ას-70-61-2011 28 თებერვალი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. ბ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. გ-ოვი (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ვალდებულების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. გ-ოვის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2004 წლის მარტში მოსარჩელემ ლილოს ბაზრობაზე მაღაზიის აშენებისა და შეძენის პირობით მოპასუხეს გადასცა 5000 აშშ დოლარი. მოპასუხე ვალდებული იყო, ორი თვის ვადაში გადაეცა მოსარჩელისათვის მაღაზია, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია. მოპასუხე თაღლითური გზით დაეუფლა მოსარჩელის კუთვნილ თანხას, რომელიც მოსარჩელისათვის დაბრუნებულ იქნა 2009 წლის 28 თებერვალს. მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი 43 700 აშშ დოლარის ოდენობით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ გამოძიების ეტაპზე მოსარჩელეს მასთან პრეტენზია არ ჰქონდა და ამჟამად თანხის მოთხოვნის უფლება არ აქვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. გ-ოვს მ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 4960 აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში მ. ბ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ოვმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. გ-ოვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ა. გ-ოვს მ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 4960 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 238 ლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა მოპასუხე ა. გ-ოვის (პირადი ¹...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2004 წლის მარტში მოსარჩელე მ. ბ-შვილმა მოპასუხე ა. გ-ოვს გადასცა 5000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის სანაცვლოდ მოპასუხეს ლილოს ბაზრობაზე უნდა აეშენებინა მაღაზია და გადაეცა იგი მოსარჩელისათვის ორი თვის ვადაში. დათქმულ ვადაში მოპასუხეს არც მაღაზია გადაუცია და არც თანხა დაუბრუნებია მოსარჩელისათვის. 2009 წლის 28 თებერვალს მოპასუხე ა. გ-ოვის ვალი - 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (9970 ლარი) მოსარჩელე მ. ბ-შვილს დაუბრუნა მოპასუხის შვილმა ტ. გ-ოვმა, რაზედაც მოსარჩელემ გასცა ხელწერილი, სადაც მითითებულია, რომ მან მიიღო თანხა და პრეტენზია არ გააჩნია. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლით, 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, 430-ე მუხლით და დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე მ. ბ-შვილმა მოვალის მოთხოვნით გასცა მის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების მიღების თაობაზე, სადაც ნათლად და გარკვევით მიუთითა, რომ მან სადავო თანხა მიიღო და პრეტენზია არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით და, შესაბამისად, მ. ბ-შვილმა დაკარგა მოთხოვნის უფლება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მ. ბ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მითითებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ხელწერილი მიიჩნია მოსარჩელის მიერ სამოქალაქო სარჩელზე უარის თქმად, იმისდა მიუხედავად, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი განჩინება, რომელიც უნდა გამოეტანა საქმის განმხილველ სისხლის სამართლოს სასამართლოს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, გამომძიებელმა, პროკურორმა, მოსამართლემ, რომლის წარმობაშიცაა საქმე ვალდებულია, მოსარჩელეს განუმარტოს სამოქალაქო სარჩელზე უარის თქმის შედეგები და შეადგინოს ოქმი ან ამის შესახებ სათანადო აღნიშვნა შეიტანოს შესაბამის საგამოძიებო ოქმში. სამოქალაქო სარჩელზე უარის თქმის თაობაზე ორგანოს, რომელიც აწარმოებს პროცესს, გამოაქვს განჩინება (დადგენილება). ამდენად, აღნიშნული განჩინების გარეშე არ შეიძლებოდა ხელწერილი მიჩნეულიყო უარის თქმად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვალდებულება წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, მაგრამ ამავდროულად არ გაითვალისწინა, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 408-ე მუხლების თანახმად, მხარე ვალდებულია, აანაზღაუროს ამის შედეგად წარმოშობილი ზიანი. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ა. გ-ოვმა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიისაკუთრა თანხა, რომელიც ნასესხები ჰქონდა და პროცენტების გადახდით მიადგა მატერიალური ზიანი, რითაც დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით მერინე ბ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლს, 429-ე მუხლის პირველი ნაწილსა და 430-ე მუხლს, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.