ას-748-804-2011 1 ივნისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. ჯ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. კ-ევი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. კ-ევას წარმოამდგენელმა გ. ჯ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. კ-ვის წინააღმდეგ საზიარო უფლების გაუქმების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. კ-ევას მეურვე გ. ჯ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2010 წლის 1 სექტემბრის განჩინებით უცველად დარჩა აღნიშნული გადაწყვეტილება, რაც გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით ა. კ-ევის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-ევას მეურვე გ. ჯ-შვილმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს რა მიაჩნია, რომ გ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის განჩინებით ა. კ-ევის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2010 წლის 1 სექტემბრის განჩინება. საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2011 წლის 24 მარტს გ. ჯ-შვილმა წერილობით უარი განაცხადა აღნიშნული განჩინების გასაჩივრებაზე (მე-2 ტ. ს.ფ. 73).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული _ საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.
გ. ჯ-შვილმა უარი განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის განჩინების გასაჩივრებაზე, რაც დაადასტურა თავისი ხელმოწერით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე, 264-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.