ას-724-679-2010 7 დეკემბერი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძესხდომის მდივანი _ ლ.სანიკიძე
კასატორი _ ლ. ბ-ძე
წარმომადგენელი – ნ. ა-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ბ-ძე, თ. ბ-ძე
წარმომადგენლები – ც. ც-ძე, მ. ჯ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდროდან წილის მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ბ-ძის კანონიერმა წარმომადგენელმა ც.ც-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-ძის მიმართ ნოტარიუს დ.ხ-შვილის მიერ 2001 წლის 14 ივნისს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ქ.ქუთაისში, ... ქ¹5-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1994 წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა ვ.ბ-ძის ბაბუა ა. ბ-ძე. მისი სამკვიდრო უძრავი ქონება _ ქ.ქუთაისში, ... ქ.¹5-ში მდებარე ბინა მიიღეს პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა: მეუღლე ლ. ბ-ძემ და შვილმა _ თე. ბ-ძემ. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის შესაბამისად, მიღებული სამკვიდრო ჩაითვალა მათ საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, ანუ თითოეული მათგანის საკუთრებას წარმოადგენდა სამკვიდრო ქონების 1\2, თუმცა მათ ეს უფლება საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებიათ. 1999 წლის 4 დეკემბერს გარდაცვლილი თე. ბ-ძის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა: დედა ლ. ბ-ძემ და შვილებმა ასევე მიიღეს თ.ბ-ძის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით და თითოეული მათგანი გახდა ამავე სამკვიდროს შესაბამისი წილის მესაკუთრე, თუმცა არც ამ შემთხვევაში სამკვიდროში შემავალ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. ამდენად, 2001 წლის 14 ივნისს ლ. ბ-ძის სახელზე კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ა. ბ-ძის მთელ სამკვიდრო ქონებაზე უკანონოდ გაიცა, ვინაიდან ლ. ბ-ძეს ეკუთვნოდა ა. ბ-ძის სამკვიდრო ქონების 1\2 ნაწილი. აღნიშნულს უნდა დამატებოდა თე. ბ-ძის სამკვიდროს 1\3.
თ. ბ-ძემ, როგორც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირმა, ამავე საფუძვლებითა და მოთხოვნით ლ. ბ-ძის წინააღმდეგ მიმართა სასამართლოს.
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირმა _ დ. ს-ძემ ასევე მიმართა სასამართლოს სარჩელით, მოითხოვა 2001 წლის 14 ივნისს გაცემულ კანონისმიერ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა და ა. ბ-ძის სამკვიდროდან 1/2 წილის მიკუთვნება.
მოპასუხე ლ. ბ-ძემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: თ.ბ-ძეს მამის სამკვიდრო არ მიუღია, ამასთან, ა.ბ-ძის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო გაიხსნა სადავო სახლის 1/2-ზე, რადგან აღნიშნული ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ძის კანონიერი წარმომადგენლის _ ც.ც-ძის სარჩელი, ასევე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირების _ თ. ბ-ძისა და დ. ს-ძის სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ს-ძემ, ვ. და თ. ბ-ძეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინებით დ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. ამავე პალატის 2010 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ვ. და თ. ბ-ძეების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ვ. და თ. ბ-ძეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. და თ. ბ-ძეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ბ-ძე ცნობილ იქნა ქ.ქუთაისში, ... ქ¹5-ში მდებარე ა. ბ-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/8-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ვ. ბ-ძე ცნობილ იქნა ქ.ქუთაისში, ... ქ¹5-ში მდებარე ა. ბ-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/8-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, შესაბამისი ცვლილება იქნა შეტანილი ლ. ბ-ძის სახელზე გაცემულ ¹53 სამკვიდრო მოწმობაში შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1994 წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა მამკვიდრებელი ა. ბ-ძე, რომელიც 1956 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. ბ-ძესთან. მამკვიდრებლის საკუთრებას წარმოადგენდა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹5-ში მდებარე უძრავი ქონება. საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით სადავო უძრავი ქონება ა. ბ-ძემ ექსპლუატაციაში მიიღო 1967 წელს, ანუ მეუღლეების ლ. და ა. ბ-ძეების ერთად ცხოვრების პერიოდში. ამდენად, ქ.