Facebook Twitter

საქმე ¹ას-723-943-08 5 თებერვალი, 2010 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ჭ-ია

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. შ-ია (ნ. ც-აიას უფლებამონცვლე), გ. ა-ია, ი. რ-უა, მ. ჭ-ია, ე. ჭ-ია, რ. ჭ-ია, თ. ც-აია, გ. კ-ია (თე. ც-აიას უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ც-აიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჭ-იას, ჟ. ც-აიასა და ა. ჭ-იას მიმართ თვითნებურად გაუქმებული წყალსაწრეტი არხის აღდგენის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: აბაშის რაიონში, ... ქუჩიდან ...... ქუჩამდე მდებარე, მოპასუხეთა მიერ თვითნებურად გადაკეტილი, წყალსაწრეტი არხის გამო იტბორება მოსარჩელის ეზო და ყანა, შესაბამისად იგი ვერ იღებს მოსავალს. 2000 წლის 12 აპრილს შედგენილი ექსპერტის დასკვნის თანახმად, ცენტრალური არხის აღდგენასთან ერთად საჭიროა ჟ. ც-აიას ეზოში მ. და ა. ჭ-იების ნაკვეთის საზღვართან არსებული ორი არხის დაგრძელება და მოწესრიგება. ზემოხსენებული დასკვნის საფუძველზე 2001 წლის 12 ივლისს სადავო არხი მოწესრიგდა, რაც მ.ჭ-იამ და სხვებმა კვლავ გადაკეტეს.

