Facebook Twitter

¹ას-740-797-2011 20 ივნისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ზ. ზ-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები _ 1. თ. კ-ძე; 2. ...

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება ან საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი _ ქორწინების და რეგისტრირებული ქორწინების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 21 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. ზ-ძემ მოპასუხე ...ს, მესამე პირის _ თ. კ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მასა და თ. კ-ძეს შორის 1998 წლის 13 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან მიიღო ქ. კ-ის 2009 წლის 3 აგვისტოს სარჩელი, რომლითაც ამ უკანასკნელმა მოითხოვა 1998 წლის 13 ოქტომბერს ზ. ზ-ძესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, აგრეთვე, აღნიშნული ქორწინების განმავლობაში მის მიერ შეძენილი ქონების 1/2-ის მესაკუთრედ ცნობა. თ. კ-ძის სარჩელს სხვა მასალებთან ერთად დართული აქვს 2007 წლის 11 ივნისს ქუთაისის ... განყოფილების მიერ გაცემული ქორწინების მოწმობა (განმეორებითი). ამ მოწმობაში ქორწინების თარიღად მითითებულია 1998 წლის 13 ოქტომბერი, ხოლო ქორწინების აქტის ნომრად მითითებულია 416.

მოსარჩელის მტკიცებით, იგი თ. კ-ძესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა, ქუთაისის ...-ში არ მისულა და იქ არანაირ დოკუმენტზე (მათ შორის ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებაზე და ქორწინების აქტზე) ხელი არ მოუწერია. ამდენად, სააქტო ჩანაწერი იყო ყალბი.

სარჩელში მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად დასახელდა სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი, «ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათ შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (ს.ფ. 1-10).

მოგვიანებით, ზ. ზ-ძემ მოცემულ საქმეზე წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურთან ერთად მოპასუხედ მიუთითა თ. კ-ძე. მოსარჩელემ მოითხოვა მასა და თ. კ-ძეს შორის 1998 წლის 13 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინების და შესაბამისად, ქორწინების რეგისტრაციის ¹.. სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა (ს.ფ. 71-81).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ზ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის 11 ივნისს ქუთაისის ...-ის მიერ განმეორებით გაიცა ზ. ზ-ძის და თ. კ-ძის ქორწინების მოწმობა მნ ¹.... განმეორებით გაცემულ ქორწინების მოწმობაში მითითებულია ქორწინების თარიღი _ 1998 წლის .. ოქტომბერი, სააქტო ჩანაწერი ¹...;

ქორწინების განმავლობაში თ. კ-ძეს და ზ. ზ-ძეს შეეძინათ 3 შვილი: .... წლის ... დაბადებული თ. ზ-ძე და .... წლის .. მარტს დაბადებული ბ. და ლ. ზ-ძეები;

1998 წლის 12 სექტემბერს ზ. ზ-ძემ და თ. კ-ძემ განცხადებით, ქორწინების რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართეს ...-ს;

ზ. ზ-ძე და თ. კ-ძე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 1998 წლის ... , სააქტო ჩანაწერი ¹...;

თ. კ-ძე ქორწინების რეგისტრაციაში გატარების დროისათვის იყო არასრულწლოვანი და ქორწინების რეგისტრაციაზე თანხმობა წერილობით განაცხადეს მისმა მშობლებმა ბ. და ე. კ-ძეებმა ... წელს „...“;

თ. კ-ძემ პირადობის მოწმობა (პ/ნ ..., ¹...) პირველად აიღო 1998 წლის ...; ზ. ზ-ძემ პირველი პირადობის მოწმობა (¹...) აიღო 1996 წლის ..., რომელიც გაუქმებულია; მეორედ პირადობის მოწმობა (¹...) აიღო 2000 წლის ..., რომელიც ასევე, გაუქმებულია;

... სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის ... ¹... დასკვნის თანახმად, ხელმოწერები ზ. ზ-ძის სახელით, განლაგებული შემდეგ საბუთებზე: ქორწინების ჩანაწერის აქტზე ¹..., .... წლის ... თარიღით, მე-2 გვერდზე, მე-13 გრაფაში: «მექორწინეთა ხელის მოწერა’’ და ქორწინების რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადებაზე ¹..., ... წლის .... თარიღით, მეორე გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს, გრაფაში: «მამაკაცი’’ სავარაუდოა, რომ შესრულებულია ზ. ზ-ძის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა, გამოსაკვლევი ხელმოწერების მარტივი აგებულების, წარმოდგენილი ნიმუშების ვარიაციულობისა და გამოსაკვლევის შესაბამისი ნიმუშების სიმცირის გამო.

საქალაქო სასამართლომ მოიხმო კანონის შემდეგი ნორმები: სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი (2006 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), 1107-ე მუხლი, 1110-ე მუხლი (2006 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), 1112-ე მუხლის პირველი წინადადება (2006 წლის 28 დეკებრამდე მოქმედი რედაქცია), 1117-ე მუხლი (2004 წლის 15 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია), 1140-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები.

სასამართლომ ჩათვალა, რომ 1998 წლის ... ზ. ზ-ძესა და თ. კ-ძეს შორის ქორწინების რეგისტრაცია მოხდა ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, არსებობდა დასაქორწინებელ პირთა განცხადება ქორწინების რეგისტრაციის შესახებ, თ. კ-ძის მშობლების თანხმობა არასრულწლოვანი შვილის ქორწინებაზე და შესაბამისად, არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლით ქორწინების ბათილად ცნობის საფუძვლები.

სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე 1998 წლის ...-ს რეგისტრირებული ქორწინების და ქორწინების რეგისტრაციის ¹... სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მას ქორწინების რეგისტრაციის დროს ნება არ გამოუვლენია და სააქტო ჩანაწერზე და ქორწინების რეგისტრაციის განცხადებაზე ხელი არ მოუწერია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში სადავო სააქტო ჩანაწერზე და განცხადებაზე ზ. ზ-ძის ხელმოწერის არარსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი თავად ზ. ზ-ძეს ეკისრებოდა, გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1, 102-ე მუხლებიდან. მიუხედავად ამისა, საქმის ერთობლივი მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელე მხარის მიერ ¹... სააქტო ჩანაწერზე და ქორწინების რეგისტრაციის განცხადებაზე მისი ხელმოწერის არარსებობის ფაქტი. მოსარჩელის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება კი, რომ თითქოსდა 1998 წლის ...-ს თ. კ-ძეზე დაქორწინების ნება არ გამოუვლენია და სადავო სააქტო ჩანაწერზე და განცხადებაზე ხელი არ მოუწერია, არ იყო საკმარისი მტკიცებულება მის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოების დასადასტურებლად.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ზ-ძის სარჩელი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა (ს.ფ. 184-187).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ზ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 195-206).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის განჩინებით ზ. ზ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დამატებით განმარტა შემდეგი:

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოში (2006 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); სამოქალაქო კოდექსის 1107-ე მუხლის თანახმად, დაქორწინებისათვის აუცილებელია საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა; 1108-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქორწინო ასაკად დაწესებულია თვრამეტი წელი. გამონაკლის შემთხვევებში თექვსმეტი წლის ასაკიდან დაქორწინება დაიშვება მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების წინასწარი წერილობითი თანხმობით; 1110-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, დაქორწინება ფორმდება ერთი თვის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როცა დაქორწინების მსურველნი განცხადებას შეიტანენ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში (2006 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); 1112-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, დაქორწინების მსურველ პირებს პირადად შეაქვთ განცხადება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში (2006 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

