Facebook Twitter

ას-717-672-2010 05 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ნ.”

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “გ.”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით შპს “ნ.-ს “ სარჩელი მოპასუხე შპს “გ.”-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “გ.”-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2006 წლის პირველი მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ანუ 2009 წლის 29 მაისამდე პერიოდისათვის ყოველთვიური ფულადი კომპენსაცია 1000 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს 37000 ლარს, სამომავლოდ, შპს “გ.”-ს დაევალა შპს “ნ.-ს “ სასარგებლოდ, ყოველი წლის დასაწყისში 12000 ლარის ოდენობით წლიური კომპენსაციის წინასწარ გადახდა; შპს “ნ.-ს” სასარჩელო მოთხოვნა შპს “ს.-სათვის” ფულადი კომპენსაციის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “გ.”-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “გ.”-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს “ნ.-ს” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “გ.”-ს შპს “ნ.-ს” სასარგებლოდ გასული პერიოდის 2006 წლის 28 დეკემბრიდან 2009 წლის 29 მაისამდე პერიოდში დაეკისრა 29000 ლარის ანაზღაურება, 2009 წლის 29 მაისიდან შემდგომი პერიოდისათვის, ¹10 ნავმისადგომის ფართით სარგებლობის შემთხვევაში, შპს “გ.”-ს შპს “ნ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა.

2010 წლის 11 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართეს შპს “ნ.-ს” წარმომადგენლებმა და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების განმარტება იმგვარად, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, შპს “გ.”-ს შპს “ნ.-ს” სასარგებლოდ ეკისრება თუ არა ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა 2009 წლის 29 მაისიდან 2010 წლის 20 აპრილის ჩათვლით პერიოდში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს “ნ.-ს” წარმომადგენლების განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი, ხოლო გადაწყვეტილების იმგვარად განმარტება, როგორც ამას განმცხადებელები ითხოვდნენ, გამოიწვევდა გადაწყვეტილების შეცვლას, შესაბამისად, განცხადება მიიჩნია უსაფუძვლოდ.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ნ.-ს” წარმომადგენელმა გ. კ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და გადაწყვეტილების იმგვარად განმარტება, რომ რამდენადაც შპს “გ.”-ს მიერ ადგილი ჰქონდა და დღემდე გრძელდება ¹10 ნავმისადგომის ფართით სარგებლობა, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით იგულისხმება თუ არა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, შპს “გ.”-ს შპს “ნ.-ს” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ასევე ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა 2009 წლის 29 მაისიდან 2010 წლის 20 აპრილის ჩათვლით პერიოდში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს “ნ.-ს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება წარმოიშობა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების გამო, ამ გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელებული ან შეუძლებელია. ეს კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესვლამდე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება (გარდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილებებისა), დაუშვებელია და აღსრულების ხელშეწყობის საჭიროებაც არ წარმოიშობა, რაც გადაწყვეტილების განმარტების მიზანს წარმოადგენს.

მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც მოითხოვს კერძო საჩივრის ავტორი, გასაჩივრებულია საკასაციო წესით ორივე მხარის მიერ, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში და არც დაუყოვნებლივ აღსასრულებლადაა გადაცემული. აქედან გამომდინარე, ხსენებული გადაწყვეტილების განმარტების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები მოცემულ ეტაპზე არ არსებობს.

ამასთან, მართალია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გადაწყვეტილების განმარტებაზე უარი ეთქვა არა ზემოაღნიშნული საფუძვლით, არამედ იმის გამო, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანი არაა, მაგრამ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგან ეს განჩინება არსებითად სწორია (სსკ-ის 393.3 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ნ.-ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.