¹ას-706-661-10 28 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. მ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ,,მ. ს. ჯ.” (მოპასუხეები)
დავის საგანი – საავტორო უფლებების აღიარება და ზიანის ანაზღაურება.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
2009 წლის 28 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა დ. მ-შვილმა მოპასუხე ,,მ. ს. ჯ.-ს” მიმართ და მოითხოვა საავტორო უფლებების აღიარება და ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-შვილმა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განჩინებით დ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2008 წლის თებერვალში დ. მ-შვილმა საკუთარი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნა ნაწარმოები, რაც დასტურდება საქმეში არსებული დ. მ-შვილის ნაწარმოებით.
დ. მ-შვილის ნაწარმოები შექმნილი იყო ობიექტური ფორმით, რაც დასტურდებოდა აღნიშნული ნაწარმოების ორიგინალის დეპონირებით ,,საქპატენტში”. აღნიშნული დგინდებოდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობით ნაშრომის დეპონირების შესახებ.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება ჰქონდათ ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება განეხორციელებინა ,,საქპატენტში”. დეპონირების შედეგად ,,საქპატენტის” მიერ გაცემული მოწმობა ადასტურებდა, მხოლოდ ნაწარმოების დეპონირების ფაქტს და არ წარმოშობდა საავტორო უფლებას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ დ. მ-შვილის შექმნილი მეთოდოლოგიური ნაშრომი წარმოადგენდა მხოლოდ იდეას და მისი ,,საქპატენტში” დეპონირების ფაქტი არ წარმოშობდა საავტორო უფლებას. ის მხოლოდ ადასტურებდა დეპონირების ფაქტს, შესაბამისად, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მასზე ვერ გავრცელდება საავტორო უფლება.
აღნიშნული საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-შვილმა და მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სამართლებრივი დასაბუთება, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ხოლო გამოყენებული კანონი განმარტა არასწორად. დეპონირება ხდება მხოლოდ ნაწარმოების. კანონი არ უშვებს იდეის დეპონირების საშუალებას, რის გამოც დეპონირებული ნაწარმოების მიმართ მოქმედებს კანონით დაცულ ობიექტად _ ნაწარმოებად არსებობის პრეზუმფცია და არ შეიძლება არსებობდეს ეჭვი მისი იდეად არსებობის შესახებ.
კასატორის ნაწარმოების იდეად მიჩნევისას პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ასევე მოწმეთა განმარტებები, მაშინ, როცა ინტელექტუალური საკუთრების ნაწარმოებად მიჩნევისათვის ,,საატვორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს კრიტერიუმებს და არა მოწმეთა განმარტებებს, შესაბამისად, სასამართლომ გამოიყენა მოწმეთა განმარტებები, მაშინ, როდესაც უნდა გამოეყენებინა კანონი.
პირველმა ინსტანციამ დადგენილად ცნო და სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა, რომ კასატორის ნაწარმოები არ არებობს ობიექტური ფორმით, რითაც სასამართლომ არასწორად განმარტა ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნაწარმოები უნდა არსებობდეს ობიექტური ფორმით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას დ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.