Facebook Twitter

¹ას-713-672-2011 13 ივნისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები _ ნ. ხ-შვილი, მ. ქ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ რკ «...ი»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ რკ „...“-ის კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ხ-შვილისა და მ. ქ-ძის სარჩელი, რომლითაც მათ მოითხოვეს რკ „...“-ის XXIII მოწვევის 2006 წლის 10 მარტის მე-12 კრების დადგენილებისა და რკ „...“-ის გამგეობის 2006 წლის 17 მარტის დადგენილების ბათილად ცნობა, არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

რკ „...“-ის XXIII მოწვევის საბჭომ 2006 წლის 10 მარტის XII კრებაზე მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: 1. რკ „...“-ის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში და სააქციო საზოგადოებებში შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით რკ „...“-ის გამგეობას ნება დაერთო მიეღო გადაწყვეტილებები რკ „...“-ის კუთვნილი წილებისა და ქონების გასხვისების შესახებ. ამასთან, დაემთავრებინა გაყიდვის შესახებ ადრე მიღებული გადაწყვეტილებების დოკუმენტალურად გაფორმება; 2. რკ „...“-ის რაიონულ სამომხმარებლო კოოპორგანიზაციებს რეკომენდაცია მიეცათ კრებებზე ემსჯელათ თავიანთ ორგანიზაციებში არსებულ ფინანსურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე და ობიექტური რეალობისა და პერსპექტივების გათვალისწინებით მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები ქონების გასხვისების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით;

რკ „...“-ის გამგეობამ 2006 წლის 17 მარტს (სხდომის ოქმი ¹9, მუხლი 1) დაადგინა რკ _ ...ის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებებში საწესდებო კაპიტალში არსებული წილების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა, კერძოდ, სახელმწიფოს გადაეცა რკ „...“-ის კუთვნილი წილები შემდეგ საწარმოებში: 1. შპს «...ის” _ საწესდებო კაპიტალის 100%; რკ „...“-ის შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალის 100%; შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალის 100%; შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალის 100%; შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალის 100%; შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალის 100%; შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალის 100%; შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალის 100%; შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალის 100%; შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალის 100%; შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალის 100%; შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალის 100%; შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალის 100%; შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალი 100%; შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალის 100%; შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალის 100%; შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალის 100%; შპს «...“-ის საწესდებო კაპიტალის 100%;

რკ „...“-ის გამგეობამ 2006 წლის 17 მარტის დადგენილებით რკ „...“-ის გამგეობის თავმჯდომარეს დაავალა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და .... სამინისტროსთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება.

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე რ.კ. რკ „...“-ის გარდა მოპასუხეს წარმოადგენდა .... სამინისტრო.

კრების ოქმებით, რომელსაც სადავოდ ხდიდნენ მოსარჩელეები, რკ „...“-ის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ქონების გასხვისების აუცილობელობასა და კუთვნილი ქონების განკარგვის შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ გარიგების ბათილად ცნობა იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, რაც გულისხმობს სადავო გარიგებებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას. განსახილველ შემთხვევაში სადავო გარიგებების ბათილობის შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გულისხმობდა რკ „...“-ისთვის ქონების დაბრუნებას. რკ „...“-ის მიერ სადავო კრების ოქმებით ნების გამოვლენის შედეგად, უფლება მის მიერ განკარგულ ქონებაზე წარმოეშვა სახელმწიფოს, რომელიც იყო ნების მიმღები მხარე, კონკრეტულად კი ასეთი უფლება წარმოეშვა .... სამინისტროს. .... სამინისტროს დებულების თანახმად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა.

ამდენად, ნათელი იყო, რომ სადავო გადაწყვეტილებებში გამოვლენილი ნება ეხებოდა სახელმწიფოს, კერძოდ, .... სამინისტროს ინტერესებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, განსახილველი ნორმა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოსარჩელის მიერ დასახელებული მოპასუხე არ არის ის პირი, რომელმაც დაარღვია მოსარჩელის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ დასახელებული მოპასუხე სათანადო მხარეს წარმოადგენდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავის საგანი იყო რკ „...“ გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით არ არის გათვალისწინებული, როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელის მიერ დასახელებული მოპასუხის გარდა სხვა სავალდებულო თანამონაწილეა საქმეში ჩასაბმელი.

