ას-709-664-2010 8 დეკემბერი, 2010 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ დ. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნოტარიუსი ზ. ლ-შვილი
მესამე პირი _ ლ. ქ-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მაისის განჩინება
დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 8 ოქტომბერს ვანის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. ბ-ძემ მოპასუხე ნოტარიუს ზ. ლ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აწ გარდაცვლილი ა. ბ-ძის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება.
სარჩელის თანახმად, 2007 წლის 13 სექტემბერს დ. ბ-ძისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი ძმისშვილის, ა. ბ-ძის დანაშთ ქონებაზე გაიხსნა სამკვიდრო. მოსარჩელემ კანონის შესაბამისად მიმართა ნოტარიუსს ვანის რაიონში და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის მის სახელზე გაცემა, რაზეც უარი მიიღო. აღნიშნული უარის მიზეზს წარმოადგენდა დ. ბ-ძის მიერ სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის გაშვება, ასევე დასახელებულ ქონებაზე სხვა პირის - ლ. ქ-შვილის პრეტენზიის არსებობა (ტომი 2, ს.ფ. 4-5, 33-38).
ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება ლ. ქ-შვილი (ტომი 2, ს.ფ. 27).
ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
წყალტუბოს რაიონის დაბა ბროწეულაში მცხოვრები დ. ბ-ძე არის 2007 წლის 11 აპრილს გარდაცვლილი ა. ბ-ძის ბიძა.
ა. ბ-ძე გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო ვანში, ... ქ.¹21-ში. მასზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა 0.39ჰა ორ ნაკვეთად, მათ შორის სახლი ნადგამობით _ 0.30ჰა და ერთი ხვალიფი _ 0.09ჰა, აგრეთვე, სისტემური რეგისტრაციის წესით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.1904ჰა მიწის ნაკვეთი.
ა. ბ-ძის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა ამ უკანასკნელის გარდაცვალების დღეს, 2007 წლის 11 აპრილს.
დ. ბ-ძეს სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სანოტარო ბიუროსათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მის მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობას იმით ასაბუთებდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო დროულად გამოცხადებულიყო სანოტარო ბიუროში, ამასთან, მისთვის ცნობილი არ იყო სამკვიდროს გახსნის შესახებ. რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის აღნიშნული მსჯელობა არ გაიზიარა, რამდენადაც დ. ბ-ძემ ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მას არ შეეძლო გადაადგილება. რაც შეეხებოდა მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ სამკვიდროს გახსნის დრო მისთვის ცნობილი არ იყო და იგი სასამართლოდან შეიტყო, რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის განხილვისას დ. ბ-ძის მეუღლე თამარ ბ-ძის განმარტებით (რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელის რწმუნებულს), მას ა. ბ-ძის გარდაცვალება შეატყობინეს ახლობლებმა დაკრძალვის წინა დღეს და ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა კიდეც დაკრძალვაზე.
ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა (ტომი 2, ს.ფ. 39-40).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 2, ს.ფ. 44-45).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მაისის განჩინებით დ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დ. ბ-ძე არის წყალტუბოს რაიონის დაბა ბროწეულას მუდმივი მაცხოვრებელი;
დ. ბ-ძე წარმოადგენს აწ გარდაცვლილი ა. ბ-ძის ბიძას;
ა. ბ-ძე გარდაიცვალა 2007 წლის 11 აპრილს;
ა. ბ-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ ლ. ქ-შვილთან. ვანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა ლ. ქ-შვილსა და ა. ბ-ძეს შორის ოჩამჩირეში, 1992 წლის ოქტომბერში ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი, კანონიერად იქნა აღიარებული მათ შორის საქორწინო ურთიერთობა, ლ. ქ-შვილი, როგორც მეუღლე, ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილი ა. ბ-ძის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ. დასახელებული საქმის განხილვაში მოპასუხედ მონაწილეობდა აპელანტი დ. ბ-ძე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ბ-ძე არ იყო უფლებამოსილი სადავოდ გაეხადა ვანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად, გარდაცვლილის მეუღლე (ლ. ქ-შვილი) წარმოადგენდა მისი პირველი რიგის მემკვიდრეს, ხოლო გარდაცვლილის ბიძა (დ. ბ-ძე) _ მეოთხე რიგის მემკვიდრეს. ამავე კოდექსის 1337-ე მუხლის თანახმად, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.
რამდენადაც საქმეზე დგინდებოდა, რომ ა. ბ-ძე და ლ. ქ-შვილი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ლ. ქ-შვილი წარმოადგენდა დ. ბ-ძის პირველი რიგის მემკვიდრეს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ბ-ძის სარჩელი აწ გარდაცვლილი ა. ბ-ძის ქონებაზე სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილებას ვერ დაექვემდებარებოდა (ტომი 2, ს.ფ. 155-159).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა არასრულყოფილად, მასში არსებული მასალების სათანადოდ შესწავლის გარეშე. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ლ. ქ-შვილი ა. ბ-ძესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, რაც არასწორია. კასატორი მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა იქნეს განხილული (ტომი I, ს.ფ. 167-173).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.