ას-74-64-2011 28 თებერვალი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ვ. მ-იანი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ნ. კ-შვილი, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. მ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-შვილისა და მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიმართ 2009 წლის 25 მაისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელესა და ნ. კ-შვილს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ ნ. კ-შვილისაგან ისესხა 3000 აშშ დოლარი 2% სარგებლით და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%-ის დარიცხვით, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დიატვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ... 3-ში, ¹11 კორპუსში მდებარე ¹27 ბინა. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების დროს მოსარჩელემ ნ. კ-შვილს გადასცა 700 აშშ დოლარი, ხოლო 2009 წლის 22 იანვარს 1000 აშშ დოლარი და შეთანხმდნენ, რომ 1000 აშშ დოლარი იქნებოდა ძირთადი თანხიდან და შემდგომი სარგებელი და პირგასამტეხლო გადახდილი უნდა ყოფილიყო 2000 აშშ დოლარის შესაბამისად. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საარბიტრაჟო განხილვისას ნ. კ-შვილმა განაცხადა, რომ მისთვის ზემოაღნიშნული თანხები არ გადაუციათ, არბიტრს წარედგინა ხელწერილები თანხის მიღება-გადაცემის შესახებ, მაგრამ არბიტრმა ყოვლად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა და არ ჩათვალა მტკიცებულებად. გადასახდელი პროცენტი და პირგასამტეხლო არბიტრს უნდა დაეკისრებინა არა 3000 აშშ დოლარიდან, არამედ 2000 აშშ დოლარიდან, ხოლო, რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გადახდილ თანხას 700 აშშ დოლარს, აღნიშნული თანხა მან ნ. კ-შვილს გადასცა, როგორც სარგებელი.
მოპასუხე ნ. კ-შვილმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მან თითქოს გადასცა 1000 აშშDდოლარი, რაც ჩაითვლებოდა ძირითადი თანხის ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებად და შემდგომი სარგებელი და პირგასამტეხლო გადახდილი უნდა ყოფილიყო დარჩენილი 2000 აშშ Dდოლარის შესაბამისად, არ შეესაბამება სიმართლეს. მხარეებს შორის დადებული ხელწერილი ადასტურებს, რომ ვ. მ-იანს მისთვის, როგორც კრედიტორისათვის, პირადად ვალდებულების გასტუმრების მიზნით, არ გადაუხდია 1000 აშშ დოლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით სარჩელი უსაფუძვლოა და მხარეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხე მუდმივმოქმედმა კერძო არბიტრაჟმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ აბიტრაჟს არ დაურღვევია, არც საქმის განხილვის პროცესუალური და არც მატერიალური მხარე, არბიტრაჟის მიერ დაცულია ,,კერძოOარბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მოთხოვნები, მოსარჩელეს საარბიტრაჟო განხილვისას დროულად ჩაჰბარდა საარბიტრაჟო უწყება, მან ასევე წარადგინა შეპასუხება საარბიტრაჟო პრეტენზიაზე და არ დარღვეულა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებები, ჩამოეყალიბებინა თავისი პოზიცია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სარჩელი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. მ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-იანმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ვ. მ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 19 დეკემბერს ვ. მ-იანსა და ნ. კ-შვილს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ვ. მ-იანმა ისესხა 3 000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით, 2% სარგებლით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილი თანხის 3%-ის გადახდით. ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო ვ. მ-იანის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ქ. თბილისში, ... 3-ის დასახლებაში, ¹11 კორპუსში მდებარე 44.41 კვ.მ ¹27 ბინით. ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა, მათ შორის დაკავშირებული ამ ხელშეკრულების მოშლის, შეწყვეტის, ბინიდან გამოსახლების ან ბათილობასთან, განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიერ, დავა უნდა განიხილოს ერთი არბიტრისაგან შემდგარმა არბიტრაჟმა. მხარეთა მიერ ასევე დამატებით გაფორმებულ იქნა საარბიტრაჟო შეთანხმება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნ. კ-შვილმა მოპასუხე ვ. მ-იანის წინააღმდეგ საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს (არბიტრ ლ. ჭ-იას). ვ. მ-იანს საქმის საარბიტრაჟო განხილვისას დროულად გაეგზავნა და ჩაჰბარდა როგორც საარბიტრაჟო სარჩელი, ასევე საარბიტრაჟო უწყება და მის მიერ წარდგენილ იქნა შეპასუხება საარბიტრაჟო პრეტენზიაზე. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ნ. კ-შვილის საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდა და ვ. მ-იანს დაეკისრა 3000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 9 აშშ დოლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2009 წლის 19 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ნ. კ-შვილის სასარგებლოდ. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა ვალის გასტუმრება იპოთეკის საგნის, ქ. თბილისში, ... 3-ში, მე-11 კორპუსის ¹27 ბინაში მდებარე ვ. მ-იანის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შედეგად. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნა, რომ დავის გადაწყვეტისას სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, კერძოდ, “კერძო არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლი და მიიჩნია, რომ ვ. მ-იანმა ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცესუალური (საპროცესო) საფუძვლებით არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვის დარღვევაზე არ მიუთითა და, შესაბამისად, ამ კუთხით მას საარბიტრაჟო განხილვის პროცესუალური მხარე სადავოდ არ გაუხდია. მხარე სადავოდ ხდის გადაწყვეტილებას მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ’’ კანონით მითითებული პროცესუალური (საპროცესო) საფუძვლით და მიიჩნია, რომ დაუშვებელია არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, ანუ მატერიალური საფუძვლით და, შესაბამისად, ასეთი სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. პალატამ მიუთითა, რომ, თუ მხარეებმა გამოავლინეს ნება და ხელშეკრულებაში გაითვალისწინეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მათ შორის დავას გადაწყვეტს კერძო არბიტრაჟი, მხარეებს შორის წარმოიშვა დავა გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით და კერძო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროცესუალური კუთხით სწორად არის გამოტანილი, სასამართლო მის სისწორეზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით დაუშვებელია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინების უკანონობის თაობაზე, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილად ცნო, რომ აპელანტის მოთხოვნა ექსპერტიზის დანიშვის შესახებ ემსახურება ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტის დადასტურებას, არბიტრაჟის გადაწყვეტილების შემოწმება კი, მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით არ წარმოადგენს სასამართლოს პრეროგატივას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. მ-იანმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად ნ. კ-შვილის აღიარებისა, არ გაითვალისწინა, რომ მან (მოსარჩელემ) ნ. კ-შვილს გადასცა 700 აშშ დოლარი, ხოლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 813 აშშ დოლარი, ხოლო 1000 აშშ დოლარი გადასცა ნ. კ-შვილის მეუღლე გვარამიას. არბიტრს გადასახდელი პროცენტი და პირგასამტეხლო უნდა დაეკისრებინა არა 3000 აშშ დოლარიდან, არამედ 2000 აშშ დოლარიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით ვ. მ-იანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. მ-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე
დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ვ. მ-იანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. მ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.