Facebook Twitter

ას-738-795-11 5 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე –Mმ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. გ-ძის წარმომადგენლის ა. ბ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ჯ. ჯ-ძის სარჩელის გამო მოპასუხე მ. გ-ძის მიმართ თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მ. გ-ძის წარმომადგენლის ა. ბ-იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 1212.4935 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით კასატორს, მისივე განცხადების საფუძველზე, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ შეუვსია, ამასთან, კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელების თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კასატორს ერთხელ უკვე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, წარმოდგენილი განცხადება კი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების შეუძლებლობის შესახებ და არც შესაბამისი მტკიცებულებებია წარმოდგენილი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კასატორს დღემდე არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟის ნაწილიც კი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. გ-ძემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მასი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ძის წარმომადგენლის ა. ბ-იას შუამდგომლობა საკასაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. მ. გ-ძის წარმომადგენლის ა. ბ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.