ქუთაისში, ... ქ.¹5-ში მდებარე ქონება წარმოადგენდა მამკვიდრებელ ა. ბ-ძისა და მისი მეუღლე ლ. ბ-ძის საერთო საკუთრებას, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მამკვიდრებელ ა.ბ-ძის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო გაიხსნა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების წილზე. ა. და ლ. ბ-ძეებს ჰყავდათ ორი შვილი დ. ს-ძე და თე. ბ-ძე. თე. ბ-ძე 1979 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ც. ც-ძესთან, რომელთანაც ჰყავდა ორი შვილი – ვ. და თ. ბ-ძეები. 1999 წლის 4 დეკემბერს თე. ბ-ძე გარდაიცვალა. გარდაცვალების სააქტო ჩანაწერში თე. ბ-ძის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ.ქუთაისი, ... ქ.¹5. თე. ბ-ძე დაიბადა, გაიზარდა და გარდაიცვალა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹5-ში, იგი მუშაობდა და პერიოდულად იმყოფებოდა რუსეთში. საქართველოში ყოფნისას იგი მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობდა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹5-ში. თ.ბ-ძის საქართველოში არყოფნის პერიოდშიც მისი შვილები – თ. და ვ. ბ-ძეები და მეუღლე ც. ც-ძე მუდმივად ცხოვრობდნენ სადავო ბინაში. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია, ნაწილი მოწმეებისა განმარტავს, რომ თე. ბ-ძე მამის გარდაცვალებიდან 4 თვეში დაბრუნდა საცხოვრებელ სახლში და ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდრო, ნაწილის განმარტებით კი, თე. ბ-ძე მამის გარდაცვალებისას საქართველოში არ იმყოფებოდა და დაბრუნდა დაახლოებით 5 წლის შემდეგ, გარკვეული პერიოდი იცხოვრა სადავო სახლში, ჩაუტარა მას რემონტი და აქვე გარდაიცვალა. ა. ბ-ძეს გარდაცვალების შემდეგ დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე – ლ. ბ-ძე, დ. ს-ძე და თ.ბ-ძე. დ.ს-ძეს სამკვიდროს მიღებაზე ეთქვა უარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის გამო და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1339-ე მუხლებით და მიუთითა, რომ 1967 წელს ა. ბ-ძემ სადავო უძრავი ქონება მიიღო ექსპლუატაციაში მეუღლეთა – ა. და ლ. ბ-ძეების თანაცხოვრებისა და რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, რის გამოც, ლ.ბ-ძე ამ ქონების თანამესაკუთრეა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ ა. ბ-ძის გარდაცვალების დროს სამკვიდრო გაიხსნა სადავო უძრავი ქონების 1\2 წილზე.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1330-ე, 1328-ე, 1306-ე, 1307-ე, 1421-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან თე. ბ-ძე დაიბადა და ცხოვრობდა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹5-ში, არ გააჩნდა სხვა საცხოვრებელი და გარდაცვალების დროსაც ამავე მისამართზე ცხოვრობდა. ამდენად, მან მამის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო. აღნიშნული მსჯელობა ემყარება სამოქალაქო კოდექსის 155-ე და 168-ე მუხლების დანაწესებს. სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 166-ე მუხლების მიხედვით, პირის მიერ ნივთის ფლობის ფაქტობრივი გარემოება შეიძლება დადასტურდეს როგორც მოწმეთა ჩვენებებით, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავია, ისე სხვა წერილობითი მტკიცებულებებით. პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ქ.ქუთაისის მერიის ძელქვიანის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ 2000 წლის 8 ივნისის ¹585 ცნობაზე, რომლის თანახმად მოქალაქე თ. ბ-ძე 1999 წლამდე ცხოვრობდა ქუთაისში, ... ქ.¹5-ში და გარდაცვალების აქტის ჩანაწერზე, რომ თ.