საქალაქო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო ამ ურთიერთობის ყველა სუბიექტის მონაწილის გარეშე საქმის განხილვა. რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ასეთ შემთხვევაში არ არეგულირებს სასამართლოს მიერ შესასრულებელ საპროცესო მოქმედებას, სასამართლომ ჩათვალა, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული წესები. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ შესთავაზა მოსარჩელეებს მოპასუხედ .... სამინისტროს ჩაბმა, ვინაიდან მოპასუხის მითითება მოსარჩელის დისპოზიციური უფლებაა და ამ ნებაში სასამართლო ვერ ჩაერევა. მოსარჩელეები არ დაეთანხმნენ შეთავაზებას. აღნიშნული გარემოება, კი ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე რკ „...“-ის წარმომადგენელი, რომელსაც სხდომის დღის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის გამოუცხადებლის გამო, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (ტომი II, ს.ფ. 135-141).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ხ-შვილმა და მ. ქ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი II, ს.ფ. 147-157).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ნ. ხ-შვილისა და მ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა რკ „...“-ის XXIII მოწვევის 2006 წლის 10 მარტის მე-12 კრების დადგენილებისა და რკ „...“-ის გამგეობის 2006 წლის 17 მარტის დადგენილების ბათილად ცნობა. მოპასუხედ დასახელებულია რკ «...»;

რკ „...“-ის XXIII მოწვევის საბჭომ 2006 წლის 10 მარტის XII კრებაზე მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: 1. რკ „...“-ის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში და სააქციო საზოგადოებებში შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით რკ „...“-ის გამგეობას ნება დაერთო მიეღო გადაწყვეტილებები რკ „...“-ის კუთვნილი წილებისა და ქონების გასხვისების შესახებ, ამასთან, დაემთავრებინა გაყიდვის შესახებ ადრე მიღებული გადაწყვეტილებების დოკუმენტალურად გაფორმება; 2. რკ „...“-ის რაიონულ სამომხმარებლო კოოპორგანიზაციებს რეკომენდაცია მიეცათ კრებებზე ემსჯელათ თავიანთ ორგანიზაციებში არსებულ ფინანსურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე და ობიექტური რეალობისა და პერსპექტივების გათვალისწინებით მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები ქონების გასხვისების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით; რკ „...“-ის გამგეობამ 2006 წლის 17 მარტს (სხდომის ოქმი ¹9, მუხლი 1) დაადგინა რკ _ „...“-ის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებებში საწესდებო კაპიტალში არსებული წილების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა.

რკ „...“-ის გამგეობამ 2006 წლის 17 მარტის დადგენილებით რკ „...“-ის გამგეობის თავმჯდომარეს დაავალა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და .... სამინისტროსთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე. მოსარჩელემ იშუამდგომლა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოცემულ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, შემდეგი გარემოებების გამო:

სასარჩელო წარმოებაში მოპასუხის საპროცესო-სამართლებრივი დაინტერესება, ანუ მხარის შესაძლებლობა დაიცვას თავისი უფლებები, გამომდინარეობს სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან. ამდენად, მოპასუხე არის პირი, რომელსაც გააჩნია საქმის შედეგით მატერიალურ-სამართლებრივი და აქედან გამომდინარე საპროცესო-სამართლებრივი დაინტერესება. მხარეთა საპროცესო თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, თანასწორ შესაძლებლობას ანიჭებს პროცესის ორივე მხარეს, თავიანთი უფლებების სასამართლო წესით დასაცავად. მხარეთა საპროცესო თანასწორობის პრინციპი პროცესში იმითაა უზრუნველყოფილი, რომ მოპასუხეს კანონი აძლევს უფლებას დაიცვას თავი სარჩელისაგან. შესაბამისად, მხარის უფლება გამოვიდეს მოპასუხედ საქმის განხილვაში, ვინაიდან გადაწყვეტილება შეეხება მის უფლებებსა და ინტერესებს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა რკ „...“-ის XXIII მოწვევის 2006 წლის 10 მარტის მე-12 კრების დადგენილებისა და რკ „...“-ის გამგეობის 2006 წლის 17 მარტის დადგენილების ბათილად ცნობა. რკ „...“-ის გამგეობამ 2006 წლის 17 მარტს დაადგინა რკ _ ...ის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებებში საწესდებო კაპიტალში არსებული წილების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა. შესაბამისად, სადავო მატერიალური სამართალურთიერთობის არარსებობის აღიარება, უშუალოდ ეხებოდა სახელმწიფოს ინტერესებს, ვინაიდან რკ „...“-ის მიერ სადავო კრების ოქმებით ნების გამოვლენის შედეგად, უფლება რკ „...“-ის მიერ განკარგულ ქონებაზე წარმოეშვა სახელმწიფოს. ამდენად, სახელმწიფო წარმოადგენდა იმ პირს, რომლის უფლებებსა და ინტერესებს შეეხებოდა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.

