¹ ას-716-675-2011 9 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ დ. შ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. შ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. შ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. შ-იას მიმართ ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. შ-ია ცნობილ იქნა 1992 წლის 10 ოქტომბერს გარდაცვლილი მამის _ ს. შ-იას დანაშთ სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
აღნიშნული გადაწყვეტილება დ. შ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: მამკვიდრებელი ს. შ-ია გარდაიცვალა 1992 წლის 10 ოქტომბერს. მას დარჩა ოთხი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილები: თ., ლ., დ. შ-იები და მეუღლე მ. შ-ია.
მ. შ-ია გარდაიცვალა 2003 წლის 22 აგვისტოს.
1987 წლის 10 ივნისს ს. შ-იამ შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი ქონება, მათ შორის, მცხეთის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი უანდერძა შვილს _ თ. შ-იას.
ს. შ-იას სამკვიდრო მასაში შედიოდა როგორც ქ.თბილისში, ... ... ¹11-ში, ისე მცხეთის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე უძრავი ქონება.
ქ.თბილისის კრწანისის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დ. შ-იას აღუდგა ს. შ-იას დანაშთი სამკვიდროს მიღების ვადა. კანონისმიერი სამკვიდრო უფლების მოწმობით დასტურება, რომ დ. შ-იამ მიიღო ქ.თბილისში, ... ... ¹11-ში მდებარე მამის დანაშთი ქონება და იგი დღეისათვის არის ამ ქონების რეგისტრირებული მესაკუთრე.
საქმის წარმოების პერიოდში, ნოტარიუს ნ. მ-იას მიერ დ. შ-იას სახელზე მ. შ-იას სამკვიდრო ქონებაზე _ მცხეთის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლსა და მიწის ნაკვეთზე გაიცა 2007 წლის 30 აპრილის (რეესტრის ¹...) სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობით ნოტარიუსმა დაადგინა შემდეგი ფაქტები: მ. შ-ია და ს. შ-ია ცხოვრობდნენ ქ.თბილისში, ... 16-ში მდებარე, ბინა ...-ში. მ. შ-იამ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო მეუღლის ს. შ-იას სამკვიდრო _ სადავო მცხეთის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე ქონება, მაგრამ გარდაიცვალა ისე, რომ არ გაიფორმა თავის სამემკვიდრეო უფლებები. დ. შ-ია არის მ. შ-იას პირველი რიგის მემკვიდრე _ შვილი. მემკვიდრეს სამკვიდრო მიღებული აქვს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით ნოტარიუსთან 2004 წლის 21 თებერვალს განცხადების შეტანის გზით.
2007 წლის 6 ივლისს თ. შ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით თ. შ-იას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა, შეჩერდა წარმოება ¹2ბ/2231-06 სამოქალაქო საქმეზე _ თ. შ-იას სარჩელისა გამო მოპასუხე დ. შ-იას მიმართ ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ, ¹2/2987-07 სამოქალაქო საქმეზე _ თ. შ-იას სარჩელისა გამო მოპასუხე დ. შ-იასა და ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. მ-იას მიმართ სამკვიდრო მოწმობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. შ-იას სარჩელი დ. შ-იასა და ნოტარიუს ნ. მ-იას მიმართ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ნოტარიუს ნ. მ-იას მიერ მ. შ-იას სამკვიდრო ქონებაზე დ. შ-იას სახელზე გაცემული _ 2007 წლის 30 აპრილის (რეესტრის ¹...) სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის განჩინებით დარჩა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით დ. შ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი გარემოებები, რომ მ. შ-იას არ განუხორციელებია თავისი უფლების რეალიზაცია და საკუთრების უფლებით არ აღურიცხავს სადავო ქონება, შესაბამისად, ს. შ-იას სამკვიდრო მასაში უნდა შევიდეს მცხეთის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე სახლი და მიწის ნაკვეთი მთლიანად.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: გადასახადების გადახდის დოკუმენტებით, საკრებულოს მიერ გაცემული ცნობით, მოწმეების ლ. შ-იას, ე. ო-ძის, ნ. ქ-შვილის და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ თ. შ-ია მამის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდრო ქონების ნაწილის, კერძოდ, მცხეთის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე სახლის ფლობასა და მართვას.
საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დადასტურებული თანხმობა, რომ თ. შ-ია თანახმაა აწ გარდაცვლილი მამის, ს. შ-იას სახელზე რიცხული ... ... ¹11-ში მდებარე ბინა გადაფორმდეს მისი ძმის _ დ. შ-იას სახელზე. აღნიშნული თანხმობა ერთვოდა ქ.თბილისის მთწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში დ. შ-იას მიერ წარდგენილ სარჩელს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების თაობაზე. თ. შ-იამ აღნიშნული თანხმობა განაცხადა 1994 წლის 18 ივლისს, ე.ი სამკვიდროს გახსნიდან 21 თვის გასვლის შემდეგ, ამდენად, იგი ვერ იქნება შეფასებული მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული თანხმობა თავისი შინაარსით წარმოადგენს არა სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმას, არამედ სამკვიდროს გაყოფაზე პირველი რიგის მემკვიდრეთა შორის შეთანხმებას, კერძოდ, თ. შ-იამ, გამოხატა თანხმობა სამკვიდროდან გარკვეული წილის მეორე მემკვიდრისათვის გადაცემაზე, რაც ვერ ჩაითვლება სამკვიდროს მიღებაზე უარად და არ ეწინააღმდეგება კანონს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილით, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1319-ე, 1433-ე, 1451-ე და 1434-ე მუხლებით.
სააპელაციო პალატამ გაიზირა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, რომელსაც მთელი ქონება ეანდერძა და ფაქტობრივად ფლობდა სამკვიდროს, გამოხატა თანხმობა სამკვიდროდან გარკვეული წილის მეორე მემკვიდრისათვის გადაცემაზე.
სამოქალაქო კოდექსის 1435-ე მუხლის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს, როგორც ერთადერთ ანდერძისმიერ მემკვიდრეს, არ წარუდგენია ანდერძი მთელი სამკვიდროს აღსარიცხად, პირველი რიგის მემკვიდრეთა შორის ფაქტობრივად შედგა შეთანხმება სამკვიდროს გაყოფაზე, რასაც თავის დროზე მოპასუხეც დაეთანხმა. ამდენად, პალატამ გაიზიარა თ. შ-იას სარჩელის დასაბუთება.
სასამართლოს მითითებით, აპელანტი სააპელაციო საჩივარში ასევე მსჯელობს გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების უკანონობაზე, ანუ ფაქტობრივად მათაც ასაჩივრებს, თუმცა აპელანტის აღნიშნული არგუმენტი პალატამ დაუსაბუთებელად ჩათვალა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დ. შ-იამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სამკვიდროს განაწილებაზე. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სამკვიდროში შედიოდა უძრავი ქონება, შესაბამისად, ასეთი შეთანხმების არსებობისას იგი უნდა დადებულიყო წერილობითი ფორმით.
სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თ. შ-იას თანხმობა ვერ ჩაითვლება სამკვიდროს წილზე უარის თქმად. ამ საკითხზე მსჯელობისას პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის დანაწესი.
საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ სამკვიდროს ვადაში მიღების ფაქტი დადგინდება. ამასთან, სათანადოდ არ შეფასებულა მოწმეთა ჩვენებები.
სასამართლოს არ შეუფასებია მოპასუხის განმარტება, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ძმები პერიოდულად ჩადიოდნენ დედასთან და ეხმარებოდნენ მეურნეობის წარმოებაში.
სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი და აღიარებად არ ჩათვალა მოსარჩელის მითითება, რომ თ.შ-იამ მამის გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. ნოტარიუსმა განუმარტა, რომ აღნიშნული შესაძლებელი გახდება მხოლოდ სამკვიდრო გახსნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. მითითებული ვადის ამოწურვისას თ. შ-ია კვლავ მივიდა ნოტარიუსთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. აღნიშნულით დასტურდება, რომ მოსარჩელეს სადავო სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ საქმეში სრული სასამართლო სხდომის ოქმი წარმოდგენილი არ არის.
ამდენად, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი, გამოიყენა კანონები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. მცხეთის რაიონის სოფელ ...-ის საკრებულოს 2002 წლის 12 აგვისტოს ¹..., 2003 წლის 15 აგისტოს ¹... და 2004 წლის 10 ივნისის ¹... ცნობები საჭიროებენ ექსპერტიზის ჩატარებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებით დ. შ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა დ. შ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. შ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.