ას-731-684-2010 10 სექტემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M ვ. როინიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შ. გ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე შ. გ-იას სარჩელისა გამო სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინებით შ. გ-იას ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ კი, სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად 10-დღიანი ვადა მიეცა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობოთ. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული დაიცვას თანმიმდევრობა.
იმავე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით კი, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
განსახილველ შემთხვევაში შ. გ-იას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინება ფოსტის მეშვეობით ორჯერ გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ ერთადერთ მისამართზე (ქ. თბილისი, ........... ქ.¹2, I სადარბაზო, ბინა 44). გზავნილი ორივეჯერ დაუბრუნდა სასამართლოს მითითებით, რომ ადრესატი გასული იყო ქალაქიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
მოცემულ შემთხვევაში, შ. გ-იას საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის უნდა ეცნობებინა საკუთარი ადგილსამყოფელის ცვლილების შესახებ, რაც მას არ განუხორციელებია, შესაბამისად, ხარვეზის განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს და ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადა აითვალოს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე მეორედ ჩაუბარებლობის მომენტიდან, ანუ 2010 წლის 9 აგვისტოდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა 2010 წლის 19 აგვისტოს ამოიწურა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც შ. გ-იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 63-ე, 73-ე, 76-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. გ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;