¹ ას-708-667-2011 16 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ...კავშირი «ც-ი» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ქ-იანი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ც-ის გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობა, სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ქ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ... კავშირ «ც-ის» მიმართ 2008 წლის 29 იანვრის გამგეობის დადგენილების, 2008 წლის 18 თებერვლის ც-ის XXIII მოწვევის საბჭოს XIV კრების გადაწყვეტილების, ც-ის XXIV ყრილობის 2008 წლის 16 მაისის ოქმისა და ც-ის XXIV საბჭოს 2008 წლის 16 მაისის I კრების ოქმის ბათილად ცნობის, სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანისა და 2008 წლის 8 თებერვლამდე არსებული სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერის აღდგენის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ი. ქ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ... კავშირ «ც-ის» 2008 წლის 18 თებერვლის XXIII მოწვევის საბჭოს XIV კრების ოქმი გ. გ-ძის გამგეობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ... კავშირ «ც-ის» 2008 წლის 16 მაისის XXIV მოწვევის საბჭოს I კრების ოქმი გ. გ-ძის გამგეობის თავჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევის ნაწილში, ი. ქ-იანი აღდგენილ იქნა ... კავშირ «ც-ის» გამგეობის თავჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ი. ქ-იანმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ შეიტანა შეგებებული სარჩელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.
«სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი, მესამე პუნქტების, «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეექვსე პუნქტის, ...კავშირის – ც-ის წესდების მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის «ა» ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 30-ე პუნქტის მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ... კავშირ «ც-ის» 2008 წლის 18 თებერვლის XXIII მოწვევის საბჭოს XIV კრების და 2008 წლის 16 მაისის XXIV მოწვევის საბჭოს I კრების მოწვევისას «ც-ი» გამგეობას, რომლის თავმჯდომარესაც წარმოადგენდა რ. ა-ძე, შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება და აღნიშნული კრებები მოწვეულ იქნა არაუფლებამოსილი პირების მიერ, შესაბამისად, ... კავშირ «ც-ის» 2008 წლის 18 თებერვლის XXIII მოწვევის საბჭოს XIV კრებისა და 2008 წლის 16 მაისის XXIV მოწვევის საბჭოს I კრების მოწვევისას დარღვეულ იქნა კანონითა და ... კავშირ «ც-ის» წესდებით ც-ის საბჭოს კრების მოწვევის დადგენილი წესი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ც-ის საბჭოს კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს გარიგებას და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული ნორმები გარიგებათა შესახებ. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი და 61-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ... კავშირ «ც-ის» 2008 წლის 18 თებერვლის XXIII მოწვევის საბჭოს XIV კრება და 2008 წლის 16 მაისის XXIV მოწვევის საბჭოს I კრება მოწვეულ იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ, წესდებისა და «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარვევით, ამდენად, ასეთ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება, ბათილია დადების მომენტიდან და მის საფუძველზე განხორციელებული ყოველი ქმედება ასევე უნდა ჩაითვალოს ბათილად. პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნული არარა გარიგების შედეგად მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, შეეწყვიტა ურთიერთობა ი. ქ-იანთან, როგორც ... კავშირ «ც-ის» გამგეობის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და აღნიშნულ თანამდებობაზე აერჩია გ. გ-ძე.
ამდენად, სააპელაციომ პალატას მიიჩნია, რომ სასამართლომ ი. ქ-იანი სამუშაოზე მართებულად აღადგინა. შესაბამისად, არ არსებობს ... კავშირ «ც-ის» სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის შესაბამისად მხარეები თავად განკარგავენ თავიანთ მატერიალურ და საპროცესო უფლებებს ე.ი მხოლოდ მათ ნებაზეა დამოკიდებული უფლებების დასაცავად სასამართლოში მიმართვის საკითხის გადაწყვეტა. ამასთან, არავის არ აქვს უფლება მხარის ნების საწინააღმდეგოდ მიმართოს სასამართლოს. იმის გათვალისწინებით, რომ ი. ქ-იანის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა და 2008 წლის 8 თებერვლამდე არსებული სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერის აღდგენა შემდეგი სახით: საზოგადოების გამგეობის წევრები: 1. მ. ა-ძე _ გამგეობის თავჯდომარე; 2. ი. ქ-იანი _ პირველი მოადგილე; 3. ე. ჟ-ია _ მოადგილე; 4. ჯ. ბ-ძე; 5. ზ. გ-რი; 6. რ. ს-შვილი; 7. ი. ს-ური; 8. ჭ. ს-ელი; 9. ს. ქ-ძე; 10. ა. ც-რი; 11. გ. ჭ-ძე; 12. შ. ჭ-ძე; 13. დ. ჯ-ია, ხოლო სასამართლოს სარჩელით მიმართა მხოლოდ ი. ქ-იანმა, გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთებოდა სარჩელში მითითებულ სხვა პირთა ნება სასამართლოში მიმართვის გზით დარღვეული უფლებების დაცვის თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ აღიარებითი სარჩელის სწორი იურიდიული ინტერესის მითითება ასეთი სარჩელის დაკმაყოფილების უმთავრესი წინაპირობაა. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე, მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში, ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების დარღვევის რეალურ საშიშროებას, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას გარკვეული სარგებელი უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის, ამასთან, მხარის იურიდიული ინტერესი ნათლად უნდა იკვეთებოდეს სასამართლოში სარჩელის აღძვრისა და განხილვისას.
ი. ქ-იანის სასარჩელო მოთხოვნაა სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა და 2008 წლის 8 თებერვლამდე არსებული სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერის, კერძოდ, «ც-ის» გამგეობის შემადგენლობის აღდგენა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ გაურკვეველია, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელის უშუალოდ რა უფლება იქნება დაცული და რა დადებითი იურიდიული შედეგი დადგება მის სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები 2008 წლის 29 იანვრის «ც-ის» გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.
პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებას, რომ თავად 2008 წლის 29 იანვრის დადგენილებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია, სამართლებრივი შედეგი მოსარჩელის მიმართ დადგა მხოლოდ ... კავშირ «ც-ის» 2008 წლის 18 თებერვლის XXIII მოწვევის საბჭოს XIV კრებისა და 2008 წლის 16 მაისის XXIV მოწვევის საბჭოს I კრების დადგენილებებით. ამდენად, სწორია სასამართლოს დასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც არ იკვეთება იურიდიული ინტერესი, გაურკვეველია სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში უშუალოდ მოსარჩელის რა უფლება იქნება დაცული და რა დადებითი იურიდიული შედეგი დადგება მის სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატის განჩინება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ...მა კავშირმა «ც-მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ შესწავლას არ ეფუძნება სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ ც-ის 2008 წლის 18 თებერვლის კრება მოწვეულ იქნა არაუფლებამოსილი გამგეობის მიერ.
გამგეობის, ანუ დაქირავებული მენეჯმენტის ქმედუუნარობის პირობებში ც-ის საბჭო კრების მოწვევის პროცედურის დაუცველადაც რომ შეკრებილიყო, გადაეწყვიტა ყრილობის მოწვევის საკითხი და დავა დაქირავებული მენეჯმენტის უფლებამოსილების თაობაზე, აღნიშნულ საკითხზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, უკანონოდ შეფასდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის დარღვევით სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, რომ ი. ქ-იანს არ შეიძლება იურიდიული ინტერესი გააჩნდეს ც-ის 24-ე მოწვევის ყრილობისა და საბჭოს კრების გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის მიმართ, რადგან აღნიშნული დადგენილებანი გ. გ-ძის ც-ის გამგეობის წევრად და გამგეობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევის თაობაზე მას არ გაუსაჩივრებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით ... კავშირ «ც-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ... კავშირ «ც-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რუსუდან გაგლოშვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ... კავშირ «ც-ს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა. კ-ძის მიერ 2011 წლის 30 მაისს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
... კავშირ «ც-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ... კავშირ «ც-ს» (საიდენტიფიკაციო კოდი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» ა. კ-ძის მიერ 2011 წლის 30 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.