Facebook Twitter

ას-734-687-2010 2 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ფ. ქ-ავა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ყ.-თ.”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 29 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ,,ყ.-თ.-ს” წარმომადგენელმა ქ. ნ-შვილმა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქონების ყადაღისგან გათავისუფლება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 19 მაისს დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რომელიც მიმართულია ფ. ქ-ავას მიმართ. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ჯ. ძ-ძის მიერ მოძიებულ იქნა მოვალე ფ. ქ-ავას სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება და ყადაღა დაედო. ფ. ქ-ავა არ არის აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, რადგან 2007 წელს ფ. ქ-ავამ ავტომანქანის მინდობილობა განკარგვის უფლებით გადასცა რ. წ-იას. ამ უკანასკნელსა და შპს ,,ყ. თ.-ს” შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად, ავტომანქანა არის შპს ,,ყ. თ.-ს” საკუთრება, სააღსრულებლო ბიუროს არ უნდა მოეხდინა მისი დაყადაღება მოვალე, ფ. ქ-ავას მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას და უნდა მოხდეს მისი ყადაღისგან გათავისუფლება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ყ.-თ.-ს” სარჩელი განსჯადობის წესის დაცვით გადაეცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება კრედიტორსა და მოვალეს, აქედან გამომდინარე კი, აჭარის სააღსრულებო ბიურო არ შეიძლება იყოს მოპასუხე, ხოლო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მოვალის მისამართზე აღმასრულებელს უფლება აქვს აღწეროს და დააყადაღოს მოძრავი ნივთები იმ შემთხვევაშიც, როცა მესამე პირები განაცხადებენ თავიანთ უფლებებს ამ ქონებაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის განმარტებით, ყადაღა მოძრავ ნივთს დაედო კანონის შესაბამისად და არ ექვემდებარება გაუქმებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით მერიის ზედამხედველობის სამსახური ჩაბმულ იქნა სამოქალაქო საქმეში მესამე პირად მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

ბათუმის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ყ.-თ.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ყ.-თ.-ს” წარმომადგენელმა თ. შ-იამ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ყ.-თ.-ს” საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება, 1999 წელს გამოშვებული ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით _ ჟ I I-870 გათავისუფლდა აჭარის სააღსრულებლო ბიუროს 2008 წლის 13 ნოემბერს დადებული ყადაღისაგან.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 19 მაისს, ქ. ბათუმში მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც, ფ. ქ-ავა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ კანონის თანახმად, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაჯარიმდა 4000 ლარით და იმავდროულად დაევალა მის მიერ უნებართვოდ აშენებული მანსარდი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში საკუთარი ძალებითა და ხარჯებით, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესულიყო იძულებითი აღსრულება ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის შესაბამისად.

სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, აჭარის სააღსრულებლო ბიუროში დაიწყო სააღსრულებლო წარმოება, რა დროსაც აღმასრულებელ ჯ. ძ-ძის მიერ, 2008 წლის 3 ივნისს, საქართველოს შსს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრში გაგზავნილ იქნა წერილი იმის თაობაზე, რომ ირიცხებოდა თუ არა ფ. ქ-ავას სახელზე რაიმე სატრანსპორტო საშუალება და დატვირთული იყო თუ არა ის რაიმე სანივთო უფლებით.

საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს 2008 წლის 11 ივნისის წერილით დადგენილია, რომ ფ. ქ-ავას სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ორი ავტომანქანა, მათ შორის სადავო ავტომანქანა (გამოშვების თარიღი_ 1999 წელი, სახელმწიო ნომრით _ჟ I I-870).

აჭარის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებლის 2008 წლის 12 ნოემბრის წერილის თანახმად, ქ. ბათუმში, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2008 წლის 19 მაისს გაცემული სააღსრულებლო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ქ. ბათუმში, ... ქ ¹57/59-ის ბინა ¹28-ში მცხოვრებ, მოვალე ფ. ქ-ავას საკუთრებაში რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალებასაც.

მხარეთა განმარტებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამჟამად სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება იმყოფება მოსარჩელე შპს ,,ყ.-თ.-ს” სარგებლობაში.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტით, ავტომანქანის განკარგვის უფლების _ მინდობილობის თანახმად, 2007 წლის 20 თებერვალს ფ. ქ-ავამ, როგორც ,,საკუთრების მიმნდობმა”, რ. წ-იას, როგორც ,,მინდობილ მესაკუთრეს”, განუსაზღვრელი ვადით მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ავტომანქანა ,,გაზ 3301” (გამოშვების თარიღი_ 1999 წელი, სახელმწიო ნომრით _...).

2007 წლის 6 ივნისის ხელშეკრულებით, 2007 წლის 8 ივნისის საგადასახადო დავალებათა და 2007 წლის 5 ივლისის მიღება-ჩაბარების ხელშკერულების შესაბამსიად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. წ-იამ, როგორც მინდობილმა მესაკუთრემ, შპს ,,ყ.-თ.-ს” მიჰყიდა სადავო ავტომანქანა, რისთვისაც შპს “ყ.-თ.-ს” მიერ, საბანკო დაწესებულების მეშვეობით, განხორციელდა ნასყიდობის საგნის საფასურის _ 20124 ლარის რ. წ-იასათვის გადახდა და მიღება-ჩაბარების აქტით მყიდველს გადაეცა ნაყიდი ნივთი.

საქმის მასალების შესაბამისად, ფ. ქ-ავას კრედიტორი, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური, საქმეში ჩაება მესამე პირად, თუმცა სასამართლოს მიერ სარჩელი თანდართული მასალებით ჩაჰბარდა და მიეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში და სასამართლო სხდომაზე გამოეთქვა მოსაზრებები.

სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასათან დაკავშირებით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 31 იანვრის ¹150 ბრძანებით დამტკიცებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეს წარმოადგენს მხოლოდ ის ,,ფიზიკური ან იურიდიული პირი” რომელიც რეგისტრირებულია მესაკუთრედ. პალატის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაცია არ არის აუცილებელი პირობა მოძრავ ქონებაზე (მათ შორის ავტომანქაზე) საკურების გადაცემისათვის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაცია არ არის სამოქალაქო-სამართლებრივი აქტი, ის ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება და შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ავტომანქანა იმ პირის საკუთრებაა, ვინც რეგისტრირებულია საქართველოს შიანაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე.

ვინაიდან შპს ,,ყ.-თ.-მ” ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო ავტომანქანაზე, ასევე გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური და მიიღო ფაქტობრივ მფლობელობაში, როგორც ნასყიდობის საგანი, ისე მისი სარეგისტრაციო დოკუმენტი, პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ შპს ,,ყ.-თ.” იყო სადავო ქონების მესაკუთრე და ფ. ქ-ავას ვალდებულების უზრუნველსაყოფად ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2008 წლის 19 მაისს გაცემული ¹01-04 სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე არასწორად დაედო ყადაღა მის საკუთრებას, რაც საფუძვლიანს ხდიდა სასარჩელო მოთხოვნას ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია ,,საღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელი წარედგინება მოვალესა და კრედიტორს, რომლებსაც განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენდნენ მოვალე, ფ. ქ-ავა და კრედიტორი, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ როგორც საქმის მასალებით, კრედიტორი _ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური სასამართლოს განჩინებით საქმეში ჩაება მესამე პირად, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი თანდართული მასალებით ჩაჰბარდა და მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, სხდომაზე გამოეთქვა მოსაზრებები, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დაცული იყო კრედიტორის უფლებები.

ამდენად, რადგანაც კრედიტორის საქმეში მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყო, თუმცა მესამე პირის სტატუსით, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის უარი მესამე პირის სტატუსით საქმეში ჩაბმული კრედიტორის მოპასუხედ დაშვების თაობაზე არ შეიძლება გამხდარიყო სსსკ-ის 85-ე მუხლის თანამხად სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. ქ-ავამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: კასატორმა განმარტა, რომ დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, რადგან 2007 წლის 20 თებერვლის მინდობილობა რ. წ-იას სახელზე მას არ გაუცია, მან ასევე მიუთითა, რომ ავტომანქანა შპს ,,ყ.-თ.-ს” საკუთრების უფლებით არ ეკუთვნის, რადგან ის, როგორც მანქანის მესაკუთრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებული არ არის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის პირველი ოქტომბრის განჩინებითYფ. ქ-ავას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ქ-ავას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ფ. ქ-ავას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ. ქ-ავას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ფ. ქ-ავას დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.