ბ-ძე მუდმივად ცხოვრობდა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹5-ში. სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ, თუ პირი დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს ფლობდა ნივთს, ივარაუდება მისი მფლობელობა დროის შუა პერიოდშიც და ამ ვარაუდის საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ფლობის უწყვეტობა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს. პალატის მოსაზრებით, თე. ბ-ძის მიერ სადავო ნივთის ფლობა მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და თავად თ.ბ-ძის გარდაცვალების დროისათვის დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, ამდენად, პალატამ მის მიერ ნივთის ფლობა დროის შუა მონაკვეთშიც კანონის ზემოაღნიშნული დათქმიდან გამომდინარე პრეზუმირებულად მიიჩნია, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი, კი მოწინააღმდეგე მხარეს დააკისრა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სამკვიდრო მასას წარმოადგენდა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1\2. ა. ბ-ძეს დარჩა სამი თანაბარი რიგის მემკვიდრე: მეუღლე – ლ. ბ-ძე, შვილები – დ. ს-ძე და თე. ბ-ძე. მათგან სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღეს მხოლოდ ლ. და თე. ბ-ძეებმა. თითოეულის წილი ა. ბ-ძის სამკვიდროდან შეადგენს მთელი ქონების 1\4-ს. ა. ბ-ძეს მის სამკვიდროზე ანდერძი არ დაუტოვებია. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ თე. ბ-ძის მიერ ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული სამკვიდროდან _ მთელი სადავო უძრავი ქონების 1\4 წილიდან, მოსარჩელე ვ. და თ. ბ-ძეებს უნდა მიეკუთვნოთ თითოეულს 1\8 წილი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ბ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლებით და დაედგინა, მიიღო თუ არა თ.ბ-ძემ მამის სამკვიდრო კანონით დადგენილი წესისა და ვადის დაცვით. ვ. და თ. ბ-ძეებმა ვერც ერთი ინსტანციის სასამართლოში ვერ წარადგინეს იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომ თე. ბ-ძე მამის – ა. ბ-ძის გარდაცვალებიდან, ანუ 1994 წლის 30 ნოემბრიდან ექვს თვეში დაეუფლა მის სამკვიდროს და პრეტენზია განაცხადა მასზე.
სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი და თე. ბ-ძისაგან სამკვიდროს ფლობა დაასაბუთა ამავე კოდექსის 165-168-ე მუხლების, თე. ბ-ძის გარდაცვალების ცნობაში მითითებული მისამართისა და ასევე იმ გარემოების საფუძველზე, რომ თ.ბ-ძე მშობლების სახლში დაიბადა და გაიზარდა. ხსენებული ნორმები მოცემული დავის გადაწყვეტისას პალატას არ უნდა გამოეყენებინა, რადგან სამემკვიდრეო ურთიერთობები რეგულირდება სპეციალური ნორმებით, რაც მითითებულია სამოქალაქო კოდექსის მეექვსე წიგნში. ამასთან, აღნიშნული მუხლების გამოყენების შემთხვევაშიც, სასამართლოს სწორად უნდა განესაზღვრა დრო, რომლის დასაწყისსა და ბოლოს ნივთის ფლობა შეიძლება ჩათვლილიყო სამკვიდროს ფლობად, კერძოდ, საანგარიშო პერიოდად უნდა მიეჩნია სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილი სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა და არა თ.ბ-ძის მთელი სიცოცხლე, რადგან სწორედ სამკვიდროს გახსნიდან ექვს თვეში უნდა განხორციელდეს მემკვიდრის მიერ ფაქტობრივი ფლობა, ხოლო დანარჩენ დროს, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლებით, მნიშვნელობა არ ენიჭება. სასამართლომ გამოიყენა რა სამოქალაქო კოდექსის 165-168-ე მუხლები და დადასტურებულად ჩათვალა თ.ბ-ძის მიერ სამკვიდროს ფლობის განხორციელება, დაასკვნა, რომ ფლობა ფაქტია და არა უფლება, თუ ეს ასეა სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 380-ე და 377-ე მუხლების დარღვევით, გადაწყვეტილება დააფუძნა ისეთ ფაქტებსა და არგუმენტებს, რომლებზეც აპელანტი არ უთითებდა და ამ ფაქტებთან დაკავშირებით არ მოისმინა კასატორის არგუმენტები.
სასამართლომ არასწორად განსაზღვრა თ. და ვ. ბ-ძეების წილი, რა დროსაც არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლი, ვინაიდან სასამართლომ ჩათვალა, რომ თ.ბ-ძემ მიიღო მამის სამკვიდრო, მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო უნდა გაყოფილიყო არა ორ ნაწილად შვილებზე _ თ. და ვ. ბ-ძეებზე, არამედ სამ ნაწილად, შვილებსა და დედაზე, რადგანაც დედა შვილების თანასწორი პირველი რიგის მემკვიდრეა.
