საქმე # 330802220003630913
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
19I-20 ქ. თბილისი
გ-ი გ. მ, 19I-20 30 აპრილი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – გ. მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 22 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, 2006 წლის 29 სექტემბერს თ-ს რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო №1 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №2005/206-2006/402 განაჩენით, გ. მ. გ-ს მონაწილეობით, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე და 38-ე მუხლებთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (მცდელობის ეტაპზე შეჩერებული განზრახ მკვლელობის წაქეზება), 38-ე მუხლთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის წაქეზება) და 38-ე მუხლთან ერთობლიობაში 86-ე მუხლის მე-3 ნაწილის „e” ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. იმავე განაჩენით, გ. მ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, 5 წლის, 18 წლისა და 4 თვის და 2 წლის, 9 თვისა და 10 დღის ვადით;
2015 წლის 20 ოქტომბერს თ-ის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო №1 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2015 წლის 24 ოქტომბერს გ. მ. გ-ი გათავისუფლდა პირობით. ამასთან, ზემოაღნიშნული განაჩენით დადგენილ სასჯელს იგი იხდიდა 2006 წლის 7 ივნისიდან;
2018 წლის 19 ოქტომბერს თ-ის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო №1 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №2016/191-2018/311 განაჩენით, გ. მ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე და 38-ე მუხლებთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (მცდელობის ეტაპზე შეჩერებული განზრახ მკვლელობის წაქეზება) და 38-ე მუხლთან ერთობლიობაში 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „a“ ქვეპუნქტით (იარაღის გამოყენებით მუქარის წაქეზება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. იმავე განაჩენით, გ. მ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, 13 წლის და 2 წლისა და 6 თვის ვადით. იმავე დღეს გამოტანილ იქნა გ. მ. გ-ს დაკავების ბრძანება;
2019 წლის 18 ნოემბერს თ-ის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო №1 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან გ. მ. გ-მ ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში მან, აგრეთვე, უნდა მოიხადოს 2006 წლის 29 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5549 დღე;
2020 წლის 27 თებერვალს თ-ის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო №1 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გ. მ. გ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში, 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენთან მიმართებით მას მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა.
2. მოწოდებული მასალების თანახმად, გ.მ. გ-ს მიერ თ-ს რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 29 სექტემბრის განაჩენი:
2005 წლის 11 მაისს გ. მ. გ-ი და მის მიერ ორგანიზებული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ერთან დ, ს. ე-ი, მ. დ-ი, თ. თ-ი და მ. პ-ი, ა. ს-ე და მის მიერ ორგანიზებულ ჯგუფზე თავდასხმის განხორციელების მიზნით, მივიდნენ შემთხვევის ადგილზე - თ-ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქ. ჩ-ი მდებარე ერთ-ერთ კაფეში. მითითებულ ადგილზე, ჯგუფებს შორის არსებული მტრული დამოკიდებულების ნიადაგზე, დაიწყო ორმხრივი სროლა. ს. ე-ა, გ. მ. გ-ს მითითების შესაბამისად, ა. ს-ს მოკვლის მიზნით, ამ უკანასკნელის მიმართულებით გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, თუმცა გასროლილი ტყვიები მოხვდა შემთხვევის ადგილზე მყოფ გარეშე პირებს - თ. ა-ს და ა. ე-ს. ს. ე-ს აღნიშნული ქმედებების შედეგად, თ. ა-ა გარდაიცვალა, ხოლო ა. ე-ა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
ა. ს-ა და მისი ჯგუფის წევრის - ა. ქ-ს მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, აგრეთვე, გ. მ. გ-მ და ე. დ-მ. ამასთან, აღნიშნული დაპირისპირება განხორციელდა რაიონის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს გააზრებული ჰქონდათ, რომ მითითებულ ადგილას ცეცლხსაროლი იარაღების გამოყენებას შესაძლოა მოჰყოლოდა ადგილზე მყოფი გარეშე პირების ჯანმრთელობის დაზიანება ან/და სიცოცხლის მოსპობა ისინი გულგრილად ეკიდებოდნენ მითითებული შედეგის დადგომის შესაძლებლობას.
