¹ას-729-787-2011 13 ივნისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ სს «...’’
მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. შ-ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ საზოგადოების საფინანსო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ჯ. შ-იამ მოპასუხე სს «...-ის’’ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დავალებოდა საზოგადოების საქმიანობის ამსახველი გარკვეული სახის დოკუმენტაციის მისთვის გადაცემა, კერძოდ, სარჩელში დასახელდა შემდეგი დოკუმეტები:
ა. სს «...-ის’’ სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (წესდება, რეგისტრაციის ბრძანება ან/და დადგენილება, აქციონერთა კრების ოქმები) საზოგადოების დაარსებიდან სარჩელის შეტანამდე;
ბ. საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ოდენობისა და მისი შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ქონების ნუსხა სააქციო საზოგადოების დაარსების დღიდან (აუდიტორის დასკვნა) სარჩელის აღძვრამდე;
გ. საწარმოს ბალანსები, საზოგადოების დაარსებიდან სარჩელის შეტანამდე;
დ. საწარმოს მოგება-ზარალის დეკლარაციები (თავისი დანართებით), საზოგადოების დაარსებიდან სარჩელის აღძვრამდე;
ე. საწარმოს ქონების გადასახადების ყოველწლიური დეკლარაციები საზოგადოების დაარსების დღიდან სარჩელის შეტანამდე;
ვ. საწესდებო კაპიტალში შემავალი აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რაც მიიღო სამეთვალყურეო საბჭომ ან/და აქციონერთა კრებამ;
ზ. უძრავი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები სამეთვალყურეო საბჭოს ან/და აქციონერთა კრების მიერ საზოგადოების დაარსების დღიდან სარჩელის შეტანამდე;
თ. სანოტარო აქტები, რომლითაც განხორციელდა უძრავი ქონების გასხვისება საზოგადოების დაარსების დღიდან სარჩელის შეტანამდე;
ი. საწარმოს ყოველწლიური შემოწმების _ რევიზიის აქტები საზოგადოების დაარსების დღიდან სარჩელის შეტანამდე;
კ. საწარმოს საბანაკო ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი დოკუმენტები საზოგადოების დაარსების დღიდან სარჩელის შეტანამდე;
ლ. სალაროს ოპერციების ამსახველი დოკუმენტაცია საზოგადოების დაარსების დღიდან სარჩელის შეტანამდე;
მ. საწარმოს კუთვნილი ქონების გასხვისების, იჯარით გაცემის ან უფლებრივად დატვირთვის დოკუმენტაცია საზოგადოების დაარსების დღიდან სარჩელის შეტანამდე.
სარჩელის თანახმად, ჯ. შ-ია წარმოადგენდა სააქციო საზოგადოება «...-ის» აქციათა 13.16%-ის მფლობელს საზოგადოების დაარსებიდან. სარჩელით მოთხოვნილი დოკუმენტაციის ასლების გადაცემის მოთხოვნით მან 2007 წლის 27 აპრილს მიმართა საზოგადოებას და ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიუღია (ტომი I, ს.ფ. 2-11).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს «...-ის’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე საზოგადოებას დაევალა ჯ. შ-იასათვის გადაეცა საზოგადოების წესდების, საზოგადოების მიერ დადებული ყველა გარიგების და საზოგადოების კრების ოქმების ასლები საზოგადოების დაარსებიდან სარჩელის აღძვრამდე, 2010 წლის 21 ივნისამდე.
საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ჯ. შ-ია ფლობს სს ,,...-ის» 13.16% აქციებს;
მოსარჩელემ 2007 წლის აპრილში მიმართა მოპასუხე საზოგადოებას სარჩელში მითითებული დოკუმენტების ასლების მისთვის გადაცემის მოთხოვნით.
სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუცია მოთხოვნილი დოკუმენტების ასლები. მოსარჩელისათვის სადავო დოკუმენტების გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარდგენილი არ იყო, ხოლო ამ გარემოების მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ეკისრებოდა მოპასუხეს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით. სასამართლომ განმარტა, რომ მოყვანილი ნორმით დეკლარირებული უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია საზოგადოების წესდებით, მაგრამ მათი შეზღუდვა დასაშვებია ამავე კანონით. პარტნიორის მიერ ინფორმაციის მიღებისა და კონტროლის უფლების ამ ზოგად დანაწესთან ერთად, «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 53-ე მუხლი ადგენს სპეციალურ ნორმებს სააქციო საზოგადოებაში აქციონერის ინფორმაცის უფლებასთან დაკავშირებით. ამ მუხლის 32 პუნქტით, აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს, ხოლო ამავე მუხლის 35 პუნქტით, 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, შესაბამისი მმართველობის ორგანოსგან მოითხოვონ საზოგადოების სახელით დადებული გარიგების ასლები ან/და ინფორმაცია დასადები გარიგებების შესახებ.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აქციონერთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი სპეციალური ნორმები ზღუდავენ ამავე კანონის 3.10 პუნქტით დადგენილ უფლებას სააქციო საზოგადოებაში, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ სპეციალურ ნორმებს, დავის გადაწყვეტისათვის სწორედ ეს ნორმები უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ამიტომ, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე საზოგადოებას არ ჰქონდა ვალდებულება გადაეცა მოპასუხისათვის მის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტის ასლი, მას მხოლოდ იმ დოკუმენტის ასლების გადაცემის ვალდებულება ჰქონდა, რაც გათვალისიწნებულია 53-ე მუხლით, ასეთია საზოგადოების მიერ დადებული გარიგებების ასლები. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დავალებოდა მოსარჩელისათვის გადაეცა მის მიერ დადებული გარიგებების ასლები საზოგადოების დაფუძნებიდან სარჩელის აღძვრამდე. რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელით მოთხოვნილი დოკუმენტების გადაცემის გარეშე, მოსარჩელე ვერ შეძლებს წლიური ანგარიშის სისწორის შემოწმებას, ასეთ შემთხვევაში, აქციონერს, რომელიც ფლობს აქციათა 5%-ს შეუძლია მოითხოვოს სამეურნეო მოქმედებების და წლიური ბალანის სპეციალური შემოწმება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ასევე უნდა დავალებოდა მოსარჩელისათვის გადაეცა საერთო კრების ოქმებისა და საზოგადოების წესდების ასლი. სასამართლოს განმარტებით, საზოგადოების საერთო კრება მართვის უმაღლესი ორგანოა და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც საწარმოს ძირითად ინტერესებს შეეხება მიიღება საერთო კრების მიერ. საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება აქციონერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებას წარმოადგენს კონტროლის უფლების თვალსაზრისით, ამიტომ სასამართლოს მოსაზრებით, ამ უფლების შეზღუდვა არ დაიშვებოდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აქციონერს, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაცემოდა საზოგადოების საერთო კრების, როგორც კრების მსვლელობისა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებების ამსახველი დოკუმენტი.
რაც შეეხებოდა საზოგადოების წესდებას, იგი «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-3 მუხლის 41 მუხლით, წარმოადგენს შეთანხმებას, რომლითაც წესრიგდება საზოგადოების საქმიანობასთან ან/და პარტნიორთა ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ წესდება, როგორც საზოგადოების საქმიანობის და პარტნიორთა ურთიერთობების განმსაზღვრელი დოკუმენტი, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაცემოდა პარტნიორს (ტომი I, ს.ფ. 69-74).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. შ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 80-90, ტომი II, ს.ფ. 6-16).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. შ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ჯ. შ-იას სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა: სს ,,...-ს» დაევალა ჯ. შ-იასათვის გადაეცა საზოგადოებაში არსებული, სააქციო საზოგადოების დაარსების დღიდან სარჩელის შეტანამდე _ 2010 წლის 16 ივნისამდე პერიოდის შემდეგი დოკუმენტების ასლები:
ა. საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ოდენობისა და მისი შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ქონების ნუსხა (აუდიტორის დასკვნა);
ბ. საწარმოს ბალანსები;
გ. საწარმოს მოგება-ზარალის დეკლარაციები (თავისი დანართებით);
დ. საწარმოს ქონების გადასახადების ყოველწლიური დეკლარაციები;
ე. სამეთვალყურეო საბჭოს და/ან აქციონერთა კრების მიერ მიღებული საწესდებო კაპიტალში შემავალი აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები;
ვ. სამეთვალყურეო საბჭოს ან/და აქციონერთა კრების მიერ მიღებული უძრავი ქონების გასხვისების გადაწყვეტილებები;
ზ. საწარმოს ყოველწლიური შემოწმების - რევიზიის აქტები;
თ. საწარმოს საბანაკო ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი დოკუმენტები;
ი. სალაროს ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2010 წლის 14 სექტემბერს აპელანტმა წერილით მიმართა სს ,,...-ის» დირექტორს საზოგადოების საფინანსო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გაცნობის მოთხოვნით, რაზე მოწინააღმდეგე მხარისაგან მიიღო უარი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ყველა პარტნიორს წილის სიდიდისა და საზოგადოებაში მისი მდგომარეობის მიუხედავად, აქვს: ა. წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება; ბ. წლიური ანგარიშის სისწორის შემოწმების უფლება; გ. წლიური ანგარიშის სისწორის შემოწმების მიზნით უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით საზოგადოების საბუღალტრო წიგნების შემოწმების უფლება; დ. წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მის დამტკიცებამდე საზოგადოების ორგანოებისათვის განმარტებების მოთხოვნის უფლება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემომითითებული უფლებები პარტნიორთა უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული უფლებების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ ,,მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო გაფართოება შიძლება საზოგადოების წესდებითაც.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი მოწინააღმდეგე მხარისგან ითხოვდა სააქციო საზოგადოების დაარსების დღიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდის: საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ოდენობისა და მისი შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, ქონების ნუსხის (აუდიტორის დასკვნის); საწარმოს ბალანსების; საწარმოს მოგება-ზარალის დეკლარაციების (თავისი დანართებით); საწარმოს ქონების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციების; საწესდებო კაპიტალში შემავალი აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებული სამეთვალყურეო საბჭოს და/ან აქციონერთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების; უძრავი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს და/ან აქციონერთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების; საწარმოს ყოველწლიური შემოწმების - რევიზიის აქტების; საწარმოს საბანაკო ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი დოკუმენტების; სალაროს ოპერციების ამსახველი დოკუმენტაციის _ ასლების გადაცემას.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ,,მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი პარტნიორთა უფლებები სააქციო საზოგადოებაში შეზღუდულია ამავე კანონის 53-ე მუხლით, რომელიც ამ შემთხვევაში არის აქციონერთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი სპეციალური ნორმა.
«მეწარმეთა შესახებ» კანონის 53-ე მუხლის 32 პუნქტის თანახმად, აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სამეურნეო მოქმედებების და წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმების უფლება არ გამორიცხავდა და უფრო მეტიც, თავის თავში მოიცავდა ,,მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ პარტნიორთა ზემოაღნიშნულ უფლებებს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღებას მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ სააქციო საზოგადოებაში მითითებული უფლებების წარმოშობა კანონმდებელმა დაუკავშირა პარტნიორთა (აქციონერთა) აქციათა წილის მოცულობას, კერძოდ, სააქციო საზოგადოებაში სამეურნეო მოქმედებების და მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმების მოთხოვნის უფლება ენიჭებათ მხოლოდ 5%-ის მფლობელ აქციონერებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ჯ. შ-იას გააჩნდა სს ,,...-ის» აქციათა 13.16%, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 32 პუნქტით დადგენილი ეს შეზღუდვა მის უფლებებზე ვერ გავრცელდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ სააქციო საზოგადოების პარტნიორებს აქვთ მხოლოდ საზოგადოების დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობის და არა მათი ასლების გადაღების უფლება. სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობაში კანონმდებელი მოიაზრებს როგორც დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობას, ისე მათი ასლების გადაღებასაც. ამდენად, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცნობის მიზნით პარტნიორი უფლებამოსილია მოითხოვოს როგორც მისი გაცნობა, ასევე ასლების გადაცემა (ტომი II, ს.ფ. 71-80).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «...-მა’’, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობაში კანონმდებელი მოიაზრებს როგორც დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობას, ისე მათი ასლების გადაღებას. კასატორი მიუთითებს «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, 53-ე მუხლის 3.2 და 3.5 პუნქტებზე და მიიჩნევს, რომ კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელმა ერთმანეთისაგან გამიჯნა დოკუმენტების გაცნობა და ასლების გადაცემა. უფრო მეტიც, კანონმდებელმა დააზუსტა, რა შემთხვევაში აქვს პარტნიორს საზოგადოების დოკუმენტების გაცნობის უფლება და რა შემთხვევაში შეუძლია მას ასლის მიღება. ამასთან, კანონმდებელმა დააზუსტა იმ დოკუმენტების ჩამონათვალი (კატეგორია), რომლის გაცნობის უფლება და რომლის ასლების მიღების უფლება აქვს პარტნიორს. შესაბამისად, სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ საზოგადოების დოკუმენტების გაცნობაში კანონმდებელი მოიაზრებს ასევე მათი ასლების გადაცემასაც, უსაფუძვლოა (ტომი II, ს.ფ. 82-89).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მაისის განჩინებით სს «...-ის’’ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «...-ის’’ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ასეთზე ვერც კასატორი უთითებს, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს «...-ის’’ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «...-ის’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს «...-ს’’ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.