სასამართლომ ასევე არასწორად განსაზღვრა სამკვიდროს ოდენობაც, რადგან ა.ბ-ძის სამკვიდრო მთელი ქონების 1\2 უნდა განაწილდეს სამ მემკვიდრეზე, მეუღლესა და ორ შვილზე და არა მხოლოდ მეუღლესა და ერთ შვილზე, როგორც ეს სასამართლომ განახორციელა. პალატამ ვერ მიუთითა მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდება, რომ თე. ბ-ძე მუშაობდა და პერიოდულად იმყოფებოდა რუსეთში. მან დაასკვნა, რომ თ.ბ-ძე დაიბადა, გაიზარდა და გარდაიცვალა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹5-ში, მაგრამ არ გამოუკვლევია, სად ცხოვრობდა იგი ზრდასრულ ასაკში. დავის გადაწყვეტისათვის სწორედ ამ პერიოდს ჰქონდა მნიშვნელობა და ამ პერიოდში თე. ბ-ძის ქუთაისში ყოფნის ფაქტი სასამართლომ ვერ დაადგინა საქმეში შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვ. და თ. ბ-ძეების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატამ კანონის მოთხოვნათა დაცვით დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ სამართლებრივად არასწორად შეაფასა, კერძოდ:
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 1994 წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა მამკვიდრებელი ა. ბ-ძე, რომელიც 1956 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. ბ-ძესთან და მათ თანასაკუთრებას წარმოადგენდა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ მამკვიდრებელ ა. ბ-ძის სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1\2. ა. ბ-ძეს დარჩა სამი თანაბარი რიგის მემკვიდრე: მეუღლე – ლ. ბ-ძე, შვილები – დ. ს-ძე და თე. ბ-ძე.
საკასაციო სასამართლო სრულიად ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებასა და დასკვნას, რომ ა. ბ-ძის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღეს მხოლოდ ლ. და თე. ბ-ძეებმა და თითოეულის წილი ა. ბ-ძის სამკვიდროდან შეადგენს მთელი ქონების 1\4-ს და ამ ნაწილში არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიას უსაფუძვლობის გამო, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულია საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ასეთ პრეტენზიად ვერ იქნება მიჩნეული კასატორის მითითება მოწმეთა ჩვენებების შეფასების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს სადავო დასკვნა თე. ბ-ძის მიერ ა. ბ-ძის ფაქტობრივი ფლობით მიღების თაობაზე ემყარება როგორც მოწმეთა ჩვენებებს, ასევე საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევასა და ურთიერთშეჯერებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ თე. ბ-ძე სამკვიდრო უნდა გაყოფილიყო არა ორ ნაწილად შვილებზე _ თ. და ვ. ბ-ძეებზე, არამედ სამ ნაწილად, შვილებსა და დედაზე, რადგანაც დედა შვილების თანასწორი პირველი რიგის მემკვიდრეა.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამავე კოდექსის 1452-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, თე. ბ-ძის სამკვიდრო უნდა გაიყოს სამ თანაბარ ნაწილად თანასწორი უფლების მემკვიდრეებს _ ლ., ვ. და თ. ბ-ძეებს შორის, შესაბამისად, უნდა შეიცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვ. და თ. ბ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილების ნაწილში შემდეგნაირად: თ. ბ-ძე ცნობილ იქნეს ა. ბ-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონების ქ. ქუთაისში, ... ქუჩა ¹5-ში მდებარე 1/12 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ. ვ. ბ-ძე ცნობილ იქნეს ა. ბ-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონების ქ.ქუთაისში, ... ქუჩა ¹5-ში მდებარე 1/12 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება ლ. ბ-ძის სახელზე გაცემულ ¹53 სამკვიდრო მოწმობაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება ვ. და თ. ბ-ძეების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
ვ. და თ. ბ-ძეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, თ. ბ-ძე ცნობილ იქნეს ა. ბ-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონების ქ. ქუთაისში, ... ქუჩა ¹5-ში მდებარე 1/12 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ვ. ბ-ძე ცნობილ იქნეს ა. ბ-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონების ქ.ქუთაისში, ... ქუჩა ¹5-ში მდებარე 1/12 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება ლ. ბ-ძის სახელზე გაცემულ ¹53 სამკვიდრო მოწმობაში.
საკასაციო პალატის გაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.