¹ას-721-679-2011 28 ივნისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ა. გ-ვას უფლებამონაცვლე _ ე. გ-ვა, გ. ჭ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარეები _ ა. ქ-შვილი, სს «...ჯგუფი”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და აქციების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ლ-ძემ, ო. ხ-ძის უფლებამონაცვლე ქ. რ-ძემ, ლ. ლ-იანმა, გ. ჭ-შვილმა, გ. ხ-შვილმა, ა. გ-ვას უფლებამონაცვლე ე. გ-ვამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა. ქ-შვილისა და სს «...ჯგუფის” მიმართ აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და აქციების დაბრუნების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. ლ-ძემ, ო. ხ-ძის უფლებამონაცვლე ქ. რ-ძემ, ლ. ლ-იანმა, გ. ჭ-შვილმა, გ. ხ-შვილმა, ა. გ-ვას უფლებამონაცვლე ე. გ-ვამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. ლ-ძემ, ო. ხ-ძის უფლებამონაცვლე ქ. რ-ძემ, ლ. ლ-იანმა, გ. ჭ-შვილმა, გ. ხ-შვილმა, ა. გ-ვას უფლებამონაცვლე ე. გ-ვამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინებით ა. გ-ვას უფლებამონაცვლე ე. გ-ვასა და გ. ჭ-შვილს მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ვას უფლებამონაცვლე ე. გ-ვასა და გ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, ე. გ-ვასა და გ. ჭ-შვილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 მაისის განჩინებით მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად, აღნიშნული განჩინება ე. გ-ვას ჩაჰბარდა 2011 წლის 2 ივნისს, ხოლო გ. ჭ-შვილს _ 1 ივნისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო ე. გ-ვას მიმართ 2011 წლის 3 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 5 ივნისს, ხოლო გ. ჭ-შვილის მიმართ ვადის დენა დაიწყო 2 ივნისს და ამოიწურა 4 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. გ-ვას უფლებამონაცვლე ე. გ-ვასა და გ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. გ-ვას უფლებამონაცვლე ე. გ-ვასა და გ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.