Facebook Twitter

¹ას-741-798-2011 20 მაისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბ. ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბ. ა-ძემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ვ. ნ-ძისა და შპს «.....» დირექტორის, რ. კ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ რ. წ-ძის სარჩელის გამო, მოპასუხეების: ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის თავმჯდომარე გ. ფ-შვილის, ი. ი-იანის, შპს «... ...» დირექტორის რ. კ-ასა და ვ. ნ-ძის მიმართ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ ვ. ნ-ძისა და შპს «... ...» დირექტორ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში ვ. ნ-ძე და შპს «... ....» დირექტორი რ. კ-ი საკასაციო წესით ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა ი.ი-იანის სარჩელი და გაუქმდა ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2006 წლის 22 მაისის გადაწყტვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ქვემოთ მოყვანილ გარემოებათა გამო:

«არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებიმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით განიხილოს ზემოთ მითითებული კატეგორიის საქმეები თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკასაციო საჩივრით მხარეებისა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნორმა გამიყენება მხოლოდდამხოლოდ სასარჩელო წარმოების წესით განხილულ საქმეების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს განსაკუთრებულ წარმოებასთან, რომლის მარეგულირებელი ნორმები სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითებას საერთოდ არ შეიცავს. აღნიშნულიდან შეიძლება გამოვიტანოთ ის დასკვნა, რომ კანონმდებელი მსგავსი კატეგორიის საქმეებში საკასაციო სასამართლოს ჩარევას დაუშვებლად მიიჩნევს.

ზემოაღნიშნულიდან გამონდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ვ. ნ-ძისა და შპს «... ....» დირექტორ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 391-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ნ-ძისა და შპს «... ....» დირექტორ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. მოსამართლე: ბ. ალავიძე

საქმე ¹ას-320-304-2011 20 მაისი, 2011 წელი

¹ას-320-304-2011 ბ-ია ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – ბ. ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბ. ა-ძემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი. ბ-იას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ი. ბ-იას სარჩელის გამო მოპასუხე კ. გ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ და

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა ი. ბ-იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მარტის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 3 603.45 (სამი ათას ექვსას სამი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შეაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

2011 წლის 28 მარტს კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე მისი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის პირველი აპრილის განჩინებით ი. ბ-იას გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების ვადა 7 (შვიდი) დღით.

2011 წლის 11 აპრილს კასატორმა კვლავ განცხადებით მომართა სასამართლოს და ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით ხარვეზის გამოსწორების ვადა 7 (შვიდი) დღით გაგრძელდა.

ი. ბ-იამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მომართა საკასაციო პალატას განცხადებით, რომელსაც დაურთო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის ასლი და მის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე მისი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ბ-იას განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებების და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის ასლი, რომლიდანაც, მართალია, არ ირკვევა ის ფაქტი, რომ კასატორი რაიმე ქონებას ფლობს, მაგრამ სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის საკმარისი მტკიცებულება ბაჟის გადახდის გათავისუფლებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის წარმოდგენილი დედნის სახით და მისი დედანთან იდენტურობა არ დასტურდება არც უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერით და არც ბეჭდით. საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება წარმოდგენილი უნდა იყოს დედნის სახით. დედნის წარდგენისგან კი მხარე თავისუფლდება მხოლოდ მაშინ, როცა დაამტკიცებს მისი წარმოდგენის შეუძლებლობას, აღნიშნული გარემოება საქმის მასალებიდან არ დგინდება.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ბ-იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე

საქმე ¹ას-297-281-2011 20 მაისი, 2011 წელი,

¹ას-297-281-2011 მ-ძე ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი ლ. მ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსმა ლ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების, 11 032 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების მოთხოვნით.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. მ-ძეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 11 032 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ამავე სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. მ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება მ. მ-ძეს გაეგზავნა და ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. დადგენილი ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში მ. მ-ძის კერძო საჩივარს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განჩინებით დაუდგინდა რა ხარვეზი, მის ავტორს დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება მ. მ-ძეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიმართა სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულების ადმინისტრაციას იმის გასარკვევად, თუ პირადად როდის ჩაბარდა მ. მ-ძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინება. მიმართვაზე პასუხი სასამართლომ მიიღო 2011 წლის 16 მაისს, საიდანაც დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა განჩინება ჩაიბარა 2011 წლის 29 მარტს (იხ.ტ.I, ს.ფ.112).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 30 მარტს და ამოიწურა ამავე წლის პირველ აპრილს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.