ას-739-796-2011 8 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. ლ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. რ-ძე
დავის საგანი – საზღვრის გასწორება და შენობით სარგებლობის უფლების აკრძალვა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ლ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. რ-ძის მიმართ საზღვრის გასწორებისა და შენობით სარგებლობის უფლების აკრძალვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ მიიტაცა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელზეც ააგო შენობა, დაუნგრია შესავლელი კიბე და აყენებს ზიანს.
მოპასუხე ზ. რ-ძემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ მას მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი არ მიუთვისებია, შენობა-ნაგებობები კი თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ააგო, რის გამოც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი შეიტანა ზ. ლ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ზ. ლ-ძის საჩივარი 2010 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ლ-ძემ ვერ დაადასტურა ვერც მისი და ვერც მისი წარმომადგენლის 2010 წლის 9 ნოემბრის Mმთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რის გამოც ჩათავლა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ლ-ძე, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქოს საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინებით ზ. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
ზ. ლ-ძის მიერ აღძრულ სარჩელზე ზ. რ-ძის მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე, 2010 წლის 2 ნოემბერს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საქმეზე დაინიშნა მთავარი სხდომა, რომელიც გადაიდო 2010 წლის 9 ნოემბერს 11.00. საათისათვის. აღნიშნულის შესახებ გაფრთხილებული იქნენ გამოცხადებული მხარეები ზ. ლ-ძე და მისი წარმომადგენელი მერაბ მაღლაკელძე და ზ. რ-ძის წარმომადგენელი ნ. ვ-შვილი ხელწერილზე ხელის მოწერით. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს ეცნობათ პროცესზევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის თანახმად სხდომის გადადების დროის, ადგილისა და თარიღის თაობაზე.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2010 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე, არ გამოცხადდა მოსარჩელე ზ. ლ-ძე და მისი წარმომადგენელი მ. მ-ძე, რომლებსაც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე სასამართლოსთვის არ უცნობებიათ. ამასთან, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე ზ. ლ-ძემ ვერც საჩივარში მიუთითა და ვერც სხდომაზე განმარტა რაიმე (საჩივრის განხილვისას). მან განმარტა მხოლოდ, რომ იგი 20 წუთის დაგვიანებით გამოცხდდა სასამართლოში, მაგრამ რადგან ჰქონდა ჯეკსონის ტიპის ეპილეფსია, პარკში წავიდა, სკამზე იჯდა. ხოლო ავადმყოფობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ წარუდგენია სასამართლოსთვის. ზ. ლ-ძემ ასევე ვერ მუთითა მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზეც.
სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებითა და იმ მოტივით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისიწნებული საპატიო მიზეზი ზ. ლ-ძის მიერ ვერ იქნა მითითებული მისი და მისი წარმომადგენელის გამოუცხადებლობის თაობაზე და ასევე, მას არ წარმოუდგენია ცნობა ავადმყოფობის შესახებ, (რაზეც ის მიუთითებდა რომ დაავადებული იყო ჯეკსონის ტიპის ეპილეფსიით) პალატამ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ სწორად იქნა მიღებული, შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე, დაუსაბუთებლად ჩათვალა, ვინაიდან აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არ ჰქონია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებით გათვალისწინებულ გარემოებებს, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის დაცვით მიიღო, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე მისი ძალაში დატოვების განჩინებაც, შესაბამისად არ არსებობდა მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ლ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ასევე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ შეუძლოდ ყოფნის გამო, სასამართლო შენობიდან გავიდა და 20 წუთით დაგვიანებით გამოცხადდა სხდომაზე, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს უკვე გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სადავო მიწის აზმოვის გარეშე გამოიტანა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შუამდგომლობა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ჰქონდა დაყენებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით ზ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი ზ. ლ-ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.