Facebook Twitter

ას-729-682-2010 25 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ი-ის საკასაციო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინებაზე, საქმეზე, მ. ც-იას სარჩელის გამო თ. ი-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ივლისის განჩინებით თ. ი-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2010 წლის 17 აგვისტოს კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლისა და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება იმ საფუძვლით, რომ მისი საკასაციო საჩივრის პარალელურად ამავე საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და აღნიშნულ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად. განცხადებას დაერთო საქართველოს შსს აჭარის არ მთავარი სამმართველოს, ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ გაცემული ¹26/10/1-4399 ცნობა იმის თაობაზე, რომ თ. ი-ი 2009 წლის 13 სექტემბერს სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილი იქნა დაზარალებულად და სამოქალაქო მოსარჩელედ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინებით თ. ი-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა.

2010 წლის 19 ოქტომბერს კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ არის მარტოხელა, უმუშევარი და აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად სასამართლო, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

განსახილველი ნორმა განსაზღვრას ხარჯების გადახდის ანდა მათი ოდენობის შემცირების სამართლებრივ მარეგულირებელ მექანიზმს, რომელიც უკავშირდება მხოლოდ მხარის ქონებრივ მდგომარეობას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, ვერ უზრუნველყო ვერც სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დადასტურება სათანადო მტკიცებულებებით, რის გამოც თ. ი-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ი-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ი-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.