კონკრეტულ შემთხვევაში უდავო იყო, რომ 1998 წლის ...-ს ქორწინების რეგისტრაციის შესახებ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში განცხადება შეიტანეს თ. კ-ძემ და ზ. ზ-ძემ. უდავოდ დგინდებოდა ისიც, რომ თ. კ-ძე დაქორწინების დროს იყო არასრულწლოვანი და ქორწინების რეგისტრაციაზე თანხმობა წერილობით განაცხადეს მისმა მშობლებმა ბ. და ე. კ-ძეებმა 1998 წლის ...-ს ...-ში შეტანილი განცხადებით. ზ. ზ-ძე სადავოდ სწორედ ამ განცხადებაზე და ასევე ქორწინების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერზე მის ხელმოწერას ხდიდა და აცხადებდა, რომ ხელმოწერა არ იყო მისი და მას თ. კ-ძესთან დაქორწინების ნება არ გამოუვლენია. აღნიშნულს სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა, შემდეგი გარემოებების გამო:

საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის ...-ის ¹... დასკვნა, რომლის თანახმად, ხელმოწერები ზ. ზ-ძის სახელით, განლაგებული შემდეგ საბუთებზე: ქორწინების ჩანაწერის აქტზე ¹... ... წლის თარიღით, მე-2 გვერდზე, მე-13 გრაფაში: «მექორწინეთა ხელის მოწერა’’ და ქორწინების რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადებაზე ¹..., .... წლის თარიღით, მეორე გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს, გრაფაში: «მამაკაცი’’ სავარაუდოა, რომ შესრულებულია ზ. ზ-ძის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა, გამოსაკვლევი ხელმოწერების მარტივი აგებულების, წარმოდგენილი ნიმუშების ვარიაციულობისა და გამოსაკვლევი შესაბამისი ნიმუშების სიმცირის გამო.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზ. ზ-ძემ ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ხელმოწერა განცხადებაზე და სააქტო ჩანაწერზე მისი არ იყო, ამის მტკიცების ტვირთი მასზე იყო, მაგრამ მან სათანადო მტკიცებულებებით მისი ეს პოზიცია ვერ გაამყარა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლითაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელმოწერები განცხადებაზე და სააქტო ჩანაწერზე შესრულებულია ზ. ზ-ძის მიერ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1117-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება ორი სრულწლოვანი მოწმის თანდასწრებით (2004 წლის 15 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია). მოცემულ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ ქორწინება მოხდა თ. კ-ძის მშობლების თანდასწრებით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მხოლოდ მშობლების თანდასწრება ქორწინების რეგისტრაციაზე არ იყო საკმარისი და სხვა მოწმე არ ჰყავდა თ. კ-ძეს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონი ითვალისწინებს ორი სრულწლოვანი მოწმის დასწრებას ქორწინების რეგისტრაციისას და იგი არ უთითებს კონკრეტულად თუ ვინ უნდა იყვნენ ისინი, აქ მხოლოდ ორი კრიტერიუმია დასაკმაყოფილებელი: ორი პირი უნდა იყოს (ნებისმიერი) და სრულწლოვანი. კანონი არ კრძალავს, რომ მშობელი იყოს მოწმე ქორწინების რეგისტრაციისას. ამდენად, კანონის ეს მოთხოვნაც დაცული იყო ქორწინების სადავო რეგისტრაციის დროს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება). ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ.

სააპელაციო სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია (ამას არც აპელანტი უარყოფდა), რომ აპელანტსა და მოწინააღმდეგე მხარეს ჰყავთ სამი შვილი, ისინი ერთად ცხოვრების მანძილზე შეეძინათ და 11 წელი ცოლ-ქმარი იყვნენ. ამ გარემოებების გათვალისწინებით არ დგინდებოდა, რომ ქორწინება ფიქციურ ხასიათს ატარებდა და იგი მიზნად ოჯახის შექმნას არ ისახავდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ 1998 წლის ...-ს ზ. ზ-ძესა და თ. კ-ძეს შორის კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა ქორწინების რეგისტრაცია. კერძოდ, არსებობდა დასაქორწინებელ პირთა განცხადება ქორწინების რეგისტრაციის შესახებ, თ. კ-ძის მშობლების თანხმობა არასრულწლოვანი შვილის ქორწინებაზე და შესაბამისად, არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლით ქორწინების ბათილად ცნობის საფუძვლები.

