(დამატებითი განჩინება)
¹ას-74-71-2010 1 აპრილი 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “ს-ა”
წარმომადგენლები _ ლ. ქ-შვილი, ლ. ქ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ჯ-ი”
დავის საგანი – ზარალის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის ¹2/ბ-2191-09 გადაწყვეტილება.
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით შპს “თ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “ს-ა”-ს შპს “თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2 449 631 ლარი და 14 თეთრი. შპს “ს-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს “თ-ს” შპს “ს-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 5 405 794 ლარი და შეწყდა მხარეთა შორის 2002 წლის 1 ივლისს დადებული დავალიანების გადავადების შესახებ ¹45 ხელშეკრულება.
2006 წლის 3 ივლისს შპს “ს-ამ” სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით შპს “თ-ი”-სათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შპს “ს-ის” შეგებებული სარჩელის სარულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება შპს “თ-ის” სარჩელის დაკმაყოფილებისა და შპს “ს-ის” შეგებებული სარჩელის 685 910.6 ლარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2009 წლის 23 მარტს დანიშნულ მთავარ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე შპს “თ-ის” წარმომადგენელი, რის გამოც შპს “ს-ის” წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. სხდომაზე წარმოდგენილი იქნა განცხადება საქმის გადადების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ შპს “თ-ში” მიმდინარეობდა სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის რეორგანიზაცია და მხარეებს შორის მოლაპარაკება მორიგებაზე დროულად ვერ მოხერხდა. აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერდა ნ. ბ-ძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “თ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს “ს-მის” სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “თ-ს” შპს “ს-ის” სასარგებლოდ 685 910,6 ლარის გადახდა დაეკისრა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს “თ-ის” წარმომადგენელმა ბ. კ-ძემ, რომელმაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით შპს “თ-ის” საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “ჯ-მა” (შპს “თ-ის” უფლებამონაცვლე), რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 ივლისის განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინებით შპს “ჯ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2009 წლის 20 ივლისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ზემოხსენებული გადაწყვეტილება 2010 წლის 22 იანვარს შპს “ს-ის” მიერ გასაჩივრებული იქნა საკასაციო წესით მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 2010 წლის 26 მარტის განჩინებით შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინებით სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების, კერძოდ კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის საკითხი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარზე გამოტანილი უნდა იქნეს დამატებითი განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის განჩინებით შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულია, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს “ს-ის” მიერ საკასაციო საჩივრის შეტანისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 8000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად შპს “ს-ას” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, რაც შეადგენს 5600 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ს-ას” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 5600 ლარი;
2. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.