Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1182-757(კ-05) 2 მარტი, 2006წ.,

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004წ. 9 ივნისს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ჩ-ემ მოპასუხე ეკონომიკის სამინისტროს (ამჟამად ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ეკონომიკის სამინისტროს 2004წ. 7 მაისის ¹01/03-01/310 ბრძანების ბათილად ცნობა და იმავე ან შესაბამის თანამდებობაზე აღდგენა.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

მოსარჩელე მუშაობდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვაჭრობისა და მომსახურების რეგულირების პოლიტიკის დეპარტამენტის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების სამმართველოს საგარეო ვაჭრობის ანალიზის, პროგნოზირებისა და სახელმწიფოთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად. 2003წ. 23 აგვისტოდან 2004წ. 9 ივნისამდე იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში, ხოლო 2004წ. 9 იანვრიდან, ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით, იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში 2005წ. 9 იანვრამდე. ჰყავდა 6 თვის გოგონა. ეკონომიკის სამინისტროს 2004წ. 7 მაისის ¹01/03-01/310 ბრძანებით ნ. ჩ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის მოსაზრებით, უხელფასო შვებულების პერიოდში დაუშვებელი იყო მისი სამუშაოდან გათავისუფლება.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ეკონომიკის სამინისტროს 2004წ. 7 მაისის ¹01/03-01/310 ბრძანება, ნ. ჩ-ე აღდგენილ იქნა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვაჭრობისა და მომსახურების მრეწველობის პოლიტიკის დეპარტამენტის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების სამმართველოს საგარეო ვაჭრობის ანალიზის პროგნოზირების და სახელმწიფოთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ან მის ტოლფას თანამდებობაზე.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმეზე ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის 2004წ. 24 ნოემბრის დასკვნით დადგენილი იყო, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებაზე ხელმოწერა მოსარჩელეს არ ეკუთვნოდა. Aმდენად, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა გაფრთხილებული, რის გამოც მოპასუხის მიერ დარღვეული იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნები. გარდა ამისა, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილის 2004წ. 4 თებერვლის ¹01/03-02/6 ბრძანებით ნ. ჩ-ე 25 იანვრიდან ერთი წლის ვადით იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. ამის შემდეგ იგი სამსახურიდან გათავისუფლდა მინისტრის 2004წ. 7 მაისის ¹01/03-01/310 ბრძანებით, რაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 და 111-ე მუხლებისა და შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის აშკარა დარღვევას წარმოადგენდა.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

აპელანტის განმარტებით, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ განიცადა ლიკვიდაცია. ამის შემდეგ, მინისტრის ბრძანებით განხორციელდა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა გაფრთხილება. სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა ნ. ჩ-ეც, რომელმაც ხელი მოაწერა გაფრთხილებას. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. ამავე კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ერთი თვით ადრე მაინც უნდა ყოფილიყო გაფრთხილებული ლიკვიდაციის გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. აპელანტის მითითებით, მოსარჩელის მიმართ კანონის აღნიშნული მოთხოვნები სრულად იყო დაცული.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 21 ივნისის განჩინებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის 35-ე მუხლის თანახმად, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ლიკვიდაცია არ მომხდარა, განხორციელდა რეორგანიზაცია. ლიკვიდაცია ნიშნავდა დაწესებულების არსებობის შეწყვეტას იმგვარად, რომ წყდებოდა დაწესებულების უფლებაუნარიანობა, მისი უფლება-მოვალეობები ახალ სუბიექტს არ გადაეცემოდა და შესაბამისად, დაუშვებელი იყო უფლებამონაცვლეობა. რეორგანიზაცია კი, მართალია, ხშირ შემთხვევაში დაწესებულების არსებობის შეწყვეტას იწვევდა, მაგრამ ლიკვიდაციისაგან განსხვავებით მას თან ახლდა უფლებამონაცვლეობა. მოცემულ შემთხვევაში «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, შეიქმნა ეკონომიკის სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცა სტატისტიკის, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალნენ ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ. მითითებული კანონის საფუძველზე გამოცემული «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულების პირველი პუნქტის თანახმად, განხორციელდა ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს ლიკვიდაცია, ხოლო ამავე ბრძანებულების მე-14 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკის სამინისტრო გამოცხადდა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებულ აქტებში უფლებამონაცვლეობის დანაწესის არსებობა მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს უარი არ უთქვამს იმ ფუნქციის განხორციელებაზე, რასაც მანამდე ასრულებდა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო. ეს უკანასკნელი იმავე ფუნქციით და კომპეტენციით გაერთიანდა ეკონომიკის, შემდეგ კი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სიტყვა «ლიკვიდაცია», რომელიც გამოიყენეს ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტებში, თავისი ნამდვილი მნიშვნელობით და თანმდევი შედეგით უთანაბრდებოდა რეორგანიზაციას, რის გამოც სამართლებრივ ურთიერთობებში მას უნდა მოჰყოლოდა ის შედეგი, რასაც, ჩვეულებრივ, დაწესებულების რეორგანიზაცია იწვევდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ წარმოადგენდა მოხელის გათავისუფლების საფუძველს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ იყო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელის გათავისუფლება უნდა მომხდარიყო ამ კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. მითითებული ნორმის თანახმად, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, დაუშვებელი იყო მოხელის გათავისუფლება, თუ იგი თანახმა იყო‚ სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისას ასევე დარღვეული იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის თანახმად, მოხელე არ შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან შემცირების გამო იმ დროის მანძილზე, როდესაც ამ კანონის 89-ე მუხლის «ბ»-»ი» ქვეპუნქტების საფუძველზე შეჩერებული იყო მისი სამსახურებრივი ურთიერთობა. ამავე კანონის 89-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურებრივი ურთიერთობა ჩერდებოდა შვებულების დროს. სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის 2004წ. 4 თებერვლის ¹01/03.02/ნ ბრძანების საფუძველზე ნ. ჩ-ე იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში 2004წ. 25 იანვრიდან, ერთიწ. ვადით. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ნ. ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლებისას დარღვეულ იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა, მოხელის მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე გაფრთხილების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, ნ. ჩ-ე მუშაობდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვაჭრობისა და მომსახურების რეგულირების პოლიტიკის დეპარტამენტის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების სამმართველოს საგარეო ვაჭრობის ანალიზის, პროგნოზირებისა და სახელმწიფოთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განყოფილებაში ..... ეკონომიკის მინისტრის 2004წ. 7 მაისის ¹01/03-01/310 ბრძანებით ნ. ჩ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მინისტრის 17 მაისის ¹01/03-01/340 ბრძანებით დაინიშნა შტატგარეშე მოსამსახურედ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტში 2004წ. 11 მაისიდან 2005წ. 1 იანვრამდე. ნ. ჩ-ე უხელფასო შვებულების დამთავრების შემდეგ სამუშაოზე აღარ გამოცხადებულა და არც აღნიშნული ბრძანებები გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონს, რომლის თანახმადაც განხორციელდა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ლიკვიდაცია. შესაბამისად, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2004წ. 23 თებერვლის ¹01/03-01-23 ბრძანებით განხორციელდა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა გაფრთხილება სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე, მათ შორის, გაფრთხილებულ იქნა ნ. ჩ-ეც, რომელმაც აღნიშნული საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა. ამის შემდეგ, თანამშრომელთა გათავისუფლება განხორციელდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უგულებელყო ის გარემოებაც, რომ ნ. ჩ-ეს სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ თანხმობა არ გამოუხატავს, კერძოდ, მას სხვა თანამშრომლებისაგან განსხვავებით არ მიუმართავს სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი განცხადებით და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ თანხმობა არ განუცხადებია, რაც საშუალებას მისცემდა სამინისტროს ხელმძღვანელობას, ნ. ჩ-ის კანდიდატურა სხვა თანამდებობაზე განეხილა. უფრო მეტიც, ოჯახური პირობების გამო ნ. ჩ-ე სამსახურში საერთოდ არ ცხადდებოდა და მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ გაასაჩივრა მინისტრის ბრძანება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 21 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონსაწინააღმდეგობის თაობაზე და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. ჩ-ე 2004წ. 25 იანვრიდან იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში ერთიწ. ვადით. მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა ეკონომიკის სამინისტროს 2004წ. 7 მაისის ¹01/03-01/310 ბრძანებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შვებულებაში ყოფნის პერიოდში. დადგენილია, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე მოსარჩელე კასატორს არ გაუფრთხილებია.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს. კასატორი ვერ ამტკიცებს, რომ სამუშაოდან გათავისუფლებისას მოსარჩელე არ იმყოფებოდა შვებულებაში, ასევე‚ ვერ აქარწყლებს საქმეზე ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნას და ვერ ადასტურებს, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე მოსარჩელე გააფრთხილა კანონით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სამინისტროს 2004წ. 7 მაისის ¹01/03-01/310 ბრძანება ნ. ჩ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ გამოცემულია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 89-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის, 111-ე მუხლის, 108-ე მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.

«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი ადგენს საჯარო მოხელის შრომის უფლებების დაცვის მკაფიო გარანტიებს და ამ უფლებების დარღვევის სამართლებრივ შედეგებს. ერთ-ერთ ასეთ გარანტიას განეკუთვნება გარკვეულ შემთხვევებში ადმინისტრაციისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვის დაწესება. მოსარჩელის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი, აღნიშნული კანონის 111-ე მუხლის რედაქციის თანახმად, კერძოდ, ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, დაუშვებელი იყო მოხელის სამუშაოდან გათავისუფლება ამავე კანონის 89-ე მუხლის «ბ»-»ი» ქვეპუნქტების საფუძველზე მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, ასევე, დაუშვებელი იყო მოხელე ქალის სამუშაოდან გათავისუფლება ორსულობის ან ბავშვის 3 წლამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების მოტივით. ამავე კანონის 89-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა მოხელის შვებულებაში ყოფნა. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სამუშაოდან გათავისუფლების მომენტში იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში, ე.ი. ზემოაღნიშნული 89-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, შეჩერებული იყო მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება. ამის გამო დაუშვებელი იყო კასატორის სამუშაოდან გათავისუფლება. ამასთან, აღნიშნული განეკუთვნებოდა ისეთი სახის დარღვევას, რაც ვერ გახდებოდა მართლზომიერი თუნდაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მოხელის გაფრთხილების აუცილებელი პროცედურის კასატორის მიერ დაცვის შემთხვევაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებისას კასატორს არ გაუთვალისწინებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ამკრძალავი ნორმა და ამ დარღვევის შედეგად მოსარჩელე არასწორად გათავისუფლდა სამსახურიდან, რის გამოც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნის დარღვევით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ლიკვიდაცია, რაც მას აძლევდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოსარჩელის სამუშაოდან უპირობო გათავისუფლების საფუძველს. «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, შეიქმნა ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე» საქართველოს პრეზიდენტის 06.03.2004წ. ¹81 ბრძანებულების მე-14 მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, ჩაითვალა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. აღნიშნული, თავის მხრივ, სამართლებრივად ნიშნავდა იმ სამართალურთიერთობებში, რომლებშიც მონაწილეობდა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, მათ შორის, შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში, ეკონომიკის სამინისტროს ჩანაცვლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო საერთოდ არაუფლებამოსილი იქნებოდა, გადაეწყვიტა ყოფილი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლებისა თუ მათი შემდგომი დასაქმების საკითხი.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. ეკონომიკის სამინისტროს 2004წ. 7 მაისის სადავო ბრძანება მოსარჩელეს რაიონულ სასამართლოში გასაჩივრებული აქვს 2004წ. 9 ივნისს, ხოლო კასატორი ვერ ადასტურებს აღნიშნული ბრძანების მოსარჩელისათვის ჩაბარებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის სწორი განმარტებისა და გამოყენების საფუძველზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 21 ივნისის განჩინება;

3. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.