ას-746-699-2010 30 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პ. ქათამაძე
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. ხ-შვილის წარმომადგენლის _ თ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ე. ხ-შვილის სარჩელი მოპასუხე ნ. თ-შვილის მიმართ 2002 წლის 25 ივლისს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ხ-შვილის წარმომადგენელმა მ. გ-ავამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ე. ხ-შვილის წარმომადგენელმა თ. გ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ხ-შვილის წარმომადგენელმა თ. გ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი ე. ხ-შვილს პირადად ჩაბარდა 2010 წლის 9 ივნისს (იხ. ტ. 4, ს.ფ. 117), ხოლო საკასაციო საჩივარი კი კასატორის წარმომადგენელმა თ. გ-შვილმა შეიტანა 2010 წლის 13 ივლისს (ტ. 4, ს.ფ. 119-125), ე.ი. გასაჩივრების ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ხ-შვილის წარმომადგენლის _ თ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.