მ. ჭ-იამ ასევე სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ც-აიას, გ. ა-იას, ი. რ-უას, მ. ჭ-იას, ე. ჭ-იას, რ. ჭ-იას, თ. ც-აიას, თე. ც-აიას, აბაშის პოლიციის მუშაკების _ თ.ნ.უასა და მ.ჭ-იას მიმართ მოპასუხეთა მიერ თვითნებურად გათხრილი არხების ამოვსების, გ.ა-იასა და ლ.ჭ-იას შორის გამავალი არხის ბეტონის ჯებირით ჩაკეტვის, დაზიანებული ღობის აღდგენის, მორალური და მატერიალური ზიანის _ 20000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 1991 წელს მოპასუხეებმა, აბაშის რაიონის გამგებელთან შეთანხმებით, გაჭრეს გ.ა-იასა და ლ.ჭ-იას შორის გამავალი წყლის არხი და, მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე, მიაერთეს მის ეზოში არსებულ წყალსაწრეტ თხრილს, რის გამოც მ.ჭ-იას ადგება ზიანი, იტბორება მისი ეზო, ხეხილი, ნარგავები, ოდა-სახლის საყრდენი, დაზიანდა ასევე ხის მასალა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს უარი ეთქვათ სადავო არხის მ.ჭ-იას ეზოში გატარებაზე, რაც ასევე გაზიარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეებმა თვითნებურად, მ.ჭ-ისათვის შეტყობინების გარეშე, დააზიანეს მისი კუთვნილი ეზოს რკინის ღობე და გაიყვანეს 15 მეტრის სიგრძის არხი. მოპასუხეთა აღნიშნულ ქმედებაზე მ.ჭ-იამ განცხადებით მიმართა აბაშის პოლიციასა და პროკურატურას, თუმცა მის განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია. ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას, მ. ჭ-იას დასწრების გარეშე, მ. ჭ-იას მოთხოვნის საფუძველზე, ჩატარდა გეოდეზიური ექსპერტიზა და შედგა უკანონო ნახაზი, თუმცა, საკასაციო სასამართლოს განჩინების თანახმად, აღნიშნული ნახაზით ხელმძღვანელობა დაუშვებელია. მოპასუხეთა, მათ შორის, ნ.ც-აიას მიწის ნაკვეთს წყლის დინება არ აზიანებს მაშინ, როცა მ.ჭ-იას უძრავი ქონება აღნიშნული არხის დენის შედეგად ზიანდება.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ნ.ც-აიასა და მ.ჭ-იას სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად. ამავე სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.ც-აიას სარჩელი წყლის არხების მ. ჭ-იას, ჟ. ც-აიასა და ა. ჭ-იას ნაკვეთების საზღვართან გათხრის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო მ. ჭ-იას უარი ეთქვა მოპასუხეთა მიმართ თანხის _ 20000 ლარის დაკისრებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ.ჭ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, რა დროსაც საქმის განხილვისას მ.ჭ-იამ რამდენჯერმე დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა მეპასუხეებს _ ნ. ც-აიას, ს. ც-აიას, გ. ა-იას, ი. რ-უას, მ. ჭ-იას, ე. ჭ-იასა და თ. ც-აიას დაეკისროთ მათი უკანონო მოქმედებით მიყენებული მორალური ზიანის _ 5000 ლარის გადახდა, ხოლო მატერიალური ზიანის ოდენობა ანაზღაურდეს ექსპერტიზის მიერ განსაზღვრული ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის მთავარ სხდომაზე, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, ნ. ც-აიას შუამდგომლობა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, მ. ჭ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 31 იანვრის განჩინებით, აპელანტის ავადმყოფობის გამო, საქმის წარმოება შეჩერდა ორი თვით. მხარეს განემარტა, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი ვალდებული იქნებოდა, დაენიშნა წარმომადგენელი, ვინაიდან სასამართლო განაახლებდა საქმის წარმოებას. აპელანტს წარმომადგენელი არ დაუნიშნავს და ამავე სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა. სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2008 წლის 15 მაისს, შემდეგ კი, მოსამართლის დღესთან დაკავშირებით, მისი განხილვა გადაიდო 2008 წლის 22 მაისისათვის. აღნიშნულის თაობაზე აპელანტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირადად ეცნობა სასამართლოს შენობაში და მან უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე _ 2008 წლის 22 მაისს მ.ჭ-ია არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის. სააპელაციო პალატის მითითებით, 2008 წლის 15 მაისს წარადგინა 2008 წლის 17 თებერვალს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც საქმის განხილვის გადადების საფუძვლად ვერ მიიჩნევა, რადგან მ.ჭ-იას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის წარმოება მანამდე შეჩერებული უკვე იყო და ამ დროის განმავლობაში აპელანტს უნდა დაენიშნა წამომადგენელი, ამასთან, აღნიშნულ ცნობაში პირდაპირ არ იყო მითითებული სასამართლო სხდომის დღისათვის მ.ჭ-იას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ზემოხსენებული სამედიცინო ცნობა აპელანტმა სასამართლოში წარადგინა რა პირადად, მას სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესაძლებლობაც ჰქონდა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 242-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარის _ ნ.ც-აიას შუამდგომლობა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია.