რაც შეეხებოდა აპელანტის იმ მითითებას, რომ ქორწინების სააქტო ჩანაწერი გაცემულია სამშაბათ დღეს და ამ დღეს ქორწინება არ ხდება, სააპელაციო სასამართლო აღნიშნულს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ქართული ტრადიცია და კანონმდებლობა ასეთ აკრძალვებს არ იცნობს, რომ სამშაბათი დღე არ შეიძლება იყოს ქორწინების რეგისტრაციაში გატარების დღე.

სააპელაციო სასამართლომ აპელანტის არც ის პოზიცია გაიზიარა, რომ განცხადება ქორწინების რეგისტრაციაში გატარების შესახებ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში წარდგენილია 1998 წლის ...-ს, შაბათ დღეს და რომ ამ დღეს არ შეიძლებოდა იგი წარდგენილი ყოფილიყო, რადგან შაბათი არის არასამუშაო დღე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა „...“პოზიცია და განმარტა, რომ შაბათ დღეს ზემომითითებული სამსახურები მუშაობენ ჩვეულებრივ რეჟიმში. ამდენად, აპელანტმა ვერ წარადგინა განცხადების სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი 1998 წლის ...-ს რეგისტრირებული ქორწინების და ქორწინების რეგისტრაციის ¹... სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მას ქორწინების რეგისტრაციის დროს ნება არ გამოუვლენია და სააქტო ჩანაწერზე და ქორწინების რეგისტრაციის განცხადებაზე ხალი არ მოუწერია.

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. მოცემულ შემთხვევაში აპელანტს არ წარუდგენია მისი იმ პოზიციის გასამყარებელი მტკიცებულება, რომ თ. კ-ძესთან ქორწინების ნება არ გამოუხატავს, რაც მისი მტკიდცების ტვირთს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თითქოს არ დგინდებოდა, რომ მოწინააღმდეგე მხარე თ. კ-ძემ ადვოკატის მომსახურების ხარჯის სახით გაიღო 200 ლარი და რომ აღნიშნული თანხა გადასახდელად აპელანტს არ უნდა დაკისრებოდა. საქმეში წარმოდგენილია რწმუნებულება, ორდერი და ადვოკატის ფ. ც-ძის მოსმახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი 200 ლარის ოდენობით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო მითითება იმაზე, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის თ. კ-ძეს ხარჯები არ გაუწევია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები ვერ იქნა გამყარებული მის მიერ სათანადო მტკიცებულებებით. შესაბამისად, იგი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად სწორი იყო და იგი უცვლელად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 261-273).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. ზ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას ან საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ფაქტობრივი გარემოებები, რამაც გამოიწვია დავის სამართლებრივად არასწორად შეფასება. სასამართლოებმა არ იმსჯელეს ქორწინების წინამორბედი დოკუმენტის, კერძოდ, 1998 წლის ....-ით დათარიღებული «ქორწინების რეგისტრაციის გატარების შესახებ’’ განცხადების კანონიერებაზე. დასახელებული განცხადება გაყალბებულია, რაც დადასტურებულია საქმის მასალებით. ამასთან, სასამართლომ მიკერძოებულად შეაფასა ექსპერტიზის ¹... დასკვნა, ვინაიდან მოცემული დასკვნის მიხედვით კატეგორიულად ვერ დასტურდება სადავო აქტზე არის თუ არა ზ. ზ-ძის ხელმოწერა. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა საქმის განხილვის დროს გამოვლენილ შეუსაბამობაზე, კერძოდ იმაზე, შეძლებდა თუ არა, რომ მოპასუხე თ. კ-ძე ერთდროულად ყოფილიყო სასწავლებელშიც და აქტზე ხელმოსაწერად ...-შიც. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ თ. კ-ძე ქორწინების აქტის გამოცემის დროს ანუ 1998 წლის 13 ოქტომბერს იმყოფებოდა სასწავლებელში (ს.ფ. 279-285).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით ზ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ზ. ზ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.