ას-72-69-2010 19 აპრილი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ. ც-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ც-უა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ც-უამ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ც-ძის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სესხის ძირითადი თანხის _ 10000 აშშ დოლარისა და 2007 წლის 10 ივლისიდან ყოველთვიურად დარიცხული სარგებლის _ 2000 აშშ დოლარის, სულ _ 12000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 9 ივნისს რ. ც-ძემ აღიარა ა. ც-უას წინაშე ვალის _ 10 000 აშშ დოლარის არსებობა. მოვალის დავალიანება წარმოიშვა 2006 წლის ივნისში, როდესაც კრედიტორმა მას თანხა გადასცა ავტომანქანის შესაძენად. მოვალეს სესხი 2007 წლის 10 ივლისამდე უნდა დაებრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვიურად დაერიცხებოდა ძირითადი თანხის 2%. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება დროულად არ შეასრულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივლისს, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის შეუტანლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ც-უას სარჩელი დაკმაყოფილდა, რ.ც-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა რ.ც-ძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით რ.ც-ძის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე რ. ც-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განჩინებით რ.ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: პალატამ დაადგინა, რომ რ. ც-ძეს ა. ც-უას სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გზავნილი 2008 წლის 23 ივნისს მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა, წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა და სასამართლო გზავნილი პირადად ჩაბარდა 2008 წლის 27 ივნისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. რ. ც-ძეს სასამართლოს მიერ დანიშნულ 10 დღის ვადაში სასამართლოსათვის წერილობითი შესაგებელი სარჩელთან დაკავშირებით არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია. 2008 წლის 18 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით 2008 წლის 4 აგვისტოს რ. ც-ძემ წარადგინა საჩივარი, ხოლო 2008 წლის 2 სექტემბერს დაზუსტებული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ჩხოროწყუს ამბულატორიულ-კლინიკური გაერთიანების დირექტორის მიერ 2008 წლის 8 ივლისს გაცემული ცნობის თანახმად, 2008 წლის 4 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით რ. ც-ძე მკურნალობას გადიოდა ჩხოროწყუს პოლიკლინიკაში მარჯვენა თირკმლის ჭვალის დიაგნოზით. საქმეში ა. ც-უას წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ჩხოროწყუს რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის 2008 წლის 6 ნოემბერს გაცემული ცნობით, 2008 წლის 27 ივნისიდან 8 ივლისამდე რ.ც-ძეს საავადმყოფოსათვის არ მიუმართავს და, შესაბამისად, სტაციონალური მკურნალობა არ გაუვლია. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავად აპელანტმა დაადასტურა ის გარემოება, რომ არც საავადმყოფოში და არც პოლიკლინიკაში მას სტაციონარული მკურნალობა არ გაუვლია. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო სასამართლოს მიერ ზეპირი განხილვის გარეშე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების აუცილებელი წინაპირობებია, რომ მოპასუხე გაფრთხილებული იყოს მის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შესახებ, შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული უნდა იყოს არასაპატიო მიზეზით და სარჩელში მითითებული გარემოებები უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რ. ც-ძემ პირადად ჩაიბარა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, ამასთან, იგი სარჩელზე თანდართული გზავნილის მეშვეობით გაფრთხილებულ იქნა სარჩელთან დაკავშირებით შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეულ იქნა მისი ავადმყოფობით, რაც დასტურდება საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას რ. ც-ძის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით, თუმცა ზემოთაღნიშნული ნორმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სამედიცინო ცნობა უნდა შეიცავდეს პირდაპირ მითითებას მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონალური მკურნალობა. განსახილველ შემთხვევაში მხარემ სასამართლოს განუმარტა, რომ სტაციონალურ მკურნალობას არ გადიოდა და იმყოფებოდა სახლში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს მხოლოდ იმიტომ, რომ აპელანტი ავადმყოფობდა და არ შეეძლო შესაგებლის წარდგენა სასამართლოში. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდესის 241-ე მუხლის, 233-ე მუხლის მესამე ნაწილის, 65-ე მუხლისა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადოდ მტკიცებულებები, რაც უტყუარად დაადასტურებდა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ. ც-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხე კანონით გათვალისწინებული სათანადო წესით შესაგებლის წარდგენის ვადებისა და მისი წარუდგენლობის არასაპატიო მიზეზის შესახებ გაფრთხილებული არ იყო. აღნიშნული მოქმედებები მოსამართლეს არ შეუსრულებია, არამედ შეასრულა მისმა თანაშემწემ – ე. კ-შვილმა, რაც არღვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლს და წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რადგან თანაშემწის მიერ გაგზავნილი წერილი არ წარმოადგენს იმ პროცესუალურ დოკუმენტს, რომლის საფუძველზე მოპასუხეს ევალება შესაგებლის წარდგენა. გზავნილის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს მოსამართლის მიერ მიღებული განჩინება ვადის განსაზღვრის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე არსებობს ერთმნიშვნელოვანი სასამართლო პრაქტიკა, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება. იგი მიღებულ იქნა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, ვინაიდან სასამართლოს არ გამოუყენებია ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორმა აღიარა 8000 ლარის სესხის არსებობა. აღნიშნული აღიარება მოხდა იძულების წესით, რის შესახებაც რ.ც-ძემ უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო რეალურად გააჩნია ა.ც-უას ვალი 3500 ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ც-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორ რ.ც-ძის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივლისისა და 12 ნოემბრის განჩინებების კანონიერების შემოწმებისას არ გამოიყენა და უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის დანაწესი, კერძოდ:
ზემოხსენებული ნორმის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლე დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას იმისთვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. ამავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით.
მითითებული კანონის დანაწესებიდან გამომდინარე, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს ავალებს, საქმის განხილვისათვის მომზადების მიზნით განუსაზღვროს მოპასუხეს საპროცესო ვადა სარჩელით მის მიმართ წარდგენილი პრეტენზიებისათვის პასუხის გასაცემად _ წერილობითი შესაგებლის შესადგენად. მოპასუხის წერილობითი შესაგებლის არსიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი შედგენისათვის საჭირო სათანადო ვადა უნდა განისაზღვროს განჩინებით თვით საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ივნისის განჩინებით ა. ც-უას სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში, დადგინდა, რომ მოცემული საქმე უნდა მომზადდეს მთავარ სხდომაზე განსახილველად და მოპასუხეს გაეგზავნოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, თუმცა საპროცესო ვადა ა.ც-უას სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად რ.ც-ძეს განესაზღვრა არა სასამართლოს განჩინებით, არამედ მოსამართლის თანაშემწის მიერ.
ამდენად, სააპელაციო პალატამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ.ც-ძისათვის ა.ც-უას სარჩელზე შესაგებლის წარმოდგენის საპროცესო ვადის სასამართლო გზავნილით დადგენილით დაირღვა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ც-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.