Facebook Twitter

ას-732-685-10 19 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ს. ღ-ოვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ მ. ღ-იანის სარჩელის გამო მოპასუხეები ს. ღ-ოვას, ე. ღ-ოვას, შ. შ-ძის და ს. კ-ძის მიმართ, მესაკუთრედ ცნობა და სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის ღირებულების დაკისრება.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ს. ღ-ოვას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინებით ს. ღ-ოვს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2010 წლის 5 აგვისტოს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო კორპუსის თავჯდომარის მიერ გაცემული ცნობა საიდანაც ირკვევა, რომ ს. ღ-ოვა არის უმუშევარი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საკასაციო პალატა გაეცნო განცხადებას და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს რადგან კასატორის მიერ წარმოდგენილი ცნობა არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს.

2010 წლის 14 სექტემბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით.

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2010 წლის 21 სექტემბერს (ს.ფ.117-118). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ღ-ოვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.