ას-71-68-10 16 აპრილი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თ. თოდრია, ლ. ლაზარაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს ,,თ-ი” (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ა. ქ-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები _გ. თ-შვილი, ს. მ-ოვი, კ. მ-ოვი, ე. ა-ოვა, ს. მ-ოვი, ნ. კ-შვილი, ნ. ნ-ძე, ლ. ც-იანი (მოპასუხე)
დავის საგანი –ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამრთლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წ 8 ივნისის გადაწყვეტილებით გ. თ-შვილის, ს. მ-ოვის, კ. მ-ოვის, ე. ა-ოვას, ს. მ-ოვის, ნ. კ-შვილის, ნ. ნ-ძის, ლ. ც-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა.
სს „თ-ს“ გ. თ-შვილის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 5 960 ლარი, ს. მ-ოვისათვის 5 418 ლარი. კ. მ-ოვისათვის 4 984 ლარი, ე. ა-ოვასათვის 15 158 ლარი, ს. მ-ოვისათვის 16 862 ლარი, ნ. კ-შვილისათვის 1 030 ლარი, ნ. ნ-ძისათვის 2 051 ლარი, ლ. ც-იანისათვის 6 193 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,თ-ის” წარმომადგენელმა ა. ქ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 21 დეკემბერს თბილისში ... ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების სახურავებს გაუჩნდა ხანძარი და დაზიანდა გ. თ-შვილის, ს. მ-ოვის, კ. მ-ოვის, ე. ა-ოვას, ს. მ-ოვის, ნ. კ-შვილის, ნ. ნ-ძის, ლ. ც-იანის კუთვნილი ქონება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 08.02.2008 წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხანძრის გამომწვევ მიზეზად შესაძლოა განისაზღვროს კომუნალური ოთხსადენიანი ელქსელის ელსადენის (ფაზის) კონტაქტი (მოკელ ჩართვა) საცხოვრებელი სახლის თუნუქის სახურავთან.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.07.2008 წ. ექსპერტის დასკვნის თანახმად, თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში მომხდარი ხანძრის ტექნიკური მიზეზად დასახელდა გარე მკვებავი ხაზის გაწყვეტა, მისი მოხვედრა სახურავის თუნუქის ფურცლებზე და მოკლე ჩართვისგან წარმოქმნილი გამჭოლი ნადნობების კონტაქტი სხვენში არსებულ წვად მასალებთან. ნივთმტკიცების სახით წარდგენილ 7 წვერა შიშველ ალუმინის ელსადენის მონაკვეთზე დაფიქსირდა მოკლე ჩართვის კვლები ამოწვის, მომრგვალო და ირიბულად ჭრილი ფორმის სახით. გარე მკვებავი ელხაზის გაწყვეტისა და შემდგომ მისი საცხოვრებელი სახლის სახურავის თუნუქის ფურცლებზე კონტაქტის შემთხვევაში ხანძრის წარმოქმნა შესაძლებელი იყო.
ასევე დადგენილია, რომ მკვებავი კაბელის სახურავზე მოხვედრის გამომწვევი მიზეზია შიშველი ალუმინის 7 წვერა კაბელების ერთმანეთთან შეხება, მოკლე ჩართვა და გაწყვეტა.
დადგენილია, რომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის 2008 წ. 4 დეკემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, წარმოადგენდა თბილისში, ... ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლების სახურავების დაწვის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ შემაჯამებელ აქტს.
ამავე დადგენილებით დადგენილია, რომ სს „თ-ის“ თანამშრომლების მხრიდან გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას საფუძვლად დაედო 21.11.2008 წ. საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ 2007 წლის 21 დეკემბერს, თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების სახურავებზე, ხანძრის გაჩენა გამოიწვია მოპასუხის თანამშრომლების ბრალეულმა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ ზიანთან. პალატამ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას ამნისტიის საფუძვლზე, არ ართმევდა დაზარალებულებს უფლებას მოეთხოვათ მიყენებული ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო წესით.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. თ-შვილისათვის მიყენებული ზიანი შეადგენდა 5 960 ლარს, ს. მ-ოვისათვის 5 418 ლარს, კ. მ-ოვისათვს მიყენებული 4 984 ლარს, ე. ა-ოვასათვის 15 158 ლარს, ს. მ-ოვისათვის 16 862 ლარს, ნ. კ-შვილისათვის 1 030 ლარს, ნ. ნ-ძისათვის 2 051 ლარს, ლ. ც-იანისათვის 6 193 ლარს.
პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის საწინააღმდეგო მტკიცებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,თ-ის” წარმომადგენელმა ა. ქ-ძემ.
კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაკმაყოფილების ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიჩნეულია დადგენილება ს/ს საქმის შეწყვეტის შესახებ, რომელზედაც სასამართლოს მიერ გამახვილებულია ყურადღება როგორც პრეიუდიციული ძალის მქონე დოკუმენტზე, რომლითაც თითქოსდა დადგენილია სს „თ-ის“ თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაული და ამიტომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს სწორედ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
კასატორის წარმომადგენლის აზრით, პროკურორი დადგენილების გამოტანისას უფრო შორს წავიდა და მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ სს „თ-ის“ თანამშრომლებს მხრიდან იკვეთება ს/ს კოდექსის 188-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, თუმცა დადგენილებაში არსად არ არის ერთი სიტყვაც კი ნათქვამი იმის შესახებ თუ კონკრეტულად ვინ არიან ეს თანამშრომლები და კონკრეტულად რომელი ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაშინ როდესაც თვითონ საქმის შეწყვეტის დადგენილებაში მითითებულია, რომ კაბელის სახლის სახურავზე მოხვედრის გამომწვევ მიზეზად ექსპერტის მიერ მიჩნეულია კაბელების ერთმანეთთან შეხება და ამის ფონზე 188-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული არა რეალურად ჩანს, რადგან აღნიშნული ნორმა გულისხმობს გაუფრთხილებელ მოპყრობას ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან. ამიტომ გაუგებარია სს „თ-ის“ რომელიმე თანამშრომლის, ანუ ფიზიკური პირის დადანაშაულება იმაში, რომ ჰაერში გაჭიმული ორი კაბელი ერთმანეთს შეეხო, მთ უმეტეს, რომ თვითონ დაზარალებულთა ჩვენებით სადენები ერთმანეთს შეეხო ქარის გამო.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასარჩელო განცხადებაზე თანდართული დადგენილება ს/ს საქმის შეწყვეტის შესახებ სასამართლოს მიერ არა თუ პრეიუდიციული ძალის მქონე დოკუმენტად, არამედ საერთოდ მტკიცებულების ძალის მქონედ არ უნდა იქნას მიჩნეული და არ უნდა იქნას გაზიარებული.
ამასთან კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ არცერთი ექსპერტიზის დასკვნა სრულყოფილი არ არის, ვინაიდან ისინი უფრო მეტ შეკითხვას ბადებს ვიდრე პასუხს იძლევა სადაო საკითხზე. მაგალითად: უპასუხოდ არის დარჩენილი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მაგალითად თუ სად მოხდა სადენის კონტაქტი სახურავზე არსებულ თუნუქის ფურცლებთან და სად იყო ხანძრის კერა. არის თუ არა ეს ერთიდაიგივე ადგილზე თუ არადა მაშინ რა კავშირია სადენის შეხებასა და ხანძარს შორის. თუნდაც მხოლოდ ამ ორ საკითხს მისი აზრით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მომხდარ ხანძარში ბრალეული პირის დასადგენად.
გარდა ამისა, კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნები გაკეთებულია დაზარალებულთა ჩვენებებისა და პირველი ექსპერტიზის მასალების საფუძველზე, რაც მიმაჩნია, რომ არ არის საკმარისი ექსპეპერტიზის სრული და ობიექტური დასკვნის მისაცემად, რადგან არ შეიცავს ამისათვის საკმარის მასალებს. გამოკვლეული სადენებიც არ იძლევა სრულ სურათს, ვინაიდან სურათებზე შიშველ სადენთან ერთად წარმოდგენილია იზოლირებული თვითმზიდი სადენი, რომელიც გამორიცხავს სახურავთან შეხებისას ხანძრის გაჩენის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,თ-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს ,,თ-ის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს- სს ,,თ-ს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2882,8 ლარის 70% - 2017,96 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს ,,თ-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
კასატორს- სს ,,თ-ს” დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2882,8 ლარის 70% - 2017,96 ლარი, თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.