სააპელაციო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ.ჭ-იამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სასამართლოს მთავარი სხდომა ჩაინიშნა 2008 წლის 15 მაისს, მოსამართლის დღესთან დაკავშირებით, საქმის განხილვა გადაიდო 2008 წლის 22 მაისს, რის თაობაზეც მ.ჭ-იას ეცნობა სასამართლო შენობაში და მან უწყების ჩაბარებაზე უარი განაცხადა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით პალატამ არასწორად ჩათვალა, რომ მხარეს უწყება ჩაბარდა და მისი გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მცდარია სასამართლოს დასკვნა 2008 წლის 27 თებერვლის ცნობასთან მიმართებაში, კერძოდ, რომ ცნობაში მითითებული გარემოებები არ ასახავს აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობას 22 მაისისათვის, ასევე, რადგან მ.ჭ-ია გამოცხადდა 2008 წლის 15 მაისს ჩანიშნულ სხდომაზე, მას შეეძლო 22 მაისის სხდომაზე გამოცხადებაც. სასამართლოს წინასწარ უნდა ეცნობებინა მხარისათვის სასამართლო სხდომის გადადების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს კურიერმა 2008 წლის 13 მაისს საღამოს ფოსტას ჩააბარა გზავნილი სასამართლო სხდომის გადადების შესახებ, რომელიც 2008 წლის 14 მაისს იყო თბილისის ფოსტაში და ფოსტის მუშაკმა აღნიშნული შეტყობინება მ.ჭ-იასთან მიიტანა 15 მაისს _ მაშინ, როცა იგი უკვე ქ.ქუთაისში იმყოფებოდა, ამდენად სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადანიშვნის თაობაზე სასამართლო შეტყობინება მხარეს არ ჩაბარებია და აღნიშნული ქმედებით მ.ჭ-იას მიადგა ზიანი. 2008 წლის 15 მაისს მ.ჭ-იას სასამართლოს შენობაში უწყება არ ჩაბარებია, რადგანაც სხდომის სხვა დროისათვის გადადებით აღშფოთებულ მხარეს სასამართლო მანდატურმა დაატოვებინა შენობა და მისთვის სხდომის ახალი დროის თაობაზე ცნობილი არ გამხდარა. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მ.ჭ-იამ წარადგინა 2008 წლის 27 თებერვალს გაცემული ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან აღნიშნული ცნობა იყო არა მ.ჭ-იას, არამედ მისი ძმის სახელზე გაცემული. 2008 წლის 15 მაისს სააპელაციო სასამართლოში დატოვებული ¹318 განცხადებით დასტურდება, რომ სასამართლო პროცესი არ ჩატარდა მოსამართლეთა არყოფნის გამო. აღნიშნულ განცხადებაში არ არის მითითებული სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე. სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა, რომ მ.ჭ-იასათვის სასამართლოს სხდომის შესახებ ცნობილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და არასწორად გამოიტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივნისის განჩინებით აწ გარდაცვლილი ნ. ც-აიას უფლებამონაცვლედ საქმეში _ ნ. ც-აიას სარჩელის გამო ჟ. ც-აიას, მ. და ა. ჭ-იების მიმართ საერთო სარგებლობის წყლის არხის აღდგენის, ასევე მ. ჭ-იას სარჩელის გამო ნ. ც-აიასა და სხვათა მიმართ ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის ნაწილში ჩაება ხ. შ-ია. ამავე სასამართლოს 2009 წლის 7 სექტემბრის განჩინებით მ. ჭ-იას საკასაციო საჩივარი ნ. ც-აიას მიმართ ზიანის ანაზღაურების ნაწილში დარჩა განუხილველად, ხოლო 2010 წლის 2 თებერვლის განჩინებით გარდაცვლილი თე. ც-აიას უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება გ. კ-ია.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მ. ჭ-იას სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2008 წლის 15 მაისს.

მ.ჭ-ია 2008 წლის 15 მაისს სააპელაციო სასამართლოში გამოცხადდა, თუმცა, მოსამართლის დღის გამო, მოცემული საქმის განხილვა გადაიდო 2008 წლის 22 მაისისათვის. აპელანტს წარედგინა სასამართლო უწყება სასამართლოს მთავარი სხდომის 2008 წლის 22 მაისს, 15.00 საათზე დანიშვნის შესახებ, თუმცა მან უწყების მიღებაზე უარი განაცხადა.

სააპელაციო პალატის 2008 წლის 22 მაისის სხდომაზე მ.ჭ-ია არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოს არ აცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჭ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მისთვის 2008 წლის 22 მაისის სასამართლო სხდომის შესახებ ცნობილი არ იყო, კერძოდ:

მოცემული საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსამართლის თანაშემწე ვ.ხელაძის მიერ ხელმოწერილი სასამართლო უწყება და ამავე მოსამართლის თანაშემწის, მანდატურის სამსახურისა და ცვლის უფროსების მიერ ხელმოწერილი 2008 წლის 15 მაისის აქტი, რომელთა შინაარსით დასტურდება, რომ 2008 წლის 15 მაისს მ. ჭ-ია გამოცხადდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მას განემარტა საქმის განხილვის გადადების მიზეზი და ეცნობა, რომ საქმის განხილვა გაიმართებოდა 2008 წლის 22 მაისს, 15.00 საათზე, თუმცა მ.ჭ-იამ წარდგენილი სასამართლო უწყების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს სასამართლოს შენობაში. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებით, მხარეს სასამართლო უწყება ჩააბაროს სასამართლოს შენობაში. სასამართლო უწყების მიღება მხარის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს და მის მიღებაზე უარის თქმას მხარის ინტერესებისათვის საზიანო შედეგი მოჰყვება, კერძოდ, სასამართლო უწყება მხარისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, თუ იგი უწყების მიღებაზე უარს განაცხადებს და ასეთ დროს სასამართლოს სრული უფლება გააჩნია, განიხილოს საქმე, მიუხედავად იმისა, ცნობილია თუ არა მხარისათვის საქმის განხილვის დროის შესახებ. მხარის მიერ სასამართლო უწყების ჩაბარებაზე უარის თქმისას უწყების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი წერილობით დააფიქსირებს მხარის უარს, რაც სასამართლო უწყების ჩაბარების სანაცვლოდ დაერთვება საქმეს.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მ. ჭ-იამ 2008 წლის 15 მაისს სასამართლო უწყების ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რაც სააპელაციო პალატამ მხარისათვის უწყების ჩაბარებად სწორად ჩათვალა. ამასთან, 2008 წლის 15 მაისის აქტიდან ირკვევა, რომ მ.ჭ-იას საქმის განხილვის 2008 წლის 22 მაისისათვის გადადების თაობაზე განემარტა. ზემოხსენებული აქტის საწინააღმდეგო გარემოებად საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს მ.ჭ-იას მითითებას, რომ 2008 წლის 15 მაისს მან განცხადება წარადგინა სააპელაციო პალატაში, სადაც დააფიქსირა სასამართლო სხდომის გადადების მიზეზი, ხოლო სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე ამ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა. მხარის აღნიშნული განცხადება სასამართლოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტის გამაბათილებელ საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დასახელებული ნორმა განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლოში აპელანტი მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგს და ადგენს, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდება, თუკი აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება სასამართლოში და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობებს. ამასთან, ამავე კოდექსის 242-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თუ მხარის მიმართ ერთხელ უკვე არის გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, კანონით დადგენილი წანამძღვრების არსებობისას შესაძლებელია მიღებულ იქნეს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მ.ჭ-ია 2008 წლის 22 მაისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა, ამავდროულად, მოცემულ საქმეზე მ.ჭ-იას მიმართ 2006 წლის 31 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს მიერ უკვე იყო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რის გამოც განსახილველ შემთხვევაში არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი საფუძველი.

გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტები, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 27 თებერვლის სამედიცინო ცნობა არასწორად მიიჩნია მ. ჭ-იას ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველად მაშინ, როცა აღნიშნული დოკუმენტი ეხებოდა კასატორის ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობას. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასაბუთება ეფუძნება არა მითითებულ მტკიცებულებას, არამედ საქმის განხილვაზე მ.ჭ-იას არასაპატიოდ გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუყობინებლობის ფაქტს.

აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ნ.ც-აიას უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით წარმოდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც ირკვევა, რომ 2007 წლის 27 სექტემბერს ნ.ც-აიამ აბაშაში, ... ქ.¹2-ში მდებარე კუთვნილი უძრავი ნივთი მიჰყიდა ხ. შ-იას. ამდენად, 2008 წლის 22 მაისს ნ.ც-აიას აღარ ეკუთვნოდა ის მიწის ნაკვეთი, რომლის ხელყოფის აღკვეთასაც იგი მოითხოვდა, თუმცა აღნიშნული გარემოება სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებაზე ვერ იმოქმედებს, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ხ.შ-იასათვის სავალდებულოა ნ. ც-აიას მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ნ.ც-აიას შუამდგომლობა სადავო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ და ხ.შ-იას ნაცვლად ამ შუამდგომლობის ნ.ც-აიას მიერ წარმოდგენა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად ვერ მიიჩნევა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატისათვის 2008 წლის 22 მაისს ნ.ც-აიასა და ხ.შ-იას შორის 2007 წლის 27 სექტემბერს დადებული გარიგების თაობაზე ცნობილი არ ყოფილა, შესაბამისად, იგი სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას ამ გარემოებას ვერ გაითვალისწინებდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ჭ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.