მოპასუხის ჩაბმა პროცესში ხდება მოსარჩელის ინიციატივით, ხოლო მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს მოპასუხის სტატუსით .... სამინისტროს ჩაბმაზე (კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო ქონების ფლობას, მართვასა და განკარგვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (საქართველოს მთავრობის 10.09.04 ¹77 დადგენილება).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად,თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე დადგინდა სამინისტროს საპროცესო დაინტერესება, თუმცა მხარის უფლება გამოვიდეს მოპასუხედ საქმის განხილვაში, უზრუნველყოფილი არ იყო. ასეთ პირობებში საქმეზე გადაწყვეტილების მიღება გამოიწვევდა მხარის უფლებების დარღვევას, რაც დაუშვებელი იყო საპროცესო თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე (ტომი III, ს.ფ. 39-46).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ხ-შვილმა და მ. ქ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორები მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ არგუმენტებზე მიუთითებენ:

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე, რომელსაც არ ჰქონდა გამოუცხადებლობის მიზეზი. აპელანტმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ უარს იტყოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე, ვალდებული იყო საქმის განხილვა გადაედო სხვა დროისათვის, რის შესახებაც შეტყობინება უნდა გაეგზავნა გამოუცხადებელი მხარისათვის;

კასატორისათვის გაურკვეველია, საპროცესო სამართლის რომელ ნორმებს დაეყრდნო სასამართლო, როდესაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოიტანა სასამართლოში გამოუცხადებელი მხარის სასარგებლო გადაწყვეტილება;

სარჩელის საფუძველი არის ის, რომ რკ „...“-ის გამგეობამ, საბჭომ და მისმა თავმჯდომარემ არ შეასრულეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 2003 წლის 10 დეკემბრის განჩინება, აგრეთვე, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2004 წლის 11 მაისის განჩინება, რომლითაც მათ აეკრძალათ ქონების გასხვისება დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე. დასახელებული განჩინება ამ დროისთვისაც ძალაშია. სასამართლოს უნდა ემსჯელა მითითებული განჩინებების დარღვევის ფაქტზე და საქმე სათანადო ორგანოებისათვის გადეცა. რკ „...“-ის იმ ხელმძღვანელთა ნაწილი, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემულნი;

სასამართლო გადაწყვეტილება შეიცავს სხვა კანონდარღვევებსაც, კერძოდ, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში კანონის თანახმად მითითებული უნდა იყოს მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. საქმის მასალებში არ არსებობს რკ „...“-ის უფლებამოსილი პირის ან მისი წარმომადგენლის პოზიცია სააპელაციო საჩივარზე;

სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, კანონით დადგენილ ვადაში არ მოამზადა დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებისათვის გადასაცემად. კასატორებმა განჩინება ფოსტის მეშვეობით მიიღეს 27 მარტს (ტომი III, ს.ფ. 59-70).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მაისის განჩინებით ნ. ხ-შვილისა და მ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-შვილისა და მ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ნ. ხ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ხ-შვილისა და მ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორებს _ ნ. ხ-შვილსა და მ. ქ-ძეს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ნ. ხ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.