2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი:
2016 წლის 3 აპრილს გ. მ. გ-ს მითითების შესაბამისად, მის რესტორანში მომუშავე პირებმა - ჰ. ქ-ა და მ. ქ-ა ჯერ სცემეს, შემდეგ კი გაისროლეს დაზარალებულების - ე. ე-ს და ნ. ა-ს მიმართულებით, რომლებსაც არ ჰქონდათ გადახდილი რესტორანში მიღებული მომსახურების საფასური. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ე. ე-ა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და მისი გადარჩენა მოხერხდა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად.
3. 2019 წლის 9 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გ. მ. გ-ს ექსტრადიციის თაობაზე თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
4. 2019 წლის 2 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გ. მ. გ-ი.
5. 2019 წლის 4 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით გ. მ. გ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
6. 2019 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით გ. მ. გ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2020 წლის 2 თებერვლამდე.
7. 2019 წლის 12 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით გ. მ. გ-სა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
8. 2020 წლის 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, გ. მ. გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2020 წლის 2 მაისამდე.
9. 2020 წლის 3 თებერვალსა და 12 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ს რესპუბლიკის კომპტენეტური ორგანოებისაგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია და გარანტიები გ. მ. გ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
10. 2020 წლის 25 თებერვალსა და 2020 წლის 19 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღო დამატებითი ინფორმაცია გ. მ. გ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
11. 2020 წლის 21 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი გ. მ. გ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თ-ის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო №1 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრისა №2005/206-2006/402 და 2018 წლის 19 ოქტომბრის №2016/191-2018/311 განაჩენებით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2020 წლის 22 აპრილის განჩინებით დასაშვებად ცნო გ. მ. გ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თ-ის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო №1 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრისა №2005/206-2006/402 და 2018 წლის 19 ოქტომბრის №2016/191-2018/311 განაჩენებით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.
13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – გ. მ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. პ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით: იგი იდევნება პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან აფინანსებს ოპოზიციურ პარტიას; არის თავშესაფრის მაძიებელი; თ-ს რესპუბლიკაში ხშირია პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტები; გ.მ. გ-ს მსჯავრდება უკანონოა, ვინაიდან მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გ. მ. გ-ი ექსტრადიციის მიზნით საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 2 აგვისტოს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ძებნილი გ.მ. გ-ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თ-ს რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. მხოლოდ განცხადებას, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, რომ გ.მ.გ-ი, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
5. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის შესახებაც, რომ გ.მ.გ-ს ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს თ-ს რესპუბლიკაში, რადგან არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით დასტურდება, რომ იქ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მძიმე მდგომარეობაა და შესაძლოა, გ.მ.გ-ი დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ვინაიდან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნასა და არასათანადო მოპყრობას და აღნიშნულის თაობაზე მტკიცების ტვირთი აკისრია დაცვის მხარეს (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99 46951/99, ECHR [GC], 73). შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ისეთი ხასიათის მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიდა არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ გ.მ.გ-ს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება მისი თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, კასატორის ზოგადი განცხადება, რომ თ-ს რესპუბლიკაში მძიმე მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, არ წარმოადგენს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.
6. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ თ-ს რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილია გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში სისხლის სამართალწარმოების ან/და სასჯელის მოხდის პერიოდში თურქული მხარის მიერ მიღებული იქნება ყველა შესაძლო გონივრული ძალისხმევა, რათა დაცული იყოს გ. მ. გ-ს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. აგრეთვე, იგი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას.
7. სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე საკითხის განხილვას არ აბრკოლებს ასევე ის ფაქტი, რომ გ.მ. გ-ს მიერ ლტოლვილის სტატუსის მიღების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული (როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გ.მ. გ-ს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, რაც მან გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.მ.გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ამჟამად დასაბუთებული განჩინება მხარეებს არ ჩაბარებიათ), ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას (სუსგ №17I-15, №7I-16).
8. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ გ.მ. გ-ს დანაშაული არ ჩაუდენია, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილავს გ.მ. გ-ს ბრალეულობის საკითხს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 22 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი გ. მ. გ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თ-ის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო №1 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრისა №2005/206-2006/402 და 2018 წლის 19 ოქტომბრის №2016/191-2018/311 განაჩენებით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – გ. მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 22 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე