამართლზომიერი ქმედების დადასტურებად, რადგან ხსენებული დოკუმენტი ასახავს მხოლოდ მისი შემდგენის პოზიციას.

სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი, როდესაც მიიჩნია, რომ კასატორმა აღიარა სადავო აქტის შედგენისას მისი წარმომადგენლის დასწრების ფაქტი. რეალურად მოსარჩელემ განმარტა, რომ შპს «ს-ის» წარმომადგენლები აქტის შედგენის ადგილზე მივიდნენ მისი შედგენის შემდეგ და არ დაეთანხმდნენ აქტში დაფიქსირებულ გარემოებებს, რის გამოც არ მოაწერეს მას ხელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით შპს «ს-ს» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «ს-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია გადასახადის დაკისრების შესახებ აქტების ბათილად ცნობისა და უსაფუძვლოდ დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «ს-ის» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 386 ლარის 70% _ 270,2 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ს-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ შპს «ს-ს» (საიდენტიფიკაციო კოდი ¹206040443) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 270,2 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.