Facebook Twitter

¹ას-734-1032-09 21 იანვარი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ქ-შვილი(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –ლ. კ-ძე, ი. გ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინება.

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-შვილის სარჩელი ი. გ-ძის და ლ. კ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ქ-შვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2006 წლის 9 დეკემბერს დაახლოებით ღამის 3 საათსა და 30 წუთზე მოპასუხეების ლ. კ-ძისა და ი. გ-ძის მფლობელობაში არსებულ ბინაში, მდებარე ქ.თბილისი, ... ¹5-ში გაჩნდა ხანძარი. აღნიშნული გარემოება დასტურდება 2006 წლის 9 დეკემბრის ხანძრის შესახებ აქტითა და მხარეთა განმარტებებით.

თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების ინსპექტორის მიერ შედგენილ აქტზე თანდართული ჩამონათვალის თანახმად, მ. ქ-შვილს წყლისაგან დაუზიანდა 1 ოთახი ფართით 35 კვ.მ შემინული დერეფანი 25 კვ.მ. ტუალეტი, აბაზანა, საერთო ფართით 60 კვ.მ და საოჯახო ნივთები. ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაიწყო წინასწარი გამოძიება. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს გამომძიებელმა დანიშნა სახანძრო ექსპერტიზა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2007 წლის 20 თებერვლის დასკვნით, დადგენილია, რომ ხანძრის კერა იმყოფებოდა სახლის მესამე სართულზე. დერეფნის პერპენდიკულარუდ, ქუჩის მხარეს განთავსებულ ოთახში, შესასვლელიდან მარცხენა მხარეს, ოთახის შუა ნაწილში იატაკზე და რომ ხანძრის გაჩენა დაკავშირებულია ელ.ტექნიკურ მიზეზებთან.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ხანძრის გამომწვევ მიზეზს და განისაზღვრებოდა ზიანის ოდენობა.

პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა, მიყენებული ზიანის ოდენობის დასადგენად. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 16 აპრილის მოწერილობით ირკვევა, რომ ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება დაკისრებული ჰქონდათ მხარეებს თანაბარწილად რაზეც მათ ეცნობათ წერილობით. იმ მიზეზით, რომ მხარეებმა არ გადაიხადეს ექსპერტიზის ხარჯები ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დელიქტური პასუხისმგებლობისათვის სავალდებულოა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეების ქმედება, რაც მოსარჩელის განმარტებით გამოიხატა შტეფსელში ელექტროჩანგლის ჩატოვებაში, არ იყო მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, შესაბამისად ამ მოქმედების შედეგად ზიანის მიყენების შესაძლებლობა დაუსაბუთებელია.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ქ-შვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის განჩინების გაუქმება.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლო ძირითად მტკიცების ტვირთს აკისრებს მას, როგორც მოსარჩელეს და მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ წარდგენილი იყო შ\სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნა თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტი, სასამართლომ მაინც არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, მაშინ, როდესაც აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ წყლისგან დაზიანდა, როგორც ოთახები, ისე ნივთები და რომ დენის ცვალებადობას ადგილი არ ჰქონია.

კასატორის აზრით სასამართლოს მსჯელობა იმასთან რომ დამწვარი ოთახის ელ.ქსელის შტეფსელში ელ.ჩანგლის ჩატოვება არ იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიჩნეული იყო არასწორი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ქ-შვილმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა იზიარებს კასატორის აზრს, იმის თაობაზე, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავის შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად, უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადწყვეტილებაში. პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები შეფასებული არ არის აღნიშნული ნორმის მოთხოვნათა დაცვით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა კუთვნილი ნივთების დაზიანების ფაქტი, გაკეთებულია ზემოთ მითითებული ნორმის მოთხოვნათა უგულვებელყოფით.

დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ქ-შვილის ბინაში ხანძრის ჩაქრობის გამო ჩავიდა წყალი. მხარეს, მისთვის მატერიალური ზარალის მიყენების დასადასტურებლად, წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება – მერიის სგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების ინსპექტორის მიერ შედგენილი ე.წ. ხანძრისაგან მიყენებული მატერიალური ზარალის ჩამონათვალი. სასამართლოს მოსაზრება აღნიშნულ მტკიცებულებასთან მიმართებაში ასახული არ არის გადაწყვეტილებაში, რაც ზემოთ მითითებული ნორმის დარღვევაა. ის გარემოება, რომ არ ჩატარდა სასაქონლო ექსპერტიზა არ ნიშნავს იმას, რომ ზიანის მიყენების ფაქტი არ არსებობს, არ დაზიანებულა მოსარჩელის ქონება. ხშირ შემთხვევაში ხანძრის შედეგად მთლიანად ნადგურდება ადამიანის ქონება და შეუძლებელი ხდება სწორედ დაზიანებული ნივთებისათვის ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს ზიანის ოდენობის განსაზღვრის შესაძლებლობას, თუნდაც ადამიანის არსებობისათვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების საშუალო ღირებულების გამოთვლით. პალატა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ დგინდება ზიანის მიყენების ფაქტი, შეუძლებელია მხარეს უარი ეთქვას ზიანის ანაზღაურებაზე დაზიანებული ნივთების ღირებულების დაუდგენლობის გამო.

რაც შეეხება მიზეზობრივ კავშირს მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, პალატა თვლის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებითაც მტკიცებულებები არასწორადაა შეფასებული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საქმეში წარმოდგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო – კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნის თანახმად ხანძრის გაჩენა დაკავშირებული ელ. ტექნიკურ მიზეზებთან. ფაქტია, რომ ხანძრის გაჩენა არ უკავშირდება სტიქიურ მოვლენებს ან სხვა რაიმე გარეშე მოვლენებს. ასეთ შემთხვევაში ხანძარი გამოწვეული უნდა იყოს კონკრეტული მიზეზით და კონკრეტული პირის ქმედებით, კერძოდ ელექტროენერგიის მიმწოდებლის ან მომხმარებლის ბრალით. ბრალეული პირის დადგენა-არდადგენა კი უკავშირდება სათანადო მოპასუხის არსებობა არარსებობის ფაქტს. აღნიშნული საკითხი განმხილველ სასამართლოთა მიერ შეფასებულია არასრულად. ამ შემთხვევაშიც უგულვებელყოფილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული კი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

მ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.