ას-697-954-04 10 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 18 აპრილს ყ. და ლ. დ-ებმა სარჩელით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს ა., ზ. და მ. ხ-ების უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
მოსარჩელეების განცხადებით, მათ სახელზე ირიცხებოდა გორის რ-ნის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი ბინა და მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთი. 1991 წელს, ოსურ-ქართული კონფლიქტის დროს, მასთან მივიდა სოფ. ... მცხოვრები ა. ხ-ე და შესთავაზა ბინის მიყიდვა.
მოსარჩელეების განმარტებით, მათ გზაში დახვდნენ შეიარაღებული, ნიღბიანი ადამიანები, ყ. დ-ი წაიყვანეს არცევის მიმართულებით თვალებაკრული და ჩააგდეს მიწისქვეშა სარდაფში, დაიწყო ფულზე მორიგება, რის შემდეგაც გადაიხადა თანხა და გაუშვეს. სახლში დაბრუნებულს ხ-ებმა წინადადება მისცეს, გაჰყოლოდა ვლადიკავკაზში. მეუღლე და თვითონ ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს ორჯონიკიძისაკენ. გზაში ბინაზე ევაჭრებოდნენ, რაზედაც არ დათანხმდნენ. სადავო ბინაში ცხოვრობენ ხომასურიძეები.
მოსარჩელეები, როგორც მესაკუთრეები, ითხოვენ მოპასუხეების გამოსახლებას მათი საცხოვრებელი სახლიდან.
2002წ. 21 მაისს ა., ზ. და მ. ხ-ებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვეს, დადებულად ცნობილიყო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ყ. დ-სა და ა. ხ-ეს შორის.
შეგებებული სარჩელის ავტორების განცხადებით დუდაევებთან ჰქონდათ ახლო ურთიერთობა. მათ იცოდნენ, რომ დუდაევები საქართველოს ფარგლებს გარეთ აპირებდნენ საცხოვრებლად წასვლას და ბინის გაყიდვას. დუდაევებს მათ მიუგზავნეს კაცი ბინის გაყიდვის თაობაზე. ბინა იყიდეს 85 000 რუსულ რუბლად. მოპასუხეებმა თავი აარიდეს ბინის სანოტარო წესით გაფორმებას, რის გამოც მიმართეს ახალუბნის სასოფლო საბჭოს და ბინა გადაიფორმეს თავის სახელზე. აღნიშნულ სახლში ცხოვრობენ 1991წ. ნოემბრიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა როგორც სარჩელს, ასევე, შეგებებულ სარჩელს.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც ა., ზ. და მ. ხ-ებმა, ასევე ყ. და ლ. დ-ებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ყ. და ლ. დ-ებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის უარის თქმის ნაწილში უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს, რადგან საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ბინა საკუთრების უფლებით ეკუთვნით მოპასუხეებს.
დუდაევებმა მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.
ა., ზ. და მ. ხ-ებმა სააპელაციო საჩივრით ითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საქმის განხილვის დროს ხ-ებმა უარი თქვეს სააპელაციო საჩივარზე, რის გამოც შეწყდა საქმის წარმოება ხ-ების სააპელაციო საჩივარზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 13 აპრილის განჩინებით ყ. და ლ. დ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დ-ები სადავო ბინის მესაკუთრენი არიან. მათ მოპასუხეებისაგან ბინის გამოთხოვის უფლება არა აქვთ. აპელანტებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ისინი სადავო ბინის მესაკუთრენი არიან.
სააპელაციო პალატის განჩინება ყ. და ლ. დ-ებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკამაყოფილება.
კასატორების აზრით, უკანონოა სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ბინა მათ საკუთრებას არ წარმოადგენს. საქმის მასალებით დგინდება, რომ ისინი ბინას საკუთრების უფლებით ფლობდნენ 1991 წლამდე, ხოლო 1991 წელს ჩამოერთვათ საკუთრების უფლება, მაგრამ მასზე საკუთრების უფლება არ დაუკარგავთ.
კასატორები მიუთითებენ, რომ სკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების შესაძენად უძრავ ქონებაზე აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება და შემძენის რეგისტრაცია რეესტრში, ხ-ებს ბინის ნასყიდობის თაობაზე ასეთი ხელშეკრულება არ აქვთ.
მოცემული საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას გაირკვა, რომ 2002წ. 12 ნოემბერს ყ. და ლ. დ-ებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს ა., ზ. და მ. ხ-ების მიმართ და მოითხოვეს ახალუბნის საკრებულოსა და სახელმწიფო დაზღვევის მიერ მოპასუხეთა სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ჩანაწერების გაუქმება. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო და საკასაციო წესით.
აღნიშნული საქმე საკასაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრის განჩინებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს, არსებობდა თუ არა სათანადო სამართლებრივი საფუძველი საკომლო წიგნში სადავო ცვლილების შეტანის შესახებ და, შესაბამისად, არსებობს თუ არა ამ ჩანაწერისა და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილობის საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის ან ადმინისტრაციული წესით.
პალატა თვლის, რომ საქმეზე, რომელზეც იხილება მოპასუხეთა სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ჩანაწერების გაუქმების საკითხი, დამდგარ შედეგსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოცემული დავის განხილვისა და გადაწყვეტისათვის. შესაბამისად, საქმის განხილვა შეუძლებელია აღნიშნული დავის დამთავრებამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 279-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე შეჩერდეს საქმის წარმოება სასამართლოში მოსარჩელეების, ყ. და ლ. დ-ების სარჩელის გამო, მოპასუხეების – ა., ზ. და მ. ხ-ების მიმართ, ახალუბნის საკრებულოსა და სახელმწიფო დაზღვევის მიერ მოპასუხეთა სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ჩანაწერის გაუქმების შესახებ საქმის წარმოების დამთავრებამდე.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.