Facebook Twitter

საქმე #330100117002178212

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №69აპ-19 ქ. თბილისი

გ–ი რ., 69აპ-19 27 მაისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ადეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

პროკურორი სალომე ადეიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. გ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2013 წლიდან მოყოლებული 2017 წლის 20 ოქტომბრამდე რ. გ–ი მის ახლა უკვე ყოფილ მეუღლეს - ი. ო–ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ოჯახის წევრების თანდასწრებით, რაც ამ უკანასკნელის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა. აღნიშნულ ქმედებებზე 2017 წელს პოლიციის თანამშრომლებმა არაერთხელ გამოსცეს შემაკავებელი ორდერები. 2017 წლის 2 მარტის დადგენილებით რ. გ–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, თუმცა აღნიშნული ღონისძიებები არ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის და რ. გ–ი კვლავ განაგრძობდა ძალადობას ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ:

201. წლის .. ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ.თ–ში, ა–ს ქუჩა N..-ში მდებარე ი. ო–ის საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა რ. გ–მა სრულიად უმიზეზოდ დაუწყო ლანძღვა-გინება ყოფილ მეუღლეს - ი. ო–ს, შემდეგ ხელი ჰკრა, მიაჯახა კედელს და თავი მიარტყმევინა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ეს მოხდა ოჯახის წევრების, მათ შორის მათი არასრულწლოვანი შვილის - მ. გ–ის თანდასწრებით. აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულ ი. ო–ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის განაჩენით:

რ. გ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

რ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 6 ნოემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. გ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ამ მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

8. მსჯავრდებულ რ. გ–ის მხრიდან ი. ო–ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით. კერძოდ, მოწმე თ. ბ–ის ჩვენებით დადასტურდა ნასვამი რ. გ–ის მხრიდან ყოფილ მეუღლე ი. ო–ზე ხელით შეხების შედეგად კედელზე მიჯახებისა და თავის მირტყმევინების ფაქტი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტკივილი. ამასთან, მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მხრიდან ი. ო–ზე ძალადობას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რის გამოც ხშირად უხდებოდა საპატრულო პოლიციის გამოძახება, რომლის მიერაც, მიუხედავად არაერთი შემაკავებელი ორდერის გამოწერისა, ბრალდებული კვლავ აგრძელებდა მეუღლეზე ძალადობას. მოწმეების - გ. ლ–ის, გ. ლ–სა და ა. ბ–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ სწორედ მათ მოახდინეს რეაგირება განცხადებაზე და დაზარალებულის მითითებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს მოძალადე რ. გ–ი, რომელიც დაზარალებულს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი. მოწმე თ. კ–ის ჩვენებით კი დადასტურდა ის გარემოება, რომ დაზარალებული ი. ო–ი დაკითხვისას უდასტურებდა მას ყოფილი მეუღლის - რ. გ–ის მხრიდან სისტემატურად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია მისი ტკივილი.

9. ამასთან, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა რ. გ–მა დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რის გამოც იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

10. სასამართლო ითვალისწინებს რომ მტკიცებულებები რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

11. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ რ. გ–მა ი. ო–ზე განხორციელებული ძალადობა ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოწმე თ. ბ–მა, მართალია, დაადასტურა რ. გ–ის მხრიდან ყოფილ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, თუმცა უარყო არასრულწლოვნების შემთხვევის ადგილზე ყოფნა. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება რ. გ–ის მხრიდან ი. ო–ზე არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.

12. საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ადეიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე