Facebook Twitter

¹ას-746-803-2011 23 ივნისი, 2011 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ბ. ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ქ. ა-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ქ. ა-ძის სარჩელის გამო, მოპასუხეების: ზ. ბ-ძის, მ. ა-ძისა და ბ. ი-ძის – მიმართ იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 20 მაისის განჩინებით ქ. ა-ძეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში 17 323 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაეგზავნა კასატორს და 2011 წლის 31 მაისს ჩაბარდა მ. კ-ძეს (ტ.II, ს.ფ.283).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მხარეს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ვინმე კ-ძეს, ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ მ. კ-ძისათვის ჩაბარება ითვლება ქ. ა-ძისათვის ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა განსახილველ შემთხვევაში დაიწყო 2011 წლის პირველ ივნისს და დასრულდა 2011 წლის 7 ივნისს. კასატორმა კი სასამართლოს განცხადებით 2011 წლის 8 ივნისს მომართა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ა-ძეს დადგენილ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ქ. ა-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 3 ივნისის ¹... საგადასახადო დავალებით გადახდილი 1 420.00 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ა-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. ქ. ა-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 3 ივნისის ¹1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 1420 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹...., სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹...., საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹....., დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.