¹ას-73-70-10 28 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. დ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ლ. ფ-ანის სარჩელის გამო მოპასუხე მ. დ-ძის მიმართ, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მ. დ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის 1 თვიანი ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება მ. დ-ძეს ჩაბარდა ამავე წლის 21 დეკემბერს (ს.ფ.143), ხოლო საკასაციო საჩივარი მის მიერ შეტანილ იქნა 2010 წლის 22 იანვარს, ანუ 1 თვიანი ვადის დარღვევით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. დ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.