Facebook Twitter

¹ას-732-790-2011 23 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს «ი. ი-ი” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ფ-ვი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს «ი. ი-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ფ-ვის მიმართ და მოითხოვა რეგრესის წესით ზიანის _ 3137,05 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი 1200 ლარის გადახდის ნაწილში ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სს «ი. ი-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი. ფ-ვს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4933.17 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ფ-ვმა ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, კერძოდ, მოპასუხისათვის 1200 ლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, ი. ფ-ვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაც სს «ი. ი-მა” გაასაჩივრა საჩივრით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ სადავო სასამართლო სხდომაზე სს «ი. ი-ის” წარმომადგენელ ნ. ჯ-შვილის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ ჩათვალა ის გარემოება, რომ 2011 წლის 10 თებერვალს ნ.ჯ-შვილი კომპანიის წარმომადგენლობას ახორციელებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ზემოხსენებულ საპატიო მიზეზად არ იქნა მიჩნეული არც ნ. ნ-ძის ავადმყოფობა, რადგან სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით შედეგნილი სამედიცინო ცნობა არ წარმოუდგენია, კერძოდ, წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით ვერ დასტურდება, რომ ნ. ნ-ძე მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე ან ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზებთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე არის იურიდიული პირი, შესაბამისად, მას უნდა უზრუნველეყო საქმის განხილვაზე თავისი მონაწილება სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია «ი. ი-მა” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ კომპანიის წარმომადგენელთა გამოუცხადებლობა საპატიოდ არასწორად არ ჩათვალა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით _ სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «ი. ი-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ამავე კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც აცნობა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. სასამართლოში მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს, რასაც შედეგად მოჰყვება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამასთან, თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, სასამართლოს შეუძლია სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დამატებითი გამოკვლევის გარეშე, მიიჩნიოს დამტკიცებულად. სასამართლო სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების შემდეგ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს, თუ ჩათვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა საჩივარში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს იურიდიულად შეესაბამება.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში საქმის 2011 წლის 10 თებერვალს განხილვის შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობა, რაც მათ სადავოდ არ გაუხდიათ.

აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე პროცესზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოს არ აცნობა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ სს «ი. ი-ი” სადავო დროს სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს უკავშირებს მისი წარმომადგენლების ავადმყოფობასა და კომპანიის ინტერესების ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაცავად წარმომადგენლის მივლინებას.

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატას და მიიჩნევს, რომ მხარე წარმოადგენს იურიდიული პირს. მას საქმის განხილვის დრო და ადგილი გონივრულ ვადაში ეცნობა, შესაბამისად, სს «ი. ი-ი” ვალდებული იყო, უზრუნველეყო მოცემული დავის განხილვაში თავისი მონაწილეობა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ნ. ნ-ძის ავადმყოფობის დასადასტურებლად წარდგენილ სამედიცინო ცნობას, როდესაც იგი მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ ჩათვალა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ მხარისათვის ხელი შეეშალათ. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა ხსენებული ნორმის დანაწესს არ შეესაბამება, ვინაიდან მითითებული დოკუმენტით არ დასტურდება სასამართლო სხდომის დღეს ნ. ნ-ძის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რამაც სასამართლოში გამოცხადება ობიექტურად შეუძლებელი გახადა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი მხოლოდ აპელანტის განმარტების საფუძველზე, ვინაიდან თავად დაუსწრებელი გადაწყვეტილების ზემოთ აღწერილი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის არამართლზომიერი გამოუცხადებლობა საკმარისია სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების უპირობოდ და გამოუკვლეველად დასადასტურებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «ი. ი-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.