ას-69-66-2010 19 აპრილი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. ი-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ გ. ი-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 30 აპრილს ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ი-ძემ მოპასუხე გ. ი-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შვილის _ აწ გარდაცვლილი მ. ი-ძის კუთვნილ აქტივებსა და პასივებზე მის მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კერძოდ, აღნიშნა, რომ შვილის გარდაცვალებით გამოწვეული სულიერი ტრავმის გამო იგი გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას, რამაც გამოიწვია სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის გაშვება. სამართლებრივად მოსარჩელემ მოთხოვნა დააფუძნა სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გაგრძელების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული (ს.ფ. 2-11, 78-82).
2009 წლის 1 ივნისს იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა გ. ი-ძემ, რომელმაც მოითხოვა მის მიერ შვილის, აწ გარდაცვლილი მ. ი-ძის კუთვნილი აქტოვებისა და პასივების მიღებულად მიჩნევა.
შეგებებულ სარჩელში აღნიშნულია, რომ, მართალია, გ. ი-ძეს შვილის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, მაგრამ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებას, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ს.ფ. 39-48).
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ი-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ი-ძეს გაუგრძელდა მ. ი-ძის სამკვიდროს მიღების ვადა, ასევე დაკმაყოფილდა გ. ი-ძის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და მას მიღებულად ჩაეთვალა მ. ი-ძის სამკვიდრო.
საქმეზე წარდგენილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცნობებიდან და მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე, ავადმყოფობის გამო, რაიონულმა სასამართლომ საპატიოდ მიიჩნია ნ. ი-ძის მიერ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გადაცილება.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე გ. ი-ძის წარმომადგენლის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მიერ გაცემული არარეგისტრირებული ცნობებიდან გამომდინარე ნ. ი-ძის ავადმყოფობა არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული საპატიო გარემოებად.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ნ. ი-ძის მტკიცება მისი ავადმყოფობის შესახებ არ იყო დამაჯერებლობას მოკლებული, ვინაიდან შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ტრავმა რომ ასეთ შედეგს გამოიწვევდა ეს სავსებით გასაზიარებელი იყო, რაც ასევე დასტურდებოდა ექიმების მიერ გაცემული ცნობებით (ს.ფ. 86-90).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ი-ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-ძემ, რომელმაც მოითხოვა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ი-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 92-101).
ქუთაისის სააპელაიო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ი-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება ნ. ი-ძის სარჩელის დაკმაყოფილების და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ი-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნ. ი-ძემ თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ავადმყოფობის გამო გაუშვა სამკვიდროს მიღების ვადა. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ ბ. ჭ-ძისა და ექიმ თ. ხ-იას მიერ გაცემული ცნობების ასლები.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარის მიერ მიცემული განმარტება წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ მხარის მიერ მიცემული განმარტებით და მის მიერ წარდგენილი ცნობებით არ შეიძლებოდა დადგენილიყო მისი ავადმყოფობის ფაქტი, რადგან აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მხარის ავადმყოფობასა და მისი გადაადგილების შეუძლებლობაზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ დავის გადასაწყევტად არასაკმარის და არასანდო მტკიცებულებას წარმოადგენდა თავად მოსარჩელის განმარტება და მის მიერ წარდგენილი ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან ისინი არ იყო შედგენილი და დამოწმებული სათანადო წესით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო, დაედასტურებინა სათანადო მტკიცებულებებით სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის გაშვებისას საპატიო მიზეზის არსებობა, რაც მისი სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა (ს.ფ. 143-149).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ი-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1426.1 მუხლი, რომლის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული. კასატორი მიუთითებს, რომ მას შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად შეერყა, კერძოდ, დაავადდა ნევრასთენიით და ამჟამადაც მძიმე მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ იგი შვილის გარდაცვალებიდან 8 თვის განმავლობაში ვერ შეძლებდა სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვას (ს.ფ. 169-175).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ი-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, ნ. ი-